The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.

Contact tel : 595 45 55 44



დავით სარაჯიშვილი

დავით სარაჯიშვილი
Date of birth:28 October, 1848
Date of death:20 June, 1911  (at 62 years)
Burial location:თბილისი, ქაშუეთის ტაძრის სამლოცველო
Category:Manufacturer

Biography

    დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი დაიბადა 1848 წლის 28 ოქტომბერს თბილისში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. ანბანის სწავლისა და სათანადოდ აღზრდის შემდეგ ფრანგი ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს. 1866 წელს თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ლექციებს ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში ისმენდა. 1871 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1878 წლამდე ის სოფლის მეურნეობის მეცნიერებებს თეორიულად და პრაქტიკულად ჰოჰენჰაიმში სწავლობდა. 1878 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც ფუნდამენტურად შეისწავლა მეღვინეობის ტექნოლოგიის ყველა სახე, განსაკუთრებით ღრმად – კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია.

    დავით სარაჯიშვილი სამშობლოში 1880 წელს დაბრუნდა და იმავე წელს ეკატერინე ივანეს ასულ ფორაქიშვილზე დაქორწინდა. იგი ოცდათექვსმეტი წლის იყო, როცა ხელი მიჰყო მრეწველობას. კავკავში არყის ქარხანა შეიძინა და მაღალხარისხიანი სპირტიანი სასმელების წარმოებას შეუდგა.  

    1814 წლის 1 სექტემბერს,  სპირტის ქარხანა გახსნა თბილისში. 1886–1892 წლებში მოხდა მისი მოდერნიზება, რამაც მაღალი ხარისხის სპირტების წარმოება 40–ჯერ გაზარდა.  1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო დიდი მოცულობის სასაწყობე მეურნეობა, სადაც სპირტის გარდა, ღვინო–მასალებს, ხილ–კენკროვან ნაყენებს, მორსებს, ესენციებს, რომსა და კონიაკს ინახავდნენ. ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული იყო სახელოსნოები და მაღაზიები. საკონიაკე სპირტებს, გამოხდის ადგილების მიხედვით, ცალკ–ცალკე ათავსებდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილებიდან მიღებული ღვინის სპირტი ერთმანეთში არ შერეულიყო. საკუთარი ვენახებიდან მიღებული ღვინის გარდა, სპირტის ნედლეულს სხვა მსხვილი მრეწველებისგანაც ყიდულობდა. ღვინოს იმ შემთხვევაში ყიდულობდა, თუ ის ჭაჭისა და ყურძნის ჩენჩოს გარეშე იყო დაყენებული. დავითმა შეისწავლა და ქიმიური ანალიზი ჩაუტარა ყურძნის ტრადიციულ ჯიშებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ორგანოლეპტიკით და ქიმიური შემადგენლობით ისინი ძალიან უახლოვდებიან ფოლ ბლანშის და კოლომბარის ფრანგულ ჯიშებს, რომლებისაგანაც საფრანგეთში საკონიაკე სპირტს ამზადებენ, 1888 წელს თბილისში გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა. მის ქარხანაში კონიაკისა და ლიქიორის დაკუპაჟებას ფრანგი სპეციალისტები – ჟურდი და ბურდონი ხემძღვანელობდნენ.

    დავით სარაჯიშვილმა რუსეთის იმპერიაში პირველმა დაამკვიდრა კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია.

    1884 წელს დაარსდა ფირმა „სარაჯიშვილი და ამხანაგობა“. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში.  1900 წლისათვის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1902 წლიდან ფირმამ კახური ღვინით ვაჭრობა დაიწყო. ასევე,  აშენებდა ხარებსა და ღორებს საკლავად.

   1889–1913 წლებში სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და სხვა სასმელებმა საერთაშორისო და რუსეთის დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო 9 ოქროს, 5 ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი. თბილისში, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე მოწყობილ „კავკასიის გამოფენაზე“ სარაჯიშვილის ფირმას სპეციალური ადგილი ჰქონდა გამოყოფილი..  მისი ნაწარმი აღიარებული იყო, აგრეთვე, პარიზში, ლონდონში,ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, კონსტანტინეპოლში.    

     1902 წელს, სპირტიანი სასმელების წარმოების განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისათვის, „კომერციული მრჩევლის" წოდება მიენიჭა. 1913 წელს კი მის ფირმას – „Поставщик двора Его Императорского Величества".

დავით სარაჯიშვილმა დასაბამი მისცა კონიაკის წარმოებას არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიასა და რუსეთშიც. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.

     დავით სარაჯიშვილი იყო  ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელგანთქმული მრეწველი და ქველმოქმედი. მან, ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით, დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დაუნიშნა წლიური შემწეობა ღარიბ სკოლებს, ხელს უმართავდა ბევრ განათლებულ ქართველს, რომელიც გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი. სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის",  სამუსიკო სასწავლებლის და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან. იგი ღრმად მორწმუნე კაცი იყო, მისი ინიციატივითა და დიდი წილი მისივე სახსრებით აშენდა თბილისში ქაშუეთის ტაძარი, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინდის, კალოუბნის და მრავალ სხვა ეკლესიას.

    1910 წელს დავითს უკურნებელი სენი შეეყარა. მას ვერ უშველა ბერლინში გაკეთებულმა ოპერაციამ და, 1911 წლის 20 ივნისს, დიდებული ქართველი გარდაიცვალა. 1997 წელს დავით სარაჯიშვილის და მისი მეუღლის ნეშტი გადასვენებულ იქნა ქაშუეთის ტაძრის სამლოცველოში (ეკვდერში).

   დავით სარაჯიშვილმა ანდერძით ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს დაუტოვა.

Awards and Honors

  • 9 ოქროს, 5 ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი