The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ხოსრო ხოსროშვილი

ხოსრო ხოსროშვილი
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1989  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ხოსრო ხოსროშვილი დაიბადა 1913 წლის 26 მაისს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში. 1932 წლიდან 1937 წლამდე სწავლობდა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში მეღვინის სპეციალობაზე. 1941 წელს, ასპირანტურაში სწავლის დასრულების შემდეგ, გადაიყვანეს თელავში, კვლევით ინსტიტუტში, სადაც ეწეოდა სამეცნიერო–კვლევით მუშაობას. იმ პერიოდში კადრების სიმცირის გამო, 1943 წელს, გადაიყვანეს ნაფარეულის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ.

   1949 წელს სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა კომიტეტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, სომხეთში მევენახეობა–მეღვინეობის განვითარებისათვის, სომხეთის რესპუბლიკის "არარატ–ტრესტი"–ს მთავარი მეღვინის თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მივლინების შესახებ. სომხეთში მივლინებულ იქნა ბატონი ხოსრო, სადაც იმუშავა 1949–1955 წწ. იმ პერიოდში სომხეთის მეღვინეობაში მოხდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ძვრები: შეიქმნა სუფრის მშრალი ღვინოების მრავალი მარკა; პირველად, სომხეთის მეღვინეობის ისტორიაში, შეიქმნა ნახევრად ტკბილი ღვინო "მეღრი"; საფუძველი ჩაეყარა ღვინის ქარხნის მშენებლობას, სადაც მზადდებოდა ხერესის ღვინოები; სერიოზული წინსვლები აღინიშნებოდა კონიაკის წარმოებაში.

   1955 წელს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ბატონი ხოსრო გადმოიყვანეს საქართველოში და დანიშნეს "სამტრესტი"–ს უფროსი მეღვინის თანამდებობაზე. შემდეგ წლებში მას ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა სისტემის სხვადასხვა ქარხანაში, კერძოდ: გურჯაანის ღვინის ქარხანაში, სიღნაღის ქარხანა–სამმართველოში, თელიანის ღვინის ქარხანაში. ბოლოს წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი იყო.

   1964 წელს უბრუნდება სამეცნიერო სამუშაოებს, იყო მებაღეობა–მევენახეობა–მეღვინეობის კვლევითი–სამეცნიერო ინსტიტუტის ექსპერიმენტული ღვინის ქარხანა–ლაბორატორიის გამგე. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ქართლის მეღვინეობა და მისი განვითარების პერსპექტივები". დისერტაციაზე მუშაობის დროს შექმნილმა ღვინოებმა, რომლებიც წარადგინეს საერთაშორისო დეგუსტაციაზე (თბილისში), დაიმსახურეს 11 ვერცხლის და ოქროს მედალი. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა მრავალი სამეცნიერო შრომა. ბატონი ხოსრო აღნიშნულ ინსტიტუტში მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.

   1989 წელს ხოსრო ხოსროშვილი გარდაიცვალა.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 286 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 11 ვერცხლის და ოქროს მედალი