The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გელა დანელია

გელა დანელია
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

        ბიოგრაფია

        გელა დანელია 1956 წლის 17 თებერვალს დაიბადა ბათუმში. დედა-მარიამ (სულიკო) ჯინჭარაძე ფილოლოგი იყო ქართული ენის და ლიტერატურის განხრით. მამა-შალვა დანელია ინჟინერ-მშენებელი გახლდათ.                                         

        ის 1962-72 წლებში ბათუმის №1 საშუალო სკოლაში, 1972-1977 წლებში თბილისში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. არის ინჟინერ-მექანიკოსი ,,კვების მრეწველობის მანქანების და აპარატების,, სპეციალობით. 1977-79 წლებში მუშაობდა ინჟინერ-ტექნოლოგად, შემდეგ ინჟინერ-კონსტრუქტორად ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხანაში, 1979-80 წ.წ. უფროს ინჟინერ-მექანიკოსად ბათუმის ღვინის ქარხანაში, 1980-87 წ.წ. ტექნიკური განყოფილების, შემდეგ წარმოების უფროსად ბათუმის მექანიკურ ქარხანაში. 1988-90 წ.წ. ბათუმის ხილეული წყლებისა და ლუდის ქარხანის დირექტორი, 1992-97 წ.წ. ბათუმის ხორცკომბინატის მთავარი ინჟინერი იყო.                                                                   

       1997 წლიდან განაახლა საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი ფირმის ,,დანელია და კომპანია,,-ს ფუნქციონირება, რომელიც 1907 წელს მისმა ბაბუამ-ვლადიმერ ნიკოლოზიძე დანელიამ დაარსა. დღეს საქართველოში ღვინის მწარმოებელი ძველი კომპანიებიდან, რომლის ფუნქციონირებასაც კომპანიის დამფუძნებლის უშუალო შთამომავალი განაგრძობს ,,დანელია და კომპანია,, ერთადერთი დარჩა.  

      კომპანიის ექსკლუზიური პროდუქცია-,,დანელიას ღვინო,, ძველი ბრენდული სასმელია და მზადდება განსხვავებული ტექნოლოგიით. ღვინომასალა მუშავდება თაფლით და ფუტკრის ფიჭით, რაც ზრდის სასმელის სასარგებლო თვისებების სპექტრს. ამ ღვინის დამზადების ტრადიციულ საგვარეულო ტექნოლოგიას მინიჭებული აქვს ,,საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის,, სტატუსი. ანალოგიური სტატუსი საქართველოში მხოლოდ ,,ქვევრის ღვინოს,, , ხოლო საგვარეულო ტექნოლოგიებში, მხოლოდ ,,ლაღიძის წყალს,, აქვს.       

     საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოხერხდა გასაბჭოებამდე კომპანიის საფირმო მაღაზიების ქსელში არსებული ერთ-ერთი ღვინის სახლის ფუნქციონირების განახლება, რომელიც ძველ ბათუმში, ძველ ერთსართულიან შენობაში, ამჟამინდელი ზვიად გამსახურდიას ქუჩის 43-ში მდებარეობს. ,,დანელიას ღვინის ძველი სახლი,, დღეს 100  წელზე მეტი ასაკისაა და ის ყველაზე ძველი ღვინის საფირმო მაღაზიაა საქართველოში.

       გელას ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი. უფროსი შვილიშვილი კი, ბაბუას სეხნიაა და ისიც გელა შალვას-ძე დანელიაა.

                                                                                                                                                            2020 წელი.