The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



გიორგი ზარდიაშვილი

დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:1998  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

გიორგი ზარდიაშვილი (1919 – 1998) - საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გიორგი ზარდიაშვილი დაიბადა 1919 წელს სოფელ გურჯაანში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო  ინსტიტუტის მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტზე (1937 – 1942). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაანაწილეს გურჯაანის რაიონის სოფელ ყანდაურაში აგრონომად. 1943 – 1949 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს ხაზით გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მეღვინე-ტექნოლოგად. 1949 – 1953 წლებში იმყოფებოდა ხანგრძლივ მივლინებაში ვენაში (ავსტრია) სავაჭრო წარმომადგენლობაში, სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროს ხაზით. 1954 – 1955 წლებში იყო გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ღვინის ქარხნის დირექტორი. 1955 – 1973 წლებში იყო სამტრესტის გურჯაანის ღვინის ქარხნის დირექტორი. 1958 წელს 8 თვით იყო მივლინებული ბრიუსელში (ბელგია), ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენის საბჭოთა პავილიონში. დაბრუნებისთანავე გააგრძელა მუშაობა გურჯაანის ღვინის ქარხნის დირექტორად და  18 წლის განმავლობაში იყო მისი უცვლელი ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი აქვს კახური სამარკო ღვინის ხარისხის ამაღლების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უნიკალური დანადგარი,რომელიც  აძლევდა მეღვინეს დუღილის პროცესის მართვის და გაკონტროლების საშუალებას.   დანერგა მრავალი ახალი ტექნოლოგიური პროცესები რამაც ბიძგი მისცა მაღალი ხარისხის კახური ღვინის წარმოებას გურჯაანში და კახეთის რეგიონში. საერთაშორისო კონკურსებზე ღვინო „გურჯაანს“   და მრავალ სხვა კახურ ღვინოებს მინიჭებული აქვს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.

გიორგი ზარდიაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის მეათე მსოფლიო კონგრესის ჩატარებაში (1962 წლის სექტემბერი). განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეგობრობა და თანამშრომლობა ბატონ პიერ ლერუასთან რომელიც ითვლება  ბატონ ჯოზეფ კამიუსთან ერთად ფრანგული ღვინის კანონმდებლობის დამფუძნებლად.

 მომდევნო წლებში გიორგი ზარდიაშვილი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, გურჯაანის სამტრესტის გაერთიანების მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე, კაჭრეთის ღვინის ქარხნის დირექტორად და მუკუზნის N2 ღვინის ქარხნის დირექტორად.

1968 წ. გიორგი ზარდიაშვილს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. წლების განმავლობაში იგი იყო საქართველოს და საკავშირო მეღვინეობის სადეგუსტაციო კომისიის წევრი, მონაწილეობდა  მრავალ საერთაშორისო დეგუსტაციის მუშაობაში. მას ეკუთვნის  რამოდენიმე გამოგონება და ტექნიკური ინოვაცია მეღვინეობაში.

 

ჯილდოები:

საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება - 1968 წ; მედალი ‘შრომითი მამაცობისთვის’ დიდ სამამულო ომში 1946 წ.; საპატიო ნიშნის ორდენი1966 წ.; საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ბრინჯაოს მედალი; სსრკ გამომგონებლის საპატიო მედალი; სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საიუბილეო მედალი ‘შრომითი მამაცობისთვის’ 1970 წ.; საპატიო სიგელი 1982 წ.; შრომის ვეტერანი 1987 წ.