The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ბონდო კალანდაძე

ბონდო კალანდაძე
დაბადების თარიღი:1942  (82 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ცნობილი ქართველი მეღვინე, ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტი ბონდო კალანდაძე დაიბადა თბილისში, 1942 წელს. ქალაქ თბილისის ვაჟთა მე–7 სკოლის დამთავრების შემდეგ, 1959 წელს, ჩააბარა სსი ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 1965 წლიდან იგი მუშაობას იწყებს თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე მდებარე ლიქიორ–არყის ქარხანაში, რომელიც გასაბჭოებამდე დავით სარაჯიშვილს ეკუთვნდოდა. 50 წლის განმავლობაში ბონდო კალანდაძემ გაიარა რთული გზა რიგითი მეღვინიდან მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრობამდე. მის მიერ შექმნილია ქართული ალკოჰოლური სასმელების 60–ზე მეტი რეცეპტი, რომელთა მიხედვით დამზადებული პროდუქტი უცხოეთის მრავალ ქვეყანაში მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. ერთ–ერთი მათგანი, არაყი "ტარხუნა", 1990–1995 წლებში წარმატებით იყიდებოდა ამერიკის, შვედეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე.

   ბონდო კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 45 ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში, ბაზრობებზე, კონკურსებსა და დეგუსტაციებზე. მისი ავტორობით გამოცემულია 9 მონოგრაფია, რომელთაგან უმრავლესობა ენციკლოპედიური ხასიათის გამოცემაა და მოწონებით სარგებლობს არა მარტო სპეციალისტთა შორის, არამედ მკითხველთა ფართო წრეებში.

   ბონდო კალანდაძე შეყვანილია ყოფილი სსრკ–ს ქვეყნების საპატიო მეღვინეების სიაში, რომელიც უკრაინაში წიგნად დაიბეჭდა. 2012 წელს მას მიენიჭა მეღვინეობის დარგში დამსახურებისათვის ლევ გოლიცინის ოქროს მედალი. იგი არჩეულია ამერიკის ლუიზიანას შტატის ქალაქ ნიუ–ორლეანის საპატიო მოქალაქედ.

   ბატონი ბონდო აქტიურად თანამშრომლობს მედიასივრცესთან; არის ქართველ ვეტერან მეღვინეთა საზოგადოების პრეზიდენტი, კომპანია "ქართული ტრადიციული მეღვინეობის" უხუცესთა საბჭოს წევრი, ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი, სომელიეთა და ბარმენთა ასოციაციის წევრი. ბატონი ბონდო კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უწყებაში, არის კონსულტანტ–ექსპერტი და აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას ს.ს. "სარაჯიშვილში". იგი ძირძველი "სამტრესტელია".

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპანია "ქართული ტრადიციული მეღვინეობის" უხუცესთა საბჭო, წევრი
  • სომელიეთა და ბარმენთა ასოციაცია, წევრი
  • ქართველ ვეტერან მეღვინეთა საზოგადოება, პრეზიდენტი
  • ცენტრალური სადეგუსტაციო კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლევ გოლიცინის ოქროს მედალი