The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ივანე მუხრანბატონი

ივანე მუხრანბატონი
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1812
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 1895  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს. იგი იყო ერეკლე II შვილთაშვილი, ყველაზე მსხვილი მემამულე თბილისის გუბერნიაში. ოჯახის ტრადიციის მიხედვით, ახალგაზრდა ივანემ ცხოვრების გზა რუსულ არმიაში, სამხედრო კარიერით დაიწყო. 1851 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 

  ივანე მუხრანბატონი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ–ერთი დამფუძნებელი, 1882–1885 წლებში საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, პირველი ქართული საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" წევრი. 1885 წლიდან, თბილისის გუბერნიის თავად–აზნაურობის წინამძღოლად 3–წლიანი ვადით რამოდენიმეჯერ იქნა არჩეული მანამ, სანამ თვითონ განაცხადა არჩევაზე კატეგორიული უარი.

   მუხრანბატონის მთავარი მიზანი, იმთავითვე, იყო მევენახეობისა და ღვინის წარმოების განვითარება. ნიჭიერმა მემამულემ გაითვალისწინა, რომ იმდროინდელი რუსეთის "გაევროპელებულ" არისტოკრატიას ქართული ტრადიციით დაყენებული ღვინოები მწკლარტე და უხეში ეჩვენებოდათ. ამიტომ, 1875 წელს, გაემგზავრა საფრანგეთში მეღვინეობაში ევროპული მიღწევების გასაცნობად. საქართველოში დაბრუნებისას, დაუკავშირდა ფრანგ აგრონომ ოდენს, რომელიც საქართველოში საგანგებო დავალებით იყო ჩამოსული და ქუთაისის სამეურნეო სკოლას ხელმძღვანელობდა, დააინტერესა იგი საუკეთესო მიწის ფართობებით და დროებით სარგებლობაში გადასცა 400 დესეტინა მიწა. გარდა ამისა, მეღვინეობაში სახელგანთქმულ ზაქარია ჯორჯაძისა და სხვა სპეციალისტთა დახმარებით, მუხრანში 1,2 მლნ. ლიტრი ტევადობის ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, სადაც ქართული ღვინო ევროპული წესით უნდა დამზადებულიყო.

   მუხრანბატონმა დანერგა გასხვლისას სეკატორის გამოყენება, რკინის ბუნიკით ვაზების დარგვა, ყურძნის დახარისხება, ღვინის დაძველება და სხვა. მის მამულში, ძირითადად, 7 ჯიშის ყურძენი იყო გაშენებული: ჩინური, მწვანე, გორული, საფერავი, რქაწითელი, ბუადუშური და თავკვერი. თავად, ყველაზე მეტად, ჩინურის დიდსა და დაჭორფლილმარცვლიან ყურძენს ანიჭებდა უპირატესობას.

   "მუხრანბატონი და კომპანიის" სავაჭრო სახლის ღვინოები ცალობით და ბითუმადაც იყიდებოდა თბილიში – გოლოვინის პროსპექტზე, მოსკოვში – ტვერსკისა და მიასნუიცკის ქუჩებზე და პეტერბურგში – ბოლშაია მორსკაიაზე. იგზავნებოდა, ასევე პარიზსა და ვენაშიც, რასაც წინ უძღოდა იქაურ გამოფენებში მონაწილეობა. კომპანიის მიერ დამზადებულმა ღვინოებმა 1874 და 1876 წლების გამოფენებში დიდი მოწონება დაიმსახურა, 1882 წლის მოსკოვის გამოფენაზე მუხრანის შუშხუნა ღვინომ სახელმწიფო გერბი, ხოლო 1889 წლის პარიზის ღვინოების გამოფენაზე მთავარი პრიზი – ოქროს მედალი მიიღო. 1895 წლის 10 მარტს, მებაღეობა–მეღვინეობის საიმპერატორო ლაბორატორიაში ჩატარებული ღვინოების დეგუსტაციის დროს, რაშიც თვითონაც მონაწილეობდა, რეინის ღვინოს აჯობა მუხრანბატონის 1889 წლის ღვინომ – "მუხრანი N4"–მა, უმაღლესი შეფასება მიიღო 1884 წლის ღვინომაც – "მუხრანი N5".

   ივანე მუხრანბატონი გარდაიცვალა 1895 წლის 11 მარტს, 83 წლის ასაკში.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 47 გვ.

    

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის გუბერნიის თავად–აზნაურობის წინამძღოლი
  • პირველი ქართული საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკა", წევრი
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი, 1882–1885 წლებში საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას პირველი კლასის ორდენი
  • წმინდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენი
  • თეთრი არწივის ორდენი
  • წმინდა გიორგის მე–4 ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანილავის პირველი ხარისხის ორდენი
  • ოქროს ხმალი
    მამაცობისათვის
  • წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენი
  • ოქროს მედალი