The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



სოლომონ ჭეიშვილი

სოლომონ ჭეიშვილი
Date of birth:1851
Date of death:1925  (at 74 years)
Category:Manufacturer

Biography

   სოლომონ ჭეიშვილი დაიბადა 1851 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ასკანაში. შეძლებული ოჯახიშვილი, რომელიც თხილის ვაჭრობას მისდევდა, დაინტერესდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებით და ამ დარგის შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა. ქ. ბორდოსა და შამპანის პროვინციაში ორი წელი დაჰყო. სწავლის პერიოდში დაეუფლა მეღვინეობა–მევენახეობას, გაიარა პრაქტიკული მეცადინეობის კურსი და სამშობლოში დაბრუნებამდე იქვე შეიძინა მუხის კასრების ტკეჩები, ყურძნის წნეხი, შეუკვეთა ბოთლი და ეტიკეტი და ეს ყველაფერი გემით, მარსელიდან ბათუმის გავლით, ასკანაში ჩამოიტანა. თავის სახლში მოაწყო მარანი, გააშენა ვაზი და ხელი მიჰყო ღვინის დამზადებას. ერთმანეთს შეუხამა ღვინის დაყენების ქართული და ევროპული წესი და თავისი წარმოებული სასმელის გაყიდვა "ძმები ჭეიშვილების" სახელით დაიწყო როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: ტრაპიზონში, ვლადიკავკაზში, ოდესასა და საფრანგეთში, სადაც მას ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავდა. რუსეთსა და საფრანგეთში ჭეიშვილის ჩამოსხმული ღვინოები სხვადასხვა დროს ჯილდოებით აღინიშნა, მათ შორის აღსანიშნავია პეტერბურგის გამოფენაზე მიღებული დიდი ვერცხლის მედალი.

   ს. ჭეიშვილისათვის ღვინის წარმოება საკმაოდ სარფიანი გამოდგა. იგი საკუთარ სავაჭრო სახლებს ფლობდა თბილისში, ოდესაში, მოსკოვში, ვლადიკავკაზში, სადაც საკუთარი რესტორანი გახსნა და იქვე საცხოვრებელი სახლიც იყიდა.

   გარდა ვაჭრობისა, ასკანაში შემნახველ–გამსესხებელი "ამხანაგობა" შექმნა, სოფელში თეატრალური დასი შეკრიბა, სადაც  ბევრი წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი თავად ბატონი სოლომონი იყო, მოაწესრიგა გზები. წლების განმავლობაში იყო თემის მამასახლისი, დააფუძნა გურიის სავაჭრო ფირმა "შამკალი" და ბახმაროს კეთილმოწყობის საზოგადოება "ჯანმრთელობა". მისივე თანხებით ხალაგაზრდა ნათესავებმა და თანასოფლელებმა საზღვარგარეთ მიიღეს განათლება. სოფელში გახსნა ბიბლიოთეკაც. 1898 წლისათვის გამოწერილი იყო რუსული და ქართული გამოცემანი 142 მანეთად. 1901 წლის 1 აგვისტოს აღწერის მიხედვით ბიბლიოთეკა 903 დასახელების წიგნს ითვლიდა, მათ შორის იყო როგორც მხატვრული, ასევე პედაგოგიური და ისტორიული ლიტერატურა.

   1903 წელს ასკანის საზოგადოებამ თხოვნით მიმართა მაზრის უფროსს, ლაზარენკოს, ბაჟისაგან გაეთავისუფლებინათ. ლაზარენკომ სოლომონ ჭეიშვილის უშუალო თხოვნის შემდეგ გაათავისულა ბაჟისაგან გურიაში მხოლოდ ასკანის მაზრის სოფლები.

   1921 წელს იგი ასკანაში აირჩიეს "სოფლის კულტურულ–საგანმანათლებლო საზოგადოების" თავმჯდომარედ.

   სოლომონ ჟეიშვილი გარდაიცვალა 1925 წელს. მის საპატივცემულოდ ასკანა–ბახვის არეალში მაღლარი ჯიშის ერთ–ერთ ვაზს "ჭეიშვილის ვაზი" უწოდეს და დღესაც ამ სახელით მოიხსენიებენ.

   წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 203 გვ.