The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მერაბ ხიდეშელი

მერაბ ხიდეშელი
დაბადების თარიღი:1944  (80 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    მერაბ ხიდეშელი დაიბადა თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში 1944 წელს. 1960 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა 37–ე საშუალო სკოლა. 1961 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1967 წელს დაამთავრა ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაციით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო სამეურნეო საქმიანობა – მუშაობდა ჯერ დამწყებ მეღვინე–ბრიგადირად, ხოლო 1972 წელს დაინიშნა ნაფარეულის ღვინის ქარხნის ინჟინერ–ტექნოლოგად. ახალგაზრდა სპეციალისტმა საოცარი სწრაფვა გამოავლინა მეღვინეობის დარგის ღრმად შესწავლაში, აიმაღლა ცოდნა და 30 წლის ასაკში ნაფარეულის ღვინის ქარხნის დირექტორად დაინიშნა. ათეული წლის განმავლობაში ნაფარეულის ღვინის ქარხანა და მისი სახელოვანი კოლექტივი "სამტრესტის" პირველადი ღვინის ქარხნების ავანგარდში ითვლებოდა. აქ დამზადებული ღვინომასალები და საკონიაკე სპირტები დიდი მოწონებით სარგებლობდა, ხოლო ქართული წითელი მშრალი სუფრის ღვინო "ნაფარეული" ქართული ღვინოების ელიტაში ითვლებოდა.

    1989 წელს მერაბ ხიდეშელი დაინიშნა აგროსამრეწველო კომერციული ფირმა "ნაფარეული"–ს გენერალურ დირექტორად. ქარხანაში საპასუხისმგებლო თანამდებობაბე მუშაობის პარალელურად, ბატონმა მერაბმა, 1976 წელს ჩააბარა მოსკოვის საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტის ასპირანტურაში. მისი ხელმძღვანელი იყო ცნობილი პიროვნება კონიაკის მრეწველობაში, პროფესორი ვლადიმერ მასლოვი, ვისი ხელძღვანელობითაც მან ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია კონიაკის განხრით და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. საკანდიდატო თემის პრაქტიკული ნაწილი ბატონმა მერაბმა საკუთარ ქარხანაში განახორციელა, რისთვისაც ქარხანაში დაამონტაჟა საკონიაკე სახდელი აპარატი და აქვე ჩაატარა ექსპერიმენტები, რომელიც შემდეგ პრაქტიკულად განახორციელა. ბატონი მერაბი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია.

    1992 წელს მ. ხიდეშელი დაინიშნა თელავის რაიონის გამგებლად. 2002 წლიდან იგი კვლავ შპს "ნაფარეული–1980"–ის დირექტორია. მის გვერდით მუშაობს მისი ვაჟი მიხეილი, რომელიც, ასევე, მეღვინეა და აგრძელებს ხიდეშელების საგვარეული დინასტიას.

    წყარო: ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე ბონდო კალანდაძე