The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ივანე კვეზერელი–კოპაძე

ივანე კვეზერელი–კოპაძე
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ივანე კვეზერელი–კოპაძე წარმატებული მეწარმე იყო. მის მიერ დამზადებულმა არყებმა, ლიქიორებმა და კონიაკებმა საქართველოში, რუსეთის იმპერიასა და ევროპაში არაერთი მაღალი ჯილდო დაიმსახურა.

   ივანე 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მუშაობა დაეწყო. სამსახურის შოვნა მოახერხა და 14 წელი იმუშავა ფრანგი რუსელის ფრანგული გალანტერეის მაღაზიაში. ერთხელ მაღაზიაში დავით სარაჯიშვილი შესულა, მოსწონებია ივანეს მონდომებული საქმიანობა და თავის დაჭერა და სამსახური თავის ახლად დაარსებულ არყისა და კონიაკის წარმოებაში შეუთავაზებია.

   დავით სარაჯიშვილმა ივანეს თავისი პროდუქციის ბითუმად გაყიდვის სავაჭრო განყოფილება ჩააბარა ჯერ რიყეზე, შემდეგ კი – მეტეხის ციხესთან. ივანე კვეზერელი–კოპაძე 30 წელზე მეტხანს განაგებდა დ. სარაჯიშვილის არყის წარმოებას თბილისის ერთ–ერთ ქარხანაში. იგი ამ წლების განმავლობაში საფუძვლიანად დაეუფლა ლიქიორ–არყის ტექნოლოგიას. დავითის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ საწარმოს აფუძნებს. წარმოებისათვის საჭირო მანქანა–დანადგარები ვარშავის ცნობილი ქარხნებიდან გამოიწერა: ბორმანის, შვედეს და ტემლერის ფირმის სპილენძის სახდელი აპარატები, შოლდტის და ფოგელის ფირმის ბოთლის გერმანული სარეცხი, საცობის დმხუფავი, ჩამომსხმელი დანადგარები, ფილტრები და სხვა საჭირო ინვენტარი და თანამედროვე ქარხანა მოაწყო. ნაწარმი საქართველოს გარდა, საზღვარგარეთაც გაჰქონდა და პარიზისა და ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენებზე მედლები და სიგელები დაიმსახურა. ივანე მეორე გილდიის ვაჭარი და ვაჭარ–მრეწველთა გამგეობის წევრი იყო.  

    იგი ქველმოქმედიც იყო. მან დიდი თანხა გაიღო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობისთვის. მისი ინიციატივით ავლაბარში გაიხსნა თბილისის მე–4 გიმნაზია, მატერიალურად ეხმარებოდა ავლაბრის მუშათა თეატრს. იყო ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს წევრი, ხშირად ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომებს. 

   ივანე კვეზერელი–კოპაძის როლი ქართული ლიქიორ–არყის განვითარების საქმეში ფასდაუდებელია.

    წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 187 გვ.