The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



სალომე დადიანი

სალომე დადიანი
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:1913  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი სალომე დადიანი 1848 წელს დაიბადა ზუგდიდში. 1857 წელს, როცა სალომე ჯერ კიდევ ბავშვი გახლდათ, სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიამ აიღო ხელში, რასაც ათიოდე წლის შემდეგ სამთავროს ოფიციალური გაუქმება მოჰყვა. ამის შემდეგ სალომეს დედა, ეკატერინე, რომელმაც სალომეს ძმის, ნიკოს, მეურვის სტატუსით ეს პროვინცია ოთხი წლის მანძილზე მართა, ოჯახთან ერთად სამეგრელოდან გაემგზავრა და ჯერ სანკტ-პეტერბურგში დასახლდა, შემდეგ კი საცხოვრებლად საფრანგეთსა და გერმანიაში გადავიდა.

   პარიზში ეკატერინეს შვილები –სალომე, ნიკო და უმცროსი ძმა ანდრია, ფრანგი არისტოკრატების წრეში ტრიალებდნენ, სადაც ემიგრანტი დადიანები დიდი აღტაცებით მიიღეს. ეკატერინემ იცოდა, თუ როგორ მოეხდინა შთაბეჭდილება. 

   1868 წელს 21 წლის ასაკში სალომე საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრს, შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატს მისთხოვდა. მათი ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს.

   1889 წლიდან აშილი და სალომე სამეგრელოში წამოვიდნენ და ზუგდიდში, დადიანების საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ლამაზ ხის სასახლეში დასახლდნენ. აშილი სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერთო, მათ შორის ღვინის წარმოებაშიც. მან სამეგრელოში ვაზის რამდენიმე ფრანგული ჯიში შემოიტანა და, ამავდროულად, სამეგრელოს ადგილობრივი სახელგანთქმული ჯიშის, ოჯალეშის, სისტემატური კულტივირებაც დაიწყო, რომელიც იმ დროს კომერციული მიზნით აღარ იწარმოებოდა და გადაშენების გზაზე იდგა. აშილი შესანიშნავ ღვინოებს ამზადებდა და ევროპაშიც წარმატებით გაჰქონდა.

    თავის მამულებში სამუშაოებს დაქირავებული მუშახელით ასრულებდნენ, თუმცა შრომას არც მიურატების ოჯახი თაკილობდა. ჭკადუაშის მკვიდრნი იგონებდნენ – როგორ დასტრიალებდა თავს ზვრებს პრინცესა სალომე წელზე ვენახის ასაკრავი ბაწრებით.

    1895 წლის 15 თებერვალს, ლოგინად ჩავარდნილმა აშილ მიურატმა სანადირო თოფით მოიკლა თავი. იგი დაასაფლავეს სოფ. ჭკადუაშში.

   ქმრის სიკვდილის შემდეგ, სალომე სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადასახლდა, სადაც არც ისე მდიდრულად ცხოვრობდა და 1913 წელს გარდაიცვალა.

   წყარო: http://www.nplg.gov.ge/dadiani/salome.html