The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



აშილ მიურატი

აშილ მიურატი
ოფიციალური სახელი:აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1847
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1895  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ჭკადუაშის კათოლიკური ეკლესიის ბაღი
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ნეაპოლის მეფის – იოახიმ მიურატის შვილიშვილი აშილ მიურატი დაიბადა 1847 წლის 2 იანვარს, ბორდენთაუნში, ნიუ ჯერსში.  

   პარიზში ყოფნისას აშილი დაუახლოვდა დადიანების ოჯახს და, 1968 წელს, ცოლად შეირთო დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი სალომე.

   სამეგრელოში მათი ადგილსამყოფელი, ზუგდიდის გარდა, სალხინო და ჭკადუაში იყო, სადაც ვრცელ ფერდობებზე ვენახები ჰქონიათ გაშენებული. ისინი აშენებდნენ როგორც უცხოურ, მეტწილად ფრანგულ, ისე ადგილობრივ ვაზის ჯიშებს; უცხოური ჯიშებიდან – კაბერნეს და ფორტუგეს, ადგილობრივიდან კი – უფრო ოჯალეშს. ოჯალეში მანამდეც მოჰყავდათ სალხინოში, მაგრამ არა ვრცელ ფერდობებზე, არამედ საკარმიდამო ნაკვეთებზე, უმთავრესად ხეებზე შეშვებით.

   სოფელ სალხინოში ვენახების ასაშენებლად მიურატებმა დიდი შრომა გასწიეს. იქ, სადაც მათ ზვრები უნდა გაეშენებინათ, უწინ ტყითა და ეკალ–ბარდებით ყოფილა დაფარული. ჭკადუაშში გაშენებული ზვრები გიორგი ჩიჩუას მოუნახულებია, ძალიან მოსწონებია და თავისი შთაბეჭდილებები 1894 წლის 25 იანვრის გაზეთ "ივერიაში" გამოუქვეყნებია. 

   ღვინის შესანახად ჭკადუაშში მიწისქვეშა სარდაფი ჰქინდათ, ხოლო სალხინოში მოქმედებდა ორი მარანი. ჭკადუაშში მუშაობდა საბონდერო საამქრო, სადაც ამზადებდნენ როგორც ჩანებს, ასევე კასრებს. ღვინის დამუშავებისათვის ჰქონდათ წნეხები, დგუშები, კლერტსაცმელები. თევზის წებოს – თეთრი ღვინისათვის, ხოლო კვერცხის ცილას წითელი ღვინისათვის იყენებდნენ მათი გაწებოვანებისათვის და დასამუშავებლად. ორივე სოფლის მამულში დაწურულ ყურძნის ჭაჭას იყენებდნენ არყის გამოსახდელად. სოფელ ჭკადუაშში მოწყობილი ჰქონდათ სპირტსახდელი 8,6 ვედროს ტევადობის სახდელი ქვაბი. მთავარი ღვინის გამოხდის შემდეგ საკონიაკე სპირტებს აძველებდნენ. 1893 წელს 420 ვედრო ღვინო გამოიხადა და მთლიანად ჭკადუაშშის მარნის კასრებში განაწილდა დასაძვლებლად. კონიაკის კასრებს ამზადებდნენ მუხის ტკეჩისაგან, რომელიც საფრანგეთიდან შემოჰქონდათ. მათში სპირტი მინიმუმ 5–6 წელი უნდა ყოფილიყო მოთავსებული. 

   მიურატები ღვინოს ამზადებდნენ როგორც ადგილზე სარეალიზაციოდ, ასევე რუსეთსა და ევროპაში გასაგზავნად. მათ ღვინოებს სხვადასხვა ღირსების მედლები და სიგელები ჰქონდა მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე.

   თავის მამულებში სამუშაოებს დაქირავებული მუშახელით ასრულებდნენ. ამით წარმოებაში სრულიად ახალი ურთიერთობები ყალიბდებოდა, თუმცა შრომას არც მიურატების ოჯახი თაკილობდა. ჭკადუაშის მკვიდრნი იგონებდნენ – როგორ დასტრიალებდა თავს ზვრებს პრინცესა სალომე წელზე ვენახის ასაკრავი ბაწრებით.

    1895 წლის 15 თებერვალს, ლოგინად ჩავარდნილმა აშილ მიურატმა სანადირო თოფით მოიკლა თავი. მრავალი მისი თანამემამულე ჩამოვიდა საფრანგეთიდან, რათა აშილს გამოსთხოვებოდა. დაკრძალვის ცერემონიალს უამრავი მეგრელიც დაესწრო. იგი სოფელ ჭკადუაშის კათოლიკური ეკლესიის ბაღში დაკრძალეს. მრავალი წლის მანძილზე ხალხი პატივს მიაგებდა მის ხსოვნას, ასუფთავებდა მისი საფლავის ქვას და მის გარშემო ჰორტენზიებს რგავდა. მაგრამ საბჭოთა პერიოდში მისი საფლავი უპატრონოდ იყო მიგდებული. ქალაქის ხელისუფლებამ მხოლოდ 1975 წელს აღმართა მემორიალური დაფა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 123 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სხვადასხვა ღირსების მედლები და სიგელები