The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ემანუელ ალმენგინდერი

ემანუელ ალმენგინდერი
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

გერმანულ კოლონისტთა თემი XIX-XX საუკუნეების ქართული საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული, მონოლითური და საინტერესო ნაწილი იყო. რუსი მოხელეები ავრცელებდნენ მოსაზრებას, რომ კავკასიელები და მათ შორის ქართველებიც, სიზარმაცისა და უნიათობის გამო, სოფლის მეურნეობისა და მისი დარგების გარდაქმნის საქმეში ყოვლად გამოუსადეგარნი იყვნენ, ამიტომ გერმანელების ჩამოსახლება გამართლებული იქნებოდა იმით, რომ ისინი ასწავლიდნენ მოსახლეობას ხელობას და საქმიანობას. თუმცა, სისტემური და კომპლექსური განაშენიანების მიუხედავად, გერმანელმა კოლონისტებმა მაინც ვერ გაამართლეს რუსეთის იმპერიის იმედები, ისინი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავიანთ ცოდნას ქართველ გლეხებს არ უზიარებდნენ. 

   XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოში, რამოდენიმე წარმატებული უცხოელი მეწარმე მოღვაწეობდა. მათგან გამორჩეული იყო გერმანელი კოლონისტი ემანუელ ალმენგინდერი.

   1908 წელს, თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის გერმანულ კოლონია ელენენდორფში ორი კონიაკის ქარხანა გაიხსნა – ემანუელ ალმენგინდერისა და გერმანელ კოლონისტთა საზოგადოების "უნიონი". ორივე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერც რაოდენობით, ვერც ხარისხითა და ვერც სავაჭრო ოპერაციების მასშტაბებით ვერ შეედრებოდა იმ დროისათვის მოქმედი ისეთი მსხვილი ფირმების ნაწარმს, როგორიცაა თუნდაც "სარაჯიშვილი", მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი წარმოება ყურადღებას უდაოდ იმსახურებს.

   ალმენგინდერის კონიაკის ქარხანას საკუთარი ვენახებიც გააჩნდა, სადაც ადგილობრივი ქართული ვაზი ხარობდა. კონიაკის ქარხნის გახსნა 1900–იან წლებში ყურძნის უხვი მოსავლითა და ღვინოზე ფასების ვარდნით იყო განპირობებული. ამ ფაქტმა საშუალება მისცა ალმენდინგერს ეკატერინენფელდშიც აემუშავებინა ღვინის და კონიაკის წარმოება. სპირტის გამოსახდელად კარგი ხარისხის ღვინო–მასალები გამოიყენებოდა, მიღებული სპირტით კი, კონიაკის წარმოების გარდა, შემაგრილებელ ღვინოებსაც ამზადებდნენ. გერმანელები შემაგრილებელ ღვინოს "მადერას" უწოდებდნენ, თავისებური ტექნოლოგიით ამზადებდნენ და თბილისის სავაჭრო ობიექტებში უკეთებდნენ რეალიზაციას.

   1909–1910 წლებში საქართველოში ყურძნის მოსავალმა იკლო, საგრძნობლად გაიზარდა ღვინის ფასი, რამაც გამოიწვია კონიაკის წარმოების შემცირება. 1914 წელს კი, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით, აიკრძალა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობა – სპირტი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა. 1914–1917 წლებში ალმენგინდერის კონიაკის ქარხანას არსებობა გაუჭირდა, 1917 წელს კი საერთოდ გაჩერდა.

   1941 წელს, სტალინის ბრძანებით, გერმანელი კოლონისტები შორეულ ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 353 გვ.