The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ისიდორე მოლაშხია

ისიდორე მოლაშხია
Date of birth:14 May, 1891
Date of death:23 December, 1942  (at 51 years)
Category:Manufacturer

Biography

    სახელგანთქმული მევენახე, მეღვინე და აგრონომი ისიდორე მოლაშხია 1891 წლის 14 მაისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში დაიბადა. მისი ბაბუა, გოგი მოლაშხია და მამა, მალხაზ მოლაშხია ცნობილი მევენახეები იყვნენ, რომელთა სახელსაც უკავშირდება დამყნობილი ცოლიკაურის სამეგრელოში გავრცელება. ბაბუისა და მამის მსგავსად, ისიდორე მოლაშხიამ მევენახეობა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო და მიზნად დაისახა აბორიგენული მეგრული ვაზის ჯიშების აღორძინება.

    ისიდორე მოლაშხიას აღიარება გასული საუკუნის ოციანი წლებიდან იწყება, როდესაც 1926-29 წლებში საქართველოს კპ (ბ) ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის მიერ მოწყობილ სასოფლო სამეურნეო ნაწარმის გამოფენებზე საუკეთესო მეურნედ დასახელდა და პირველი ხარისხის ჯილდო მიენიჭა მევენახეობა-მეღვინეობაში. 1927 წლიდან იგი წალენჯიხის მიწგანის სანერგის გამგედ მუშაობდა. მოლაშხიამ ფილოქსერის გამძლე ვაზის არაერთი საძირე გამოავლინა, რომელთაც წითელმიწა ნიადაგებზე ვენახის გასაშენებლად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნულ საძირეებზე დამყნობილი კულტურული ჯიშები ძლიერი ზრდით, დიდი მსხმოიარობითა და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდებოდა.  მათში საუკეთესო, ბურისკუ X რუპესტრი N 603, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სტანდარტად იქნა დადგენილი წითელმიწა ნიადაგებისთვის, რომელზე აღმოცენებული ვაზიც ათეული წლების განმავლობაში იძლეოდა უმაღლესი ხარისხის მოსავალს.

    1932 წლამდე ისიდორე მოლაშხიამ საკუთარ საკარმიდამო და სოფელ ნაკიფუს საკოლმეურნეო ნაკვეთზე გადაშენების პირას მყოფი ჩვიდმეტამდე მეგრული ვაზის ჯიში მოაშენა, მათ შორის ჭვიტილური, პანეში, ჩეჭიფეში, ოჯალეში, ჩეში, კოლოში, ტოროკუჩხი, ხოჯიშთოლი, აფშილური, ჩხენიში ძუძუ. 1937 წლიდან დიდი სამამულო ომის დაწყებამდე, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტისა და საქართველოს კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატის ინიციატივით, ყოველწლიურად იმართებოდა ვაზის აღნიშნული ჯიშებიდან ისიროდე მოლაშხიას მიერ დაყენებული ღვინოების დაჭაშნიკება, სადაც მის სასმელებს უმაღლესი შეფასება მიეცა.

    ისიდორე მოლაშხიას საქმიანობის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პროფესორები სოლომონ ჩოლოყაშვილი, კონსტანტინე მოდებაძე და მაქსიმე რამიშვილი, რომლებიც მის მიერ აღდგენილ ჯიშებზე დაკვირვებისა და აღწერის მიზნით წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობდნენ სოფელ ნაკიფუს. აღნიშნული დაკვირვებები ქართული ამპელოგრაფიის დარგში არაერთი სამეცნიერო ნაშრომის შემადგენელი ნაწილი გახდა.

    ისიდორე მოლაშხიას მოღვაწეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ,,საქართველოს ამპელოგრაფიაში” (აქ მისი გვარი ტექნიკური შეცდომით მოხსენიებულია, როგორც „მალაშხია“), სადაც პანეშის, ჩეჭიფეშისა და ჭვიტილურის დახასიათება, დიდწილად, მის ვენახში მოშენებულ ვაზის ჯიშებზეა დაფუძნებული. აქვე მოყვანილია აღნიშნული ვაზის ჯიშებიდან მოლაშხიას მიერ დაყენებული ღვინოების აღწერა და ქიმიური ანალიზის შედეგები.

    ცოლიკოურის ვაზის ჯიშის აღწერისას, ისიდორე მოლაშხია ,,საქართველოს ამპელოგრაფიაში“ დახასიათებულია მევენახედ, რომელმაც აღნიშნული ჯიშის სრული მოსავლის მიღება, კარგი მოვლითა და ვაზის ადრე ფორმირებით, დარგვიდან ერთი წლით ადრე, მესამე წელს შეძლო. მის მიერ დაყენებული ცოლიკოურის ღვინო საქვეყნოდ იყო განთქმული და წლების განმავლობაში უმაღლეს შეფასებას ღებულობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტისა და საქართველოს კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატისაგან.

    1937 წელს ისიდორე მოლაშხიამ ვაზისა და ბლის ორი მოსავალი მიიღო, რასაც საკავშირო მასშტაბის გამოხმაურება მოჰყვა. იგი ინტენსიურად მუშაობდა ვაზის ახალი და ადგილობრივი პირობების მიმართ გამძლე და მაღალმოსავლიანი ხეხილის ჯიშების გამოყვანაზე. 1939-40 წლებში მოლაშხია მოსკოვში, სრულიად საკავშირო სასოფლო–სამეურნეო გამოფენაში მონაწილეობდა.

     დიდი სამამულო ომის დროს ისიდორე მოლაშხია მობილიზებულ იქნა, რა დროსაც მას უმძიმესი დაავადება დაუდგინდა. იგი 1942 წლის 23 დეკემბერს, სოფელ ნაკიფუში გარდაიცვალა. მოლაშხიას მიერ შექმნილი მეურნეობის განითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდათ მის ერთადერთ ქალიშვილს, ლუბა მოლაშხიას და ძმისშვილს, შახი მოლაშხიას. ლუბა მოლაშხია ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა მევენახეობით და 1936 წელს, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის წარჩინების დამთავრების შემდეგ, ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში გააგრძელა სწავლა. იგი აქტიურად მუშაობდა მამის მხარდამხარ და მისი გარდაცვალების შემდეგ, წლების განმავლობაში, წალენჯიხის რაიონის მიწგანის სანერგეს ხელმძღვანელობდა.

ლიტერატურა

  • ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე, საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960. გვ: 260-262, 331-333, 366, 394-397.
  • ი. ლუკავა, ვ. სალია, განსაკუთრებული ყურადღება მევენახეობისა და მებაღეობის განვითარებას, გაზეთი ,,კომუნიზმის დროშით“, წალენჯიხა, 7.02.1957, 11 (1688)
  • ვ. სალია, ჩვენი მიჩურინი, გაზეთი ,,კომუნიზმის დროშით“, წალენჯიხა, 11.12.1965, #68 (2917)
  • ვ. სალია, აღვადგინოთ მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები, გაზეთი ,,კომუნიზმის დროშით“, წალენჯიხა, 26.02.1972, #25 (3852)
 

Awards and Honors

  • საუკეთესო მევენახე–მეღვინის 4 დიპლომი, 1926–1929 წლები