The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ჟორა გაბრიჭიძე

ჟორა გაბრიჭიძე
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1949  (74 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     ჟორა შალვას ძე გაბრიჭიძე დაიბადა 1949 წლის 27 აგვისტოს ჭიათურის რაიონის სოფ. მოხოროთუბანში. 1966 წელს დაამთავრა ზოდის საშუალო სკოლა, ხოლო 1972 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. ერთწლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, 1981 წლამდე, მუშაობს სამთამადნო კომბინატის მუშათა მომარაგების განყოფილებაში ჯერ საქონელმცოდნედ, შემდეგ კი უნივერმაღის დირექტორად.

    1981 წელს საცხოვრებლად გადადის ყაზახეთში და მუშაობს ქ. ჯეტიგარის სამთამადნო კომბინატში (კუსტანაის მხარე) სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე. 2001 წელს ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო ცენტრში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სადაც საშუალება მიეცა ინოვაციურ პროექტებად ექცია თავისი მეცნიერული ჩანაფიქრები. 2005 წელს აპატენტებს გამოგონებას: ქარხნების გამონაბოლქვი მტვრიანი აირების სველი ფილტრაციის მეთოდის ორ ვარიანტს, საპატენტო მოწმობა GE V 2005 N1160 Y და GE V 2005 N1159 Y.

     2013 წელს დააპატენტა გამოგონება ხის მერქნის კვამლიდან "თხევადი კვამლი"–ს და "კვამლის კონდენსატი"–ს მიღების ახალი მეთოდი და შექმნა მისი საწარმოო დანადგარი, სადაც მსოფლიოში დღეს არსებულ დანადგარებთან შედარებით წარმადობა გაზრდილია ასჯერ და მეტად, ხოლო პროდუქციის თვითღირებულება შემცირებულია 5–6 ჯერ. თხევადი კვამლის ბაზაზე შექმნა ახალი პროდუქცია "შებოლილი არყის" წარმოების ხერხი, რომელიც დაპატენტების პროცედურას გადის საქპატენტში. აღნიშნული პრეპარატით ასევე შეიძლება შებოლილი ლუდისა და მაღალხარისხიანი ვისკის წარმოება.

    2012 წელს დეპონირება გაუკეთა გამოგონებებს: საკონიაკე სპირტის დავარგების ახალი მეთოდი და ტომატპასტის დაფასოების ახალი მეთოდი, მოწმობა N4979.

    ბატონი ჟორას სამეცნიერო მოღვაწეობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ქართული ქვევრი. გამოიკვლია და გამოასწორა თითქმის ყველა ის უარყოფითი, რაც დღემდე შემორჩა მეღვინეობის ამ უნივერსალურ და უნიკალურ ჭურჭელს. შეიმუშავა და დააპატენტა ქვევრის მექანიკური დანადგარი, საპატენტო მოწმობა GE V 2015 N 1870 Y, რომლითაც ერთ დღეში შეიძლება ნებისმიერი ტევადობის ერთნაირი ფორმის, ზომის და სისქის ქვევრის დამზადება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შემუშავებული ქვევრის ფორმის სტანდარტი, რომლის ნაწილთა განზომილებები ერთმანეთის მიმართ ოქროს კვეთის პროპორციაშია გადაწყვეტილი.

    ქვევრის ერთ–ერთი დიდი პრობლემა დღეს მისი თავის მოხდა–დახურვის დღევანდელი მეთოდის შრომატევადობა და არაჰიგიენურობაა. ჟ. გაბრიჭიძის მიერ დაპროექტებული და თიხისაგან დამზადებულ ქვევრის ბაგა, ბადიმი და ქვევრის თავის საცობი ჰიგიენის პრობლემასაც ხსნის და ქვევრის მოხდა–დახურვა 15–20 წამში ხდება.

    განსაკუთრებით ფასეულია მის მიერ შემუშავებული ქვევრის ყელში ღვინის ჰერმეტული დახურვის ახალი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ქვევრის ყელში ღვინის დონეზე გამომწვარი თიხის მოტივტივე ხუფით ღვინის ზედაპირის დახურვას, რითაც ქვევრში ღვინის ჰერმეტიზაციის მრავალსაუკუნოვანი პრობლემა გადაწყდა.

    სამრეწველო მეღვინეობაში ქვევრის ფართოდ დანერგვა ითხოვს ქვევრთან მუშაობის გამარტივებას და ხელით შრომით მექანიზაციას, ეს კი ითხოვს მარნის ახალ იარაღებს. ბატონ ჟორას ამ მიმართულებითაც ბევრი სიახლე აქვს შექმნილი: დაპროექტებული და დაპატენტების პროცედურას გადის ქვევრიდან ღვინის გადასაღები იარაღი "ეგუდი", რომელიც მისადაგებულია ქვევრთან და ღვინის ფრაქციების გადაღების საშუალებას იძლევა. ასევე, დააპროექტა და დაპატენტდება ქვევრის ძირში ღვინის გადაღებამდე ჭაჭის ჩასატკეპნი იარაღი "დამუ", რომელიც საშუალებას იძლევა თავანკარა ღვინის გამოსავალი 10–15 %–ით გავზარდოთ. ასევე, საინტერესო იარაღია ქვევრში ღვინის დასარევი იარაღი "დიოქია", რომლითაც რამოდენიმე წამში ხდება ქვევრში ღვინის დარევა. საიმედოდ აკავებს ქვევრის ყელში მოწოლილ ჭაჭას, მის მიერ დაპროექტებული ჭაჭის დამჭერი "დიოსია".

    თანამედროვე ქვევრები თავისი ფორმით ღვინის სადუღარი ქვევრია, ამიტომ დიდი ინტერესით უნდა მიიღოს მსოფლიო მეღვინეობამ მის მიერ დაპროექტებული ახალი ფორმის ქვევრი, რომელიც გათვლილია ღვინის დავარგება–დაძველებაზე და ღვინის ხანგრძლივი დროით მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე შესანახად.

    ძალიან საინტერესოა მის მიერ ვაზის სეტყვის საწინააღმდეგო გადახურვის ორიგინალური მეთოდი, რომელიც 3–4 ჯერ იაფი და საიმედოა დღემდე არსებულ პროექტებთან შედარებით.

    ჟ. გაბრიჭიძე, ასევე, ეწევა სელექციურ საქმიანობას. მის მიერ ნესვთან შეჯვარებული კიტრი. მიღებული ჰიბრიდი უკვე 8 წელია არ უბრუნდება საწყის სახეობებს და ახალი ჯიშის ბაღჩეულად ჩამოყალიბდა, რომელიც "გაბრა"–ს სახელწოდებითაა ცნობილი.

    ბატონი ჟორა 50–ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი და ერთი მონოგრაფიის თანაავტორია. დაწერა და გამოსაცემათაა გადაცემული მონოგრაფია: "ქვევრი და მსოფლიო მეღვინეობის მომავალი". ასევე, დააპატენტა და დაპატენტების პროცედურას გადის მისი 21 გამოგონება და ინოვაცია. ასევე, ჟურნალ–გაზეთებში აქვეყნებს საინტერესო წერილებს როგორც მევენახეობა– მეღვინეობაზე, ასევე საქართველოს ისტორიაზე და სხვა თემებზე. არის ვეტერანი სპორტსმენი, სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში და სამბოში, მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის მწვრთნელის წოდება ჭიდაობაში.