ჯემალ ქარჩხაძე:
იგი(პრეისტორიული მოთხრობა)
პროექტი: ბიბლიოთეკა
სკოლას
- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება. | ქარაფი – დიდი, ფრიალო კლდე; | |||
ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე, როცა
შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება. შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა. ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა. იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ოღონდ ისე არა, ცის ძახილი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება. არა. მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება, ისე.
|
||||
როგორც წესია, წამახული ქვებით ჯერ თავი წააცალეს მოკლულ ნადირს, ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს. | წამახული – წვერწაწვეტებული; | |||
იგი მერე დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა, რა ადგილას იდგა ამ დროს ბელადის შვილი,
მაგრამ ვერ გაიხსენა, რადგან მაშინ სტომაქში შიმშილი დაფუსფუსებდა და ირგვლივ
ხორცის მეტს ვერაფერს ხედავდა. ასე იყო თუ ისე, ბელადმა რომ ხელები გაიწოდა თავისი წილის ასაღებად, შვილი თვალის დახამხამებაში მასთან გაჩნდა, ცალი ფეხი ნადირის თავს დააბიჯა და გადმოკარკლული თვალები მამას მიაპყრო. მხარზე გადებული კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა, შავი ფაფარი მხრებზე სცემდა, კბილები დაეკრიჭა და სახეზე გაავებული ნადირის სუნი ასდიოდა. გამოქვაბულში გაკვირვების ღმუილი გაისმა. მერე ღმუილმა გადაიარა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ბელადის სახეს სითბოს სუნი ისე გადაეცალა, როგორც ტყეს გადაეცლება ბურუსი, ქარი რომ დაუბერავს. იგის მოეჩვენა, თითქოს სიმშვიდის სუნმაც იწყო გადაცლა, მაგრამ ამ დროს ბელადმა თვალები ნელა მოხუჭა და სიმშვიდის სუნი დარჩა. გაწვდილი ხელები უკანვე წაიღო, ისევ მუხლებზე დაიწყო და თვალები გაახილა. ერთხანს გაუნძრევლად იჯდა და შვილის ფეხს უყურებდა, რომელიც ნადირის თავზე იდგა. მერე ნელა ააყოლა თვალი. სახეს რომ მიწვდა, კვლავ გაშეშდა. უყურა. შვილის ავი სუნი მამის სიმშვიდის სუნს ებრძოდა. გამოქვაბულში დაძაბული დუმილი იდგა. იგის ტყუილად ეგონა, ბელადის სახეზე თეთრი შიში გადაირბენსო; ბელადი მისჩერებოდა შვილს ჩასისხლიანებულ, გადმოკარკლულ თვალებში და მის სახეს რამდენჯერმე მიუახლოვდა და ისევ მოშორდა სითბოს სუნი. ბოლოს შვილს თვალი მოარიდა, ხელკეტს დასწვდა და წამოდგა. ძველმა მონადირეებმა ნანადირევი გვერდზე გასწიეს და მამა-შვილს გამოქვაბულის შუაში დაუთმეს ადგილი. შეიბნენ. შვილი ღონიერი იყო და ბრძოლა მალე დასრულდა. მამა ძირს დასცა, ხელკეტი ააცალა, თავის ხელკეტთან ერთად მაღლა შემართა და დამარცხებულ მეტოქეს ძლევამოსილი ყიჟინით რამდენჯერმე ირგვლივ შემოურბინა. მერე წავიდა და მამის ადგილას დაჯდა საბელადო ქვაზე. ნადირის თავი აიღო, ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და მკერდზე მიიკრა. ეჭირა ასე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. დამარცხებული ბელადი ნელა წამოდგა და გვერდზე გადგა. სახეზე კი მაინც ასდიოდა სიმშვიდის მსუბუქი სუნი. იგის უკვირდა. ძველმა მონადირეებმა ნანადირევი კვლავ შუა გამოქვაბულში გამოათრიეს და განაწილება განაგრძეს... როდესაც შიშველი მთის თავზე ცამ თვალი გაახილა, კაცები დიდი დაძინების ქარაფს შეუყვნენ. ყველაზე წინ ძველი ბელადი მიაბიჯებდა. მარტო, უხელკეტოდ. ცოტა მოშორებით ახალი ბელადი მიჰყვებოდა. ახალ ბელადს დანარჩენები მისდევდნენ უკან. იგიც. ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მოვიდა. წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა. ნი ლამაზი იყო. ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე იდგა, ახალი ბელადი შეჩერდა. დანარჩენებიც წამოეწივნენ და შეჩერდნენ. ყველა სველი იყო. მხოლოდ ძველი ბელადი მიდიოდა. იგი ზურგს ხედავდა და, ნეტა ახლაც თუ ასდის სახეზე სიმშვიდის სუნიო, უხმოდ კითხულობდა თავის სხეულში. ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა. ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა. იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ. ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა. ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა. ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა შეჩერდება და მოიხედავსო. ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა. არც მოუხედავს, არც დაუყვირია. ახალმა ბელადმა კი დაიყვირა. ხელკეტი მაღლა შემართა, დიდი ხმით დაიყვირა და ხტუნვა დაიწყო, დანარჩენებიც აყვნენ. იგიც. (იგის მერე უკვირდა) ახალმა ბელადმა ყვირილი და ხტუნვა მოათავა, ხელკეტი ისევ მხარზე გაიდო და თავდაღმართს დაუყვა. დანარჩენებიც აედევნენ. მარტო ძველი ბელადი დარჩა სადღაც. ისე წვიმდა, ცა კი არა, ღრუბლებიც აღარ ჩანდა. ძველ ბელადს არც მოუხედავს და არც დაუყვირია. კვალი კი დატოვა. იგის სხეულში გაკვირვება აწრიალდა. კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორღა დარჩა? თუკი ბელადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა, როტომ კვალი არ გაქრა ფეხთან ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლად არ ქრება? იგიმ ნაბიჯი შეანელა. კაცებს ჩამორჩა, თმიდან და სახიდან წვიმის წვეთები ორივე ხელით ჩამოიწურა და უკან მიიხედა. ნაფეხურები უნდოდა დაენახა. ქარაფის წვერზე თეთრი ნისლი იწვა, მეტი არაფერი ჩანდა. იგი უკანვე მოტრიალდა. კაცების დაწინაურებული ჯგუფი უცნაურად შემჭიდროვებულიყო, შეკრულიყო და ერთიანი გორგალივით მიგორავდა თავდაღმართში. იგი ისე მიაჩერდა გორგალს, თითქოს რაღაც უცხო ჯიშის ნადირს წაწყდომოდეს. ფეხს აუჩქარა. წამოეწია. ერთიანი გორგალი კვლავ ცალ-ცალკე კაცებად იქცა. ზოგი მეტად იყო მოხრილი, ზოგი ნაკლებად. მაგრამ ყველანი მოხრილები იყვნენ. შუბლები მიწისათვის მიეშვირათ, გრძელი ხელები უსიცოცხლოდ ქანაობდნენ. წინ ბელადი მიდიოდა. ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა. იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები! გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა. ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა. და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა. “კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები. მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”. იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ. მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი. იგიმ შეჰყვირა და გაიმართა. ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს. იგის ბევრი სახე უყურებდა. მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო. დანარჩენებიც მიჰყვნენ. ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობრუნებულ სახეებს. სახეები ისე მოსჩერებოდნენ, თითქოს არასოდეს ენახოთ. საღამოს, როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი თვალი გაახილა, იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა. წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი. იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა; თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა; თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა; გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა; საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა. ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის. ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი ხმადაბალი ღრენა. მაშინ წუხილი ისეთი იყო, დამშეული ნადირი რომ ძვალს ღრღნიდეს. იმ ღამეს იგიმ ვერ იქნა და ვერ დაიძინა, იწვა თვალდახუჭული და უყურებდა, როგორ დაძვრებოდა სხეულში წუხილი. დანარჩენებს ყველას ეძინა. მიმოფენილიყვნენ ბნელ გამოქვაბულში კაცები და ქალები, დიდები და პატარები. “ნისაც სძინავს.” – თავის სხეულში თქვა იგიმ. წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გაუკვირდა, წუხილი რომ დაიმალა, მერე კიდევ თქვა: “ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ცა.” წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს. “ნი, ნი, ნი, ნი...” – იმეორებდა იგი. შეშინებული წუხილი უგზოუკვლოდ დაიკარგა და იგი ერთხანს მოსვენებით იწვა. მაგრამ წუხილი ნელ-ნელა შეეჩვია ნის გახსენებას და ისევ შემოიპარა სხეულში. ახლა იგი სულ ტყუილად იმეორებდა: “ნი, ნი, ნი...” წუხილი ძველებურად თავის ნებაზე დათარეშობდა. მერე ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო იგის. სადღაც უნდა წასულიყო, რაღაც უნდა ექნა. წამოდგა, სიბნელეს თვალი შეაჩვია; ფეხაკრეფით დაიძრა გასასვლელისაკენ. ფრთხილად მიიწევდა, რომ ძირს დაფენილი თანამოძმეებისათვის ფეხი არ დაედგა. როგორც იქნა, მიაღწია გასასვლელს და გავიდა. ტყის მხრიდან ნიავი უბერავდა და ტყის მწვანე სუნი მოჰქონდა. იგი შეჩერდა, სახე ნიავს მიუშვირა, ტყის მწვანე სუნი ღრმად შეისუნთქა. მწვანე სუნმა რაღაც შემოიტანა სხეულში, რაც სიხარულის გემოს ჰგავდა. წუხილი შეკრთა და ძვალს პირი გაუშვა. მერე მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო, და ისევ დაუწყო ღრღნა. იგი ტყისკენ წავიდა. რბილ ბალახზე მიაბიჯებდა. თვალები ვერ ხედავდნენ ბალახს, მაგრამ ფეხისგულები ხედავდნენ. ტყეში შევიდა. მწვანე სუნში ჩაეფლო. თავიდან კარგი იყო. მერე წუხილმა მწვანე სუნიც წუხილად აქცია. მართალია, ძვალს აღარ ღრღნიდა, მაგრამ სხეულში დაძვრებოდა და, საცა გაივლიდა, ისეთ გემოს ტოვებდა, იღლიას რომ სველი ფოთოლი გამოედოს და ტანში ჟრჟოლამ დაუაროს. ვერც ტყეში მოისვენა. მაშინ ზღვის პირას გავიდა და ზღვის სველ სიმშვიდეში შეაბიჯა. სიგრილე ეამა. წუხილი მცირე ხნით მიყუჩდა. მერე კვლავ გაიკლაკნა და ამოძრავდა. ზღვის სიგრილეც წუხილად იქცა. წუხილი ავი იყო. ბოლოს იგი იქვე პატარა გამოქვაბულში შევიდა. გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა. “იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს”. იგიმ სცადა მოხრილიყო. ტკივილი დილანდელივით ჩააფრინდა ზურგში. იგიმ დაიკვნესა და გაიმართა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადა. მერე კიდევ სცადა. ტკივილი ყვიროდა. იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო. “იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ მოიხარა. ტკივილი იცოდა რაც იყო. ტკივილი ისაა, ბრძოლის დროს რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფეხიდან წითელი სისხლი გამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გაილოკოს და დანერწყვოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება. წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ. წუხილი არხეინად იჯდა სხეულში და ნადირივით ღრღნიდა ძვლებს. ამიტომ ერჩივნა ტკივილი. მოიხრებოდა იგი, იყო ასე, სანამ ტკივილს გაუძლებდა, მერე გაიმართებოდა, ცოტას შეისვენებდა და ისევ მოიხრებოდა. როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქვაბულში დაბრუნდა და დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავიდა. მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი. როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა. კაცები ისე უყურებდნენ, როგორც უცხო რამ სულიერს და მის გვერდით ყოფნას ერიდებოდნენ. ბელადს კბილები ავად უელავდა და თვალებში მრისხანება ედგა. იგი ყველანაირად ცდილობდა თანამოძმეებს დამსგავსებოდა და მოახლოებული ხიფათი აეცდინა. როცა ქვეყანაზე შავი სიბნელე ჩამოწვებოდა და ყველანი ძილს მიეცემოდნენ, ფრთხილად დგებოდა, თავის პატარა გამოქვაბულს მიაშურებდა და მანამ ებრძოდა ტკივილს, სანამ ცასა და მიწას შორის ჩაწოლილ ღამეს დღის თვალი ძლიერი სხივებით არ გაფანტავდა. ტკივილი ჯიუტი იყო და იგის მძიმე ბრძოლის გადახდა დასჭირდა. მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, ტკივილი დაამარცხა და ისეთი გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგა დღე, როცა სანადიროდ მიმავალი იგი სხვებისაგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილი იყო, ხელები კოჭებამდე დასთრევდა, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია, ზურგში ჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო, ტკივილის შვილი, რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბილები. იგის ახლა ისე უყურებდნენ, როგორც თავისიანს. აღარავინ გაურბოდა, აღარავინ ერიდებოდა. ბელადის თვალებშიც გაქრა მრისხანება. იგი მაინც დადიოდა თავის გამოქვაბულში და ტკივილის შვილს ებრძოდა. როცა ტკივილი საბოლოოდ გაქრა, უხმოდ თქვა თავის სხეულში: "ახლა იგის შეუძლია დიდ გამოქვაბულში დარჩეს და დაიძინოს". იგი დიდ გამოქვაბულში იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო, თვალები დაეხუჭა და ძილს ელოდებოდა. სხვებს უკვე ეძინათ. |
||||
საცა იყო იგისაც ჩაეძინებოდა. იგი ფაფუკ ბურანში იყო გახვეული და ძილი ჩუმად, ფეხაკრეფით მოდიოდა მისკენ. | ბურანი – გარდამავალი მდგომარეობა ძილსა და ღვიძილს შორის; გაურკვევლობა; | |||
სწორედ ამ დროს, სად იყო, სად არა, წუხილი გამოჩნდა. |
||||
ქადილით კი დაიქადნა, მაგრამ არ იცოდა, შეასრულებდა ნათქვამს თუ ვერა. რაც ზღვის პირას მოხდა, თავისთავად გაჩნდნენ იგის სხეულში ნიცა და ბელადიც, თავისტავად გამოვიდნენ იქიდან და მერე სილაში ჩაწვნენ. ახლა კი იგი ბედს იყო მინდობილი, როგორც მონადირე, რომელმაც კვალს ვერ მიაგნო და ალღოთი დაეძებს ნადირს. თუ ალღომ უმტყუნა იგის, ბელადის რისხვა დიდი იქნება და ძლიერი. |
ალღო – 1. გუმანი; 2. სუნის აღების უნარი (ცხოველებში). |
|||
იგიმ აქაც უნდა გააკეთოს ის, რაც ზღვის პირას გააკეთა. იგი ჩაცუცქდა, საჩვენებელი თითი გაშალა და, მიწას რომ შეახო, სხეულში ცივმა შეშფოთებამ დაუარა. ზღვის პირას რბილი სილა იყო და თითი ადვილად ეფლობოდა შიგ, აქ კი მაგარი მიწაა, ამ მიწას თითი ვერაფერს დააკლებს... იგის ბრძოლა მოუწევდა ბელადთან. კეტი მაინც არ დარჩენოდა გამოქვაბულში. იგი ზეზე წამოვარდა, უკანვე შეტრიალდა, მაგრამ გვიანღა იყო: გამოსასვლელში უკვე მოჩანდა ბელადი. თავში, თითქოს იგის სულაც არ ეხებოდა, ისე ჩაიქროლეს სიტყვებმა: "რომც არ დარჩენოდა კეტი გამოქვაბულში, ასეთ ბელადთან მაინც რას გახდებოდა იგი!" მაგრამ სხეული ხსნას ეძებდა და სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. სხეული სწრაფად დატრიალდა, თვალებმა რაღაცას დაუწყეს ძებნა, ბოლოს ქვაზე შეჩერდნენ. ფეხებმა სწრაფად მიირბინეს იმ ქვასთან, ხელებმა აიტაცეს. იგი ცდილობდა გაერკვია, რას აპირებდა მისი სხეული, მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი დაეწია თავის სხეულს. "რაღა რბილი ქვა მოყვა ხელში იგის!" - უხმოდ თქვა გამწარებულმა იგიმ და ქვას ხელი გაუშვა. ნატეხი ძირს დაეცა და კვლავ შუაზე გადატყდა. იგი დამტვრეულ ქვას დააცქერდა და უცებ სხეულში ძლიერი სინათლე შემოიჭრა. მაშინვე თვითონაც სინათლედ იქცა, ყოველ მხარეს გაიფანტა, ყველაფერში შეაღწია, ყველაფრად იქცა და ყველაფრად იგი აქცია. ახლა სამყარო და იგი ერთი განუყოფელი რარაც იყო. იგის არ გაუგია, როგორ დავარდა მუხლებზე და როგორ აიღო დამსხვრეული ქვის მოზრდილი ნატეხი, რადგან, როცა საკუთარ თავს დაუბრუნდა, ქვის ნატეხი ხელში ეჭირა და ზედ გამალებით უსვამდა ფრჩხილს. ფრჩხილი მკრთალ კვალს ტოვებდა. სხეულიდან კი ძლიერი ბაგაბუგი ისმოდა. როცა ქვა სულ ერთიანად დაიკაწრა, იგი შეჩერდა და ნაკაწრს დააკვირდა. ის ხელი, რომელიც წეღან კაწრავდა, ახლა იგის გვერდით მიწაზე დაფათურობდა და რაღაცას ეძებდა. ბოლოს ამ ხელმა მაგარი ქვის ნატეხი იპოვა და აიღო. იგიმ რბილი ქვა გადმოაბრუნა და მეორე, დაუკაწრავ მხარეს მაგარი ქვა გაუსვა. მაგარი ქვის კვალი კიდევ უფრო ღრმა და მკაფიო იყო, ვიდრე ფრჩხილის კვალი. სხეულიდან კვლავ ისმოდა ბაგაბუგი. მაშინ იგიმ თავი ასწია. უკვე ყველანი გამოსულიყვნენ გამოქვაბულიდან. იდგნენ და იგის შესცქეროდნენ. იგის სახეზე სითბოს სუნი აუვიდა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ბელადს მიუბრუნდა. - რომელი ქვა აიღოს იგიმ? ბელადმა იგის შეხედა. მერე თავი გვერდზე გადახარა, ლამის ბეჭზე დაიდო და ისე უყურა. ბოლოს თქვა: - რომელიც უნდა. თან კეტს მაგრად მოუჭირა ხელი. იგიმ ბრტყელი ქვა აირჩია. ფრთხილად აიღო, რომ არ გადამტყდარიყო, ბელადთან მიიტანა და აჩვენა. - ხომ ხედავს ბელადი ამ ქვას? იგის შეუძლია, რაც ბელადს სურს, ის გამოიყვანოს თავისი სხეულიდან და ამ ქვაზე დადოს. ბელადმა პირი გააღო, ნაბიჯი უკან გადადგა და ფრთხილად მიხედა თანამოძმეებს. - რა გამოიყვანოს იგიმ თავისი სხეულიდან? - ჰკითხა იგიმ. ბელადს კეტი მომარჯვებული ეჭირა. იგისთვის არ შეუხედავს, მიწას დაჰყურებდა. ბოლოს თქვა: - რაც თვითონ უნდა, ის გამოიყვანოს. - და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. - კარგი. - თქვა იგიმ, ჩაიმუხლა, რბილი ქვა მიწაზე დადო, ცალი ხელი ზედ დააჭირა, მეორე ხელით მაგარი, წვეტიანი ქვა მოიმარჯვა, თვალები დახუჭა და სხეულში ნი მოიხმო. ნი გაჩნდა. ლამაზი ნი იყო. მაშინ იგიმ თვალი გაახილა, წვეტიანი ქვა რბილ ქვას დაადო და ნელა გაუსვა. ნი ქრებოდა სხეულში და ჩნდებოდა ქვაზე. ირგვლივ ისეთი დუმილი იდგა, თითქოს იმ არემარეზე კაცი არ ჭაჭანებდა. სხეულში ბაგაბუგი მაშინ შეწყდა, როცა ნი მთლიანად გადმოვიდა ქვაზე. იგი წამოდგა, ჯერ თვითონ დახედა ქვის ნის, მერე მაღლა ასწია და თანამოძმეებისკენ შეტრიალდა. ისეთი წივილ-კივილი ატყდა, თითქოს მძვინვარე მხეცი სახმოდეთ თავს. თვალის დახამხამებაში ყველანი გამოქვაბულში შეცვივდნენ. გარეთ მხოლოდ ზუ დარჩა. ზუ იდგა და ქვის ნის თვალს არ აშორებდა. იგის გაუკვირდა. "არ ეშინია ზუს?" - იკითხა თავის სხეულში და ის იყო ხმამაღლა უნდა ეთქვა, რომ გამოქვაბულიდან ბელადის თავი გამოჩნდა. ბელადმა ქვის ნის შეხედა და ისევ მიიმალა, მაგრამ მალე კვლავ გამოჩნდა. ერთხანს ზღურბლზე იდგა, მერე წამოვიდა და შორიახლოს გაჩერდა. მაშინ დანარჩენებიც გამოვიდნენ და ბელადის უკან დადგნენ. - ქვის ნი საშიში არ არის. - თქვა იგიმ. ბელადმა კბილები დაკრიჭა, სახეზე ავმა ფერმა გადაკრა. - ბელადს არ ეშინია! - დიდი ხმით თქვა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა იგისთან, ქვის ნი გამოართვა და დახედა. უყურა, უყურა და თქვა: - ქვის ნი საშიში არ არის. - მერე იგის მიუბრუნდა, ქუშად სეხედა. - ქვის ბელადსაც გამოიყვანს იგი თავის სხეულიდან? - გამოიყვანს. - თქვა იგიმ. ბელადმა ქვის ნი დაუბრუნა იგის, კეტი მაგრად ჩაბღუჯა. თვალებში მრისხანების ფერი ჰქონდა. - მაშ გამოიყვანოს იგიმ ქვის ბელადი. იგიმ ქვის ნი ძირს დადო, სხვა რბილი ქვა მოძებნა, ჩაიმუხლა, თვალები დახუჭა, ბელადს მოუხმო სხეულში. მერე, როცა ბელადი შემოვიდა, თვალები ისევ გაახილა და საქმეს შეუდგა. ზუს მზერას ძალიან ახლოდან გრძნობდა. როდესაც ბელადი სხეულიდან მთლიანად გადმოვიდა ქვაზე, იგი წამოდგა. ქვა ასწია და ქვის ბელადი ყველას დაანახა. ამჯერად მხოლოდ ღმუილი გაისმა. გაქცევით არავინ გაქცეულა. ბელადმა ქვის ბელადი გამოართვა იგის. დახედა. დიდი ფაფარი ეყარა მხრებზე და ავი თვალები ჰქონდა. - ახლა აღარა ჰყავს იგის სხეულში ბელადი? - იკითხა ბელადმა. - ჰყავს! - მიუგო იგიმ. - ხომ გამოიყვანა? - ბელადი თვალებში უყურებდა იგის. ჰყავს. - გაიმეორა იგიმ. - სანამ იგი არის, მის სხეულში არც ბელადი გამოილევა, არც ნი, არც არაფერი. ბელადსაცა ჰყავს სხეულში იგი, ბელადი იგია და იგი ბელადია. - ბელადი იგი არ არის! - დიდი ხმით დაიყვირა ბელადმა და კეტი მოიმარჯვა, ხოლო რაკი კეტი მოიმარჯვა, ქვის ბელადი ხელიდან გაუვარდა. ქვის ბელადი ძირს დაეცა და შუაში გატყდა. ნახევარი ბელადი აქეთ ეგდო, ნახევარი - იქით. ბელადმა დაიღმუვლა. დანარჩენებმაც დაიღმუვლეს. ყველანი ახლო მოცვივდნენ და ორად გაყოფილ ბელადს დააცქერდნენ. ბელადი დაიხარა, თავის ნაწილებს უყურა, ხელში აიღო, ატრიალა; იგის სეხედა, თანამოძმეებს შეხედა, ისევ ქვის ბელადის ნატეხებს დააცქერდა. ერთ ნატეხზე წელს ზევით იყო ბელადი, მეორეზე - წელს ქვევით. ბელადის კეტიც ნახევარი ერთ ნატეხზე იყო, ნახევარი - მეორე ნატეხზე. იგი ზუს მზერას გრძნობდა. უცებ ბელადმა ნატეხები მოიქნია და შორს გასტყორცნა. ნატეხები ბუჩქებში დაეცა და იქიდან მსხვრევის ხმა მოისმა. მსხვრევის ხმას საერთო ღმუილი მოჰყვა. მერე ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, თქვა: - როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება. ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა. შეშფოთებამ იგის თავით ფეხებამდე დაუარა. იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ბელადმა ახალი სიტყვები გააჩინა. იგიმ არ იცოდა, მისი სხეულის რომელი ნაწილი გრძნობდა, რომ ეს სიტყვები აღარასოდეს გაქრებოდა და ყველა მომავალი ბელადის თავში იქნებოდა საშიში და გამზადებული, როგორც მომარჯვებული კეტი. ირგვლივ დუმილი იდგა. იგიმ ბელადს აარიდა თვალი და მზერა შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთების გემო ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ყველანი მოხრილები იყვნენ, მაგრამ ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები - მრისხანედ და ავად დაკრეჭილი. მორიგეობით ინაცვლებდა ფეხს და ადგილზე ირწეოდა. იგიმ იცოდა, რომ ან უნდა დამორჩილებოდა ბელადს, ან უნდა შებმოდა. შებმას აზრი არ ჰქონდა: ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირიც კი დამფრთხალი გარბოდა. ბელადი იგის უყურებდა და ელოდა. ვიღაცამ გამოქვაბულიდან კეტი გამოუტანა იგის და ფეხებთან დაუდო. იგიმ კეტი აიღო. ბელადი დაიძაბა და შეიკუმშა. რომც ჰქონოდა შებმას რაიმე აზრი, იგი მაინც უარს იტყოდა. სხეული დიდი სიმშვიდით იყო სავსე და ამ დიდ სიმშვიდეს ვერაფერს ვერ დაარღვევინებდა. იგიმ კეტი ძირს დააგდო და ბელადს ზურგი შეაქცია. მაშინ ბელადმაც დაუშვა კეტი და გამოქვაბულში შევიდა. დანარჩენებიც მიჰყვნენ და შეწყვეტილი ჭამა განაგრძეს. ბელადმა ჯერ იგის წილი ხორცი შეჭამა, მერე თავის წილს დაუწყო ძიძგნა. ----- იგი თვალებდახუჭული იწვა, მაგრამ არ ეძინა. დიდი დაძინების ქარაფზე ხშირად ასელა, ოღონდ შუაწელს არასოდეს გასცდენია. მუდამ შუაწელზე რჩებოდა, ბოლო ხის ძირას. როცა ვინმე თავისი ფეხით ადიოდა ქარაფის წვერზე, რათა დიდი დაძინების ხახაში ჩაშვებულიყო, მაშინ დანარჩენები ბოლო ხის ძირას რჩებოდნენ; ხოლო თუ ვინმე გამოქვაბულშივე დაიძინებდა დიდი დაძინებით, კაცებს აჰქონდათ ქარაფის წვერზე; იქ ხელებში და ფეხებში მოეჭიდებოდნენ, გაიქნევდნენ, გამოიქნევდნენ და გადააგდებდნენ. იგი ამ დროსაც ბოლო ხის ძირას რჩებოდა სხვებთან ერთად. ახლა იგის ჯერიც მოვიდა. ცა რომ დღის თვალს გაახელს, იგი ავა დიდი დაძინების ქარაფზე და უკან აღარ დაბრუნდება. სხვები? სხვები დაბრუნდებიან? იგის სხეულში დიდი გაკვირვება შევიდა და იქიდან ყველაფერი გამოდევნა. როგორ დაბრუნდებიან სხვები, თუკი იგი აღარ იქნება? როგორ იარსებებენ, როგორ ინადირებენ, როგორ იტყვიან სიტყვებს? ან ბალახზე როგორ აბრჭყვიალდება მრგვალი წვეთი, ან წვიმა როგორ მოვა ქვეყანაზე? შეუძლებელი ჩანდა რაიმეს არსებობა, როცა იგი აღარ იარსებებდა. იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლიანად არ გაქრება? იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერი, დარჩეს ქვეყანაზე? გამოქვაბულში ფაჩუნი გაისმა. იგიმ ცალი თვალი გაახილა. კუთხეში ვიღაცის ლანდი წამოდგა. "ზუს ჰგავს, - უხმოდ თქვა თავის სხეულში. - სად მიდის ზუ?" ზუ ფრთხილად მიიკვლევდა გზას თანამოძმეთა სხეულებს შორის. იგის რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. იგიმ თვალები დახუჭა და თავი მოიმძინარა. ზუს მზერას სითბოს სუნი მოჰყვებოდა. "რა უნდა ზუს?" - თავის სხეულში იკითხა იგიმ. მერე ზუს მზერა წავიდა და იგიმ თვალი გაახილა. ზუმ გასასვლელს მიაღწია და გამოქვაბულს გასცდა. იგიმ დაძინება სცადა, მაგრამ ვერ დაიძინა. დიდხანს იწვალა. ბოლოს ადგა და ფეხიაკრეფით გავიდა გარეთ. ზუ არსად ჩანდა. "რაღაც დარჩება იგისგან, - თავის სხეულში თქვა იგიმ. - ოღონდ იგიმ არ იცის, როგორ დარჩება რაღაც... ნეტა ზუ სად უნდა წასულიყო?" ღამის თვალი ბრჭყვიალებდა და სხივებს ჰფენდა არემარეს და იქაურობას ანათებდა. იგი ხის ძირას დაჯდა, თვალები მოჭუტა და ღამის თვალს მიაჩერდა. ასე უფრო ბრჭყვიალებდა სხივები. "დღის თვალიც და ღამის თვალიც დიდი დაძინების ქარაფს იქით ეშვება, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. - სად მიდიან? ან მერე რაღად ჩნდებიან შიშველი მთის თავზე? ქვის ნის მაგივრად რომ ქვის მძვინვარე მხეცი გაეკეთებინა იგის, მაშინაც გაბედავდა ბელადი გამოქვაბულიდან გამოსვლას? ქვის მძვინვარე მხეცი რომ გაეკეთებინა, ალბათ გამოქვაბულში არც შეცვივდებოდნენ, სულ გადაიკარგებოდნენ ამ არემარედან. ზუს რა უნდა გარეთ? სად წავიდა ზუ? დარჩება რაღაც, იგი რომ გაქრება, თუ არ დარჩება? ძველი ბელადი რომ ჩაეშვა დიდი დაძინების ხახაში, რა დარჩა მისგან? კვალი? არა. კვალი სხვა რამეა. იქნებ ის დარჩა, რომ იგი ამბობს: ძველი ბელადი. ძველი ბელადი რომ არ ყოფილიყო, იგი არ იტყოდა: "ძველი ბელადი". რაკი ძველი ბელადი იყო და გაქრა, იგი ამბობს: "ძველი ბელადი". ბუჩქებიდან ფაჩუნი მოისმა. იგიმ ყურები ცქვიტა. "ზუ იქნება". - უხმოდ თქვა თავის სხეულში და ხმადაბლა დაიძახა: - ზუ! ფაჩუნი შეწყდა. მერე ზუს ლანდმა მინდორი გადაირბინა. ხელში რარაც ეჭირა. "ზუს ქვა მიაქვს". - თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ დაუძახა: - ზუ! ზუს არ მოუხედავს. ხელში ქვა ეჭირა, ის ქვა გულზე მიიხუტა, სირბილს მოუმატა და მალე ტყეში გაუჩინარდა. იგი წამოდგა და იმ ბუჩქებისკენ გასწია, საიდანაც წეღან ფაჩუნი შემოესმა. ბუჩქის ძირას ქვის ბელადის ნამსხვრევები ეყარა. ნამსხვრევები ვიღაცას მოეგროვებინა და ისე მიედო ერთმანეთზე, როგორც მანამ იყო, სანამ დაიმსხვრეოდა. ოღონდ რამდენიმე ნატეხი აკლდა, რომლებზეც ბელადის ვიწრო შუბლი და ცალი ფეხი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ქვის ბელადს ახლა შუბლი და ცალი ფეხი არ ჰქონდა. აი თურმე რა უნდოდა ზუს! იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. გამოქვაბულის შესასვლელთან ლანდს მოჰკრა თვალი. ლანდი გამოქვაბულიდან გამოდიოდა. "ზუს არა ჰგავს, - უხმოდ თქვა იგიმ. - ნისა ჰგავს". იგის სხეულში ნის სიტყვები გაჩნდა: "იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა". ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა სხეულში. ნიმ იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა. - ნიმ დაინახა, იგი რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა, - თქვა ნიმ. - ნი იგის გამოჰყვა. ნი ლამაზი იყო. - რა უნდა ნის? - იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც. ნიმ წყნარად თქვა: - ნის იგისთან უნდა. იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა. - კარგი, - თქვა იგიმ, - დაწვეს ნი. - არა, - თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. - ნის არ უნდა იგისტან დაწოლა. იგის გაუკვირდა. - აბა, რა უნდა ნის? - ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას. "რა დაემართა ნის?" - უხმოდ იკითხა იგიმ და ყურადღებით დააცქერდა. ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას სძინებოდა. მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო, ანდა იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ნის რარა დაემართა? ნუთუ არც ნია ისეთი... იგიმ თავი გაიქნია და სიტყვები გაფანტა. დასხდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. მერე ნიმ თქვა: - იგიმ ქვის ნი გააკეთა. რა უყო იგიმ ქვის ნი? - იგიმ აქ დატოვა ქვის ნი. - თქვა იგიმ და უცებ სხეულში ზუ გაჩნდა, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ტყისკენ მირბოდა. "ქვის ნი მიჰქონდა ზუს. - უხმოდ თქვა იგიმ. - რად უნდოდა ზუს ქვის ნი?" - მერე ხმამაღლა დაუმატა: - სადმე იქნება ქვის ნი. - იგის საკვირველი სიტყვები აქვს. - თქვა სიჩუმის მერე ნიმ. - ნის ენატრება იგის საკვირველი სიტყვები. ნის სხეულიდან სითბო წამოვიდა. და უცებ ნი ისეთი გახდა, როგორიც იყო მანამ, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა. იგი საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო. იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჭდო. ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. - როცა იგი დღის თვალს უყურებს, იგის უხარია ნი, - წყნარად თქვა იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე, ნიავი რომ დაუბერავს. - როცა იგი ღამის თვალს უყურებს, იგის ენატრება ნი. ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მთვლემარე ზღვა; ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა, რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია... ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. მერე ნიმ მიავივით დაიჩურჩულა: - იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია. ქარაფის შუა წელზე, ბოლო ხესთან, ყველანი შეჩერდნენ. იგიმ მარტო განაგრძო გზა აღმართში. ნელა მიაბიჯებდა. გამართული. თავაწეული. ქარაფის წვერს ახლადგახელილი დღის თვალი დაჰნათოდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი. ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო. იგი ნელა მიაბიჯებდა. ეს გზა იმთავითვე იგისთვის იყო გამიზნული. ვიღაცამ თუ რაღაცამ იმთავითვე იცოდა, რომ იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ამიტომ ეხმიანებოდნენ შორეული ქედები: გაიმართოს იგი! ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა: გაიმართოს იგი! ამიტომ ჩამოსძახოდნენ ცა და ცის თვალები: გაიმართოს იგი! ნის საკვირველი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან. სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ბელადი ქვემოთ იცდის, ბოლო ხესთან. დანარჩენებიც იქ იცდიან. "იგი ბელადზე უფრო ძლიერია". - მოულოდნელად თქვა იგიმ თავის სხეულში და უკან მოხედვა მოუნდა, მაგრამ არ მოუხედავს. მშვიდად მიაბიჯებდა. "ისიც რომ იცოდეს იგიმ, - უხმოდ ამბობდა იგი, - რა დარჩება მისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ, ღამის თვალი რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა ქვეყანაზე და იგი და ნი გვერდიგვერდ ისხდნენ ხის ძირას. მაგრამ ამის ცოდნა იგიმ ვერ იპოვა. ძველი ბელადისაგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება... თუმცა კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს". იგიმ ქარაფის წვერს მიაღწია. ისინი ქვენოთ უცდიან, ბოლო ხესთან. იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით მოატრიალაო. და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა. და სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: "იგიმ იცის რა დარჩება მისგან!" ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასტრევდათ, ვიწრო შუბლები მიწისათვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსცქეროდნენ იგის. ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მოხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა ქარაფის წვერს. და იგი მიხვდა, რომ ყველაზე უფრო, ცის თვალზე, შორეულ ქედებზე, ზღვაზე და ტყეზე უფრო, მისი წელში მოხრილი, ვიწროშუბლიანი ძმები შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ: გაიმართოს იგი! დაწინაურდეს იგი! იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა - მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რარაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ. და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა. იგი ზუსაც უყურებდა, სხივოსან ტომსაც და თავის განათებულ სხეულსაც. მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა. კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში: "იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო". |