სტრეისის მოგზაურობა
 08/02/2013

რარიტეტის უცხოენოვანი წიგნების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს სამოგზაურო ჟანრის თხზულებები,  რომელთაგანაც ბევრი საოჯახო დინასტიების, ან მოყვარულ ბიბლიოფილთა საკუთრება ყოფილა. ამ ჟანრის წიგნებს დიდი ინტერესით კითხულობდნენ  XVII საუკუნიდან მოყოლებული, – იმ დროიდან, როდესაც საგრძნობლად გაიზარდა საზოგადოების სწრაფვა, მიეღო ინფორმაცია  დედამიწის ჯერ კიდევ  შეუსწავლელი ადგილების, იქ მცხოვრები ხალხის ყოფა–ცხოვრებისა და ზნე–ჩვეულებების შესახებ. მოგზაურობის მიზანი არაერთგვაროვანი იყო: მას ხშირად საფუძვლად ედო ამა თუ იმ სამოგზაურო მარშრუტის შემკვეთთა უფრო ფართო – პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კომერციული ინტერესები; თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მოგზაურობათა შედეგად მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უდიდესი როლი შეასრულა არა მარტო მსოფლიოს გეოგრაფიისა და ისტორიის შესწავლის, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა დარგების განვითარების თვალსაზრისით.  

ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულ იმ ავტორთა წიგნებს (მაგ. შარდენი, ტურნეფორი, კლაპროტი, დიუბუა, დიუმა და სხვ.), რომლებშიც ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეალიებია ასახული, მეტად თუ ნაკლებად უკვე იცნობს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიოთეკის ფონდი მდიდარია სამოგზაურო ჟანრის სხვა გამოცემებითაც, რომლებშიც XVII-XVIII საუკუნის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეა აღწერილი. მათ შორის ზოგიერთი წიგნი განსაკუთრებული ღირსებებით გამოირჩევა და მკითხველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ასეთ გამოცემებს შორისაა იალქნების ჰოლანდიელი ოსტატის იან იანსონ სტრეისის „სამი მოგზაურობის“ ამსახველი ფრანგული გამოცემა, რომელიც გაფორმებულია ავტორის ჩანახატების საფუძველზე ცნობილ გრავიორთა მიერ შექმნილი ილუსტრაციებით. 

 

სტრეისი, სტრუსი, სტრუისი  ან  შტრაუსი (ჰოლანდ. Strauss) - ასე უწოდებენ ჰოლანდიელ მოგზაურს სხვადასხვა წყაროებში; ავტორის გვარის ფრანგული თარგმანია „სტრუისი“, თუმცა მას ჩვენ მოვიხსენიებთ „სტრეისად“, როგორც მას უწოდებენ რუსი და ქართველი მეცნიერები. იან იანსენ  სტრეისმა 1647–1673 წლებში სამჯერ იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სამშობლოში დაბრუნებული სტრეისის მონაყოლს მსმენელებში იმდენად დიდი დაინტერესება გამოუწვევია, რომ მან გადაწყვიტა გამოეცა წიგნი, სადაც თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის შთაბეჭდილებები დაწვრილებით იქნებოდა მოთხრობილი. მართლაც 1676 წელს ამსტერდამში ჰოლანდიურ ენაზე დაიბეჭდა სტრეისის წიგნის პირველი გამოცემა. ამ დროიდან იწყება თხზულების ახალი სიცოცხლე: მის თარგმანებზე მაშინვე გაჩნდა მოთხოვნილება, ასე, რომ ეს ნაწარმოები მწერლის ცხოვრებაშივე პირველად ითარგმნა ჯერ გერმანულ, (1678წ.) და შემდეგ ფრანგულ (1681წ.) ენებზე. საერთოდ კი ცნობილია სტრეისის თხზულების მრავალრიცხოვანი გამოცემა სხვადასხვა ენებზე.  თხზულების პირველი არასრული თარგმანი ჰოლანდიურიდან რუსულად განხორციელდა პეტრე პირველის დაკვეთით, ხოლო ე. ბოროდინის სრული თარგმანი რუსულ ენაზე გამოიცა მხოლოდ მე–20 საუკუნის დასაწყისში, 1935 წელს. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სტრეისის წიგნის პირველი ფრანგული გამოცემა მის თარგმანებს შორის უძველესია. იგი დაიბეჭდა ამსტერდამში, ავტორის სიცოცხლეში, 1681 წელს სათაურით –„Les voyages de Jean Struys, en Moscovie, en Tartarie, en Perse, aux Indes...“ (იან სტრუისის მოზაურობა მოსკოვში, ტარტარიაში, სპარსეთსა და ინდოეთში);  თავფურცელზე აღნიშნულია წიგნის ჰოლანდიური ენიდან მთარგმნელის გვარი - Glanius.

 

თხზულების ავტორის აღნიშნავს, რომ სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა ზედმეტად მკაცრი მამისგან თავის დაღწევის მიზნით. მამისგან იგი ეზიარა იალქნების კეთებისა და მართვის ხელოვნებას, რომელიც მან პრაქტიკულად გამოიყენა სხვადასხვა ხომალდებზე ყოფნისას. სტრეისის პირველი მოგზაურობა დაიწყო ამსტერდამიდან, საიდანაც  ჩავიდა გენუაში, მადაგასკარზე, სუმატრაში, სიამსა და იაპონიაში. 1651 წელს იგი დაბრუნდა ჰოლანდიაში და ოთხი წლის შემდეგ კვლავ გაეშურა საზღვაო გზით ლივორნოში,  ჩაეწერა ვენეციის საზღვაო არმიაში, ებრძოდა თურქებს, ჩავარდა ტყვედ, განთავისუფლდა ტყვეობიდან და მოიარა იტალიის ქალაქები; მესამე მოგზაურობისას სტრეისი ჩავიდა მოსკოვში და ქალაქში ცხოვრების 2 წლის შემდეგ, მდინარეების – მოსკოვისა, ოკისა და ვოლგის გავლით რუსული ხომალდით „ორიოლით“ ჩავიდა კასპიის ზღვამდე, იმყოფებოდა ასტრახანში, სადაც იგი მოწმე გახდა სტეფანე რაზინის მიერ ასტრახანის აღებისა. აქ სტრეისი ტყვედ ჩაუვარდა აჯანყებულ კაზაკებს, მაგრამ მოახერხა გაქცევა და სასწაულებრივად გადარჩენილი ჩავიდა დაღესტანში, სადაც იგი კვლავ აღმოჩნდა დაღესტნელი „თათრის“ მონობაში; თათარმა ჰოლანდიელი მონა 150 აბასად მიჰყიდა სპარს ვაჭარს – ჰაჯი მუჰამედ სალეხს. ბოლოს იგი გამოისყიდა პოლონეთის ელჩმა შემახაში(ქალაქი აზერბაიჯანში). შემახიდან სტრეისმა ქარავანთან ერთად გააგრძელა მოგზაურობა ისპაჰანამდე, საიდანაც დაბრუნდა სამშობლოში. ეს მხოლოდ მოკლე მიმოხილვაა იმ რთული მარშრუტისა, რომელიც განვლო ამ უცნაურმა ადამიანმა.

 

მაინც, რა იყო სტრეისის მოგზაურობის მოზანი და ვინ იყო თავად იგი: რომანტიკოსი მოგზაური, მეკობრე, მზვერავი თუ ავანტიურისტი? – ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ჩვენი აზრით, ეს პიროვნება იტევდა ყველა ამ გაგებას. იმ პერიოდში ხანგრძლივი მოგზაურობის ყოველი დღე სიცოცხლისთვის სახიფათო რისკთან იყო დაკავშირებული. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ სტრეისს ამ სახიფათო მოგზაურობის დროს მატერიალური და კომერციული ინტერესებიც ჰქონდა. ასეა თუ ისე, წიგნის ავტორი უნიჭიერესი ადამიანია, რომელიც ცოცხალი ენით, საოცარი სიცხადითა და ექსპრესიულობით აღწერს  მოგზაურობის ყოველ დღეს, მის გარშემო მყოფ ადამიანებსა და მათ ზნე–ჩვეულებებს. წიგნი საინტერესო მასალას შეიცავს იმ დროის ქვეყნების ისტორიულიწარსულიდან, მაგალითად, ის შესანიშნავი წყაროა რუსეთის ისტორიის მკვლევართათვის, რადგან მასში აღწერილია XVII საუკუნის რუსეთისა და მისი დედაქალაქის – მოსკოვის ცხოვრება, ასევე რუსეთის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი – გლეხთა ომი დონელი კაზაკის, სტეფანე რაზინის მთაურობით. რუსი ისტორიკოსები აღნიშნავენ ამ აჯანყების ზოგიერთი დეტალის ზუსტ თანხვედრას სხვა ისტორიულ წყაროებში ასახულ მოვლენებთან, თუმცა  ავტორის ზოგიერთი მონათხრობი საკამათოა და დაზუსტებას მოითხოვს. მაგალითად, სტრეისი, რომელიც ასტრახანთან ტყვედ ჩაუვარდა რაზინის მეომრებს, თავად შესწრებია იმ ფაქტს, თუ არყით დამთვრალმა ატამანმა როგორ გადააგდო გემიდან სპარსი თავადის მშვენირი ასული, რომელიც მსხვერპლად შესწირა თავის „მარჩენალ“ მდინარე ვოლგას. ქალი რაზინს ტყვედ აუყვანია ერთ–ერთი დასახლებული პუნქტის დარბევის შემდეგ და ხომალდზე ხარჭად ჰყოლია გარკვეული დროის განმავლობაში. ნანახით შეძრწუნებული ავტორი  კაზაკთა მეთაურს „ცოფიან ველურს“ უწოდებს. ძალზე საინტერესოდ აღწერს სტრეისი აღმოსავლელი ხალხის ზნე–ჩვეულებებს და ამასთან დაკავშირებულ თითქმის დაუჯერებელ ამბებსაც, რომელთა რეალურობის შეგრძნებას ამძაფრებს ისიც, რომ თხზულება დღიურის ფორმითაა დაწერილი. ასე, მაგალითად, ქალაქ შემახაში მისთვის დაუვალებიათ მონაწილეობა მიეღო სპარსეთის შაჰისთვის საცოლეთა შერჩევის პროცესში. უნდა შეერჩიათ 500 ლამაზი გოგონა ორი წლის ასაკიდან მოწიფულობის ასაკამდე (17) წლამდე. ისპაჰანში ჩაყვანილ პატარა ბავშვებს სრულწლოვანებამდე სასახლეში ზრდიდნენ ძიძები. რაღა თქმა უნდა, ყველა შერჩეული ლამაზმანი აუცილებლად ქალწული უნდა ყოფილიყო. სტრეისი აღწერს შემახიდან ისპაჰანში გოგონების გამგზავრების დღეს. იგი წერს,რომ საშინელი სანახავი იყო პატარა ბავშვების მშობლებთან სამუდამოდ განშორების პროცესი, რადგან  შვილებს კალთიდან აგლეჯდნენ საცოდავ დედებს,  რომელთა მოთქმა და კივილი ცასა სწვდებოდა. შემახაში ამ დროს მომხდარა ასეთი ამბავი: ერთ მდიდარ მუსლიმანს ძალზე ლამაზი ქალიშვილი ჰყოლია, რომელსაც უყვარდა ღარიბი  ჭაბუკი. მამას არ მოსწონდა სასიძო და უარი უთხრა ქალიშვილის ხელის მთხოვნელს, მაგრამ როდესაც  დაიწყო ხანისთვის საცოლეთა შერჩევის პროცესი, შვილის დაკარგვის შიშით, იგი დათანხმდა,  არასასურველი სასიძოსთვის გაეყოლებინა თავისი ქალიშვილი, უფრო მეტიც, მამამ ნება დართო სიძეს, ქორწინებამდე გაეზიარებინა სარეცელი მის ქალიშვილთან, რათა ასეთი გზით შვილი გადაერჩინა.
             

თხზულებაში განსაკუთრებით საინტერესოა მესამე მოგზაურობის ამსახველი მასალა: ირანისკენ მიმავალი მოგზაური საქართველოსთვის გვერდის ავლით ჩასულა სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელიც, აგრეთვე ირანის პროვინცია იყო. ავტორი ხშირად მოიხსენიებს შემახაში დაბანაკებული პოლონეთის საელჩოს უფროსს, ვინმე „ბოგდანს“, რომელიც რეალურად არსებული ქართველი დიპლომატი ბოგდან გურჯიცკია. სწორედ გურჯიცკიმ გამოისყიდა მოგზაური სპარსი ვაჭრის მონობიდან. სტრეისს ხატოვნად აქვს აღწერილი სპარსელთა ახალი წელი: პოლონეთის საელჩოს ხელმომჭირნე უფროსობა, იმ საბაბით, რომ არ იზიარებდა მუჰამედის მიმდევართა დღესასწაულს, ზეიმის დღეს არ გამასპინძლებია თავის თანამშრომლებს, რომელნიც, იძულებულნი გამხდარან, მაჰმადიანთა ტრაპეზი გაეზიარებინათ, რათა ამოევსოთ მშიერი კუჭები. სტრეისის თქმით, მათ უფროსს, ბოგდანს სრულებით არ ანაღვლებდა, რომ თანამშრომლები სპარსელებთან ატარებდნენ დროს, რადგან ერთ დროს თვითონაც უნდოდა მიეღო მაჰმადიანობაო. აქვე განვმარტავთ, რომ პოლონურ ისტორიოგრაფიაში ბოგდან გურჯიცკის, იგივე მუხტამ–ბეგის, ან ბოგდან სპარსის სახელით ცნობილი პიროვნება ეროვნებით ქართველი ცნობილი პოლონელი დიპლომატია, რომელიც თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ასრულებდა პოლონეთის მეფის მუდმივი რეზიდენტის მოვალეობას ირანის შაჰის კარზე. გურჯიცკის დიდი როლი შეუსრულებია XVII საუკუნის საქართველოსა და პოლონეთს, ასევე საქართველოსა და ირანის შორის პოლიტიკურ–ეკონომიკური ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით. სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ავტორის სიტყვები გურჯიცკისთან დაკავშირებით, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ ბოგდანი იმ ქართველ პოლიტიკოსთა აზრს იზიარებდა, რომელნიც საგარეო პოლიტიკაში ირანულ ორიენტაციას ემხრობოდნენ. ცნობილია, რომ გურჯიცკის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია ქართლის მეფესთან ვახტანგ V–სთან. სტრეისის მოგზაურობაში აღნიშნულია, რომ პოლონეთის ელჩს საქართველოს მეფისთვის ექიმიც კი გაუგზავნია.  

სტრეისის თხზულებაში ირანში მცხოვრებ ქართველთა შესახებ სხვა არაერთ საინტერესო  დეტალსაც გადავაწყდებით.

სტრეისის მოგზაურობათა წიგნში აღწერილია თითოეული ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი და ბუნებრივი სიმდიდრეები, რაც საქონლის გასაღების ბაზრების მაძიებელ ევროპელთათვის ბევრ საგულისხმო დეტალს შეიცავდა. აქ მოთხრობილია ბუნების იმ საოცარი კატაკლიზმების შესახებაც, რომელთა მოწმეც ავტორი გამხდარა. მაგალითად მწერალი აღწერს მეტეორთა „წვიმას“ და ძლიერ მიწისძვრას შემახაში. ეს მოვლენები ავტორის მიერ ისე მხატვრულადაა გადმოცემული, რომ უნებურად თვალწინ მეორედ მოსვლის ფანტასტიკური ფილმის კადრები წარმოგიდგებათ.

იან სტრეისის წიგნის ფრანგული თარგმანი გაფორმებულია შესანიშნავი გრავიურებით, რომლებიც ცნობილ ჰოლანდიელ გრავიორებს – იოჰან კიპსა და კონრად დეკერს ეკუთვნის.

სტრეისის თხზულების ეგზემპლარს ახლავს 3 დასაკეცი რუკა, რომლებიც არ ეკუთვნის ამ გამოცემას. პირველი 1845 წელსაა დაბეჭდილი ლონდონში და მოიცავს საქართველოს, ჩერქეზეთსა და სომხეთს (შემდგ. ჯ. ეროუსმითი); მეორე, 1821 წლის რუკა ფრანგულ ენაზეა და მოიცავს თურქეთის, სპარსეთის, საქართველოსა და ჩრდ. კავკასიის ტერიტორიებს (შემდგ. ჟობერტი); მესამე რუკაზე გამოსახულია სომხეთის ტერიტორია მიმდებარე ქვეყნებით. 

ეროვნული ბიბლიოთეკის აღნიშნული ეგზემპლარი ნამდვილი ბიბლიოგრაფიული „თაიგულია“, რადგან მას მაღალი კულტურულ–ისტორიული ღირებულების გარდა, სხვა ღირსებაც გააჩნია: ეგზემპლარის  ფორზაცსა და თავფურცელზე უწინდელი მფლობელობის დამადასტურებელი ნიშნებია: წინა ფორზაცზე დაკრული გერბული ექსლიბრისი შრიფტული წარწერით „D. D. Le Tellier de Courtanvaux“ წიგნის პირვანდელ პატრონს – ტონერისა და მონმირაის საგრაფოს მარკიზს, საფრანგეთის სამხედრო მინისტრის შვილიშვილს, მეფის შვეიცარიის გვარდიის პოლკოვნიკს, მეცნიერსა და მკვლევარს, ფარნსუა–მიშელ–სეზარ ლეტელლიე მარკიზ დე კურტანვოს ეკუთვნის (1718–1781), ხოლო წიგნის თავფურცელზე მიხეილ თამამშევის ბიბლიოთეკის ბეჭედია. ეგზემპლარის პირველი მეპატრონის, სეზარ ლეტელლიეს გვარის წარმომადგენლები განთქმული ბიბლიოფილები ყოფილან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარკიზის ერთ–ერთმა წინაპარმა, შარლ–მორის ლეტელლიემ თავისი საოჯახო ბიბლიოთეკის საგვარეულო ექსლიბრისებიანი 16000 უიშვიათესი წიგნი საჩუქრად გადასცა პარიზის წმ. ჟენევიევას სააბატოს ბიბლიოთეკას. ლეტელლიეთა გვარის ღირსული წარმომადგენლის, მრავალმხრივ განათლებული ადამიანის, სეზარ ლეტელლიე დე კურტანვოს ბიბლიოთეკა ითვლიდა სხვადასხვა შინაარსის წიგნების ათასობით ეგზემპლარს, რომელთა უდიდეს ნაწილს შეადგენდა სწორედ სათავგადასავლო ლიტერატურა. სეზარ ლეტელლიეს შვილს შარლ–ფრანსუას, რომელიც ასევე აღიარებული მეცნიერი და გამომგონებელი გახლდათ, ოცნებად ჰქონია, შეედგინა საოჯახო ბიბლიოთეკის სამოგზაურო ჟანრის წიგნების ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, მაგრამ არ დასცალდა, რადგან ძალზე ახალგაზრდა, 31 წლისა გარდაიცვალა. მისმა მამამ, რომელიც მეტად დამწუხრებული იყო ნიჭიერი ვაჟიშვილის გარდაცვალებით, კიდევ უფრო განავრცო  ბიბლიოთეკის კოლექცია და შეადგინა საოჯახო ბიბლიოთეკის სრული კატალოგი, რომელიც მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1782 წელს გამოიცა პარიზში. ეროვნული ბიბლიოთეკის ეგზემპლარი, სავარაუდოდ, ცნობილმა სომეხმა მეცენატმა და კავკასიოლოგმა მიხეილ თამამშევმა შეიძინა ევროპაში ყოფნის წლებში; თამამშევის საოჯახო კოლექციიდან ეს გამოცემა მისივე ანდერძით სხვა წიგნებთან ერთად გადაეცა ა. პუშკინის სახელობის თბილისის საქალაქო ბიბლიოთეკას, რომელიც შემდეგ შეუერთდა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკას. სეზარ ლეტელლიეს ექსლიბრისიანი წიგნები კი გაფანტულია წმ. ჟენევიევას სახელობისა და საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკების ფონდებში.