ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა
 11/03/2013

დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა ქართველი ერის უმნიშვნელოვანესი საგანძურია. იგი ცალკე კოლექციის სახით დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში. მრავალფეროვან კოლექციაში მეცნიერებისა და კულტურის თითქმის ყველა დარგის წიგნი, გაზეთი და ჟურნალია თავმოყრილი, რაც მწერლის ინტერესების მრავალმხრივობას ადასტურებს. რაოდენობრივად ყველაზე მეტი მხატვრული ლიტერატურაა, თუმცა ბიბლიოთეკა თემატურად მოიცავს: ისტორიისა და სამართლის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის, გეოგრაფიისა და ეკონომიკის, განათლებისა და გრამატიკის, სოფლის მეურნეობისა და მედიცინის დარგებს. ამასთან ბიბლიოთეკაში ინახება წიგნები ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, ბერძნულ ენებზე დაბეჭდილი. ქართული ძალიან ცოტაა შემორჩენილი. მათ შორისაა 1884 წელს თბილისში გამოცემული „დაბადება" (ბიბლია); მიხეილ თამარაშვილის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის"; დიმიტრი ბაქრაძის „ისტორია საქართველოსი". აქვეა ძველნაბეჭდი წიგნები: მოსკოვში დაბეჭდილი 1816 წლის „ახალი აღთქმა" და 1768 წლის „ჟამნი"; 1712 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი „ვეფხისტყაისანი" და 1886 წელს გამოცემული „ქილილა და დამანა" და „დავითნი". ბოლო სამი წიგნი განსაკუთრებულად ჰყვარებია მგოსანს.

            ილიას კოლექციაში ნაყიდის გარდა მრავლი ნაჩუქარი წიგნია საინტერესო წარწერით. მათ შორისაა: იაკობ გოგებაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის, ალექსანდრე ხახანაშვილის, მოსე ჯანაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ვალერიან გუნიასა და სხვათა ავტოგრაფიანი გამოცემები.

ნაჩუქარ წიგნებში ვხვდებით განსაკუთრებულ ეგზემპლარებს, რომელთათვისაც ყდები სპეციალურად  შეუკვეთავთ.  ერთ-ერთი ასეთი წიგნი А. Калиновский.- «Где правда? История Афонского монастыря», 1885 წელს სანქ-პეტერბურგშია გამოცემული.  ოქროვარაყიანი  წიგნი მუყაოზე გადაკრულ, მუქ იასამნისფერ ქსოვილიან ყდაშია ჩასმული. ოქრომელნითაა დამშვენებული მოჩარჩოებული ტვიფრული ორნამენტები და ტვიფრულივე წარწერა: "Его Сиятельству Ильи Григорьевичу Чавчавадзе". ეგზემპლარი ბერ ბენედიქტეს მიუძღვნია ილიასათვის, რასაც ადასტურებს მინაწერი: „С надеждою на благосклонное внимание и милостивное содействие Вашего Сиятельства препровождает смиренный раб старец Венедикт поверенный Афонского грузинского братства. СПб. 7 авг. 1885 г. "ბერი ბენედიქტე ბარკალაია მე-19 საუკუნის ოთხმოციან წლებში ჩამოვიდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან. იგი ცდილობდა საზოგადოებაში ინტერესი აღეძრა ივერთა მონასტრისადმი, რათა მასზე კუთვნილი უფლება დაებრუნებინა ქართველ სამღვდელოებას. ცხადია, ბერი დახმარებისათვის ქართული ეკლესიისა და ქართველი ერის გულშემატკივარ მწერალს მიმართავდა.

კოლექციაში დაცულია 1890 წელს გამოცემული იოსებ დავითაშვილის თხზულებანი, რომლის ტვიფრულ-ვარაყიანი ასოებით დამშვენებულ ყდაზე ვკითხულობთ - „ი. დავითაშვილი. ი. ჭავჭავაძეს". ეს წიგნი სხვა მხრივადაცაა საყურადღებო. ილია განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი. მის ოჯახში იკრიბებოდნენ მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები. მიუხედავად ამდენი მეგობრისა და საკუთარი ოპტიმისტური ბუნებისა, ილია მაინც მარტოსულობას უჩიოდა, რაზეც წიგნში გაკეთებული მისი ჩანიშვნები მეტყველებენ: „ბევრი რამა ვთქვი საგრძნობი, მაგრამ მსმენელი ძვირია", ეტყობა ილიას გულსაც მოხვდა ეს სიტყვები, თვითონაც ხომ ამოიკვნესა ერთხელ: „ამდენ ხალხში კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემო გავუზიარო!".

ზურაბ ავალიშვილი თავის თხზულებას „Присоединение Грузии к России", უძღვნის ილიას ასეთი წარწერით: „Князю Илье Григорьевичу Чавчавадзе почтительное приношение автора". ილიას ფანქრით ხელში წაუკითხავს ეს წიგნი და ზოგიერთ საკითხზე თავისი უკმაყოფილება მიუწერია. ტექსტში, ერთ ადგილას,  ციტატაა მარი ბროსეს მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემულ პაპუნა ორბელიანის ქრონიკებიდან, რომლის შესახებაც ილიას, თავისი გულისწყრომა მიუწერია: „რა ქართველია, რომ ქართულს წყაროებს ფრანციცულიდამ იღებს". იქ სადაც ავტორი ერეკლე მეფის ანდერძს ეხება..."Сила и даже подлинность которой оспаривалиь", ილია ჭავჭავაძეს მიუწერია: „подлинность не имеется"; ტექსტში - „В Грузии не сталкивались интиресы европейских держав"... მიწერილია- „ Не совсем так. Наполеон уже принимал меры против этого, но не имел времени серьезно им занятся" და სხვა. თუმცა ხანდახან აღფრთოვანებასაც გამოხატავს. მაგალითად, წიგნში ავტორი აღნიშნავს, თუ რა განსხვავებაა რუსეთისა და ინგლისის პროტექტორატს შორის და ხაზს უსვამს, თუ რატომ ვერ შეითვისა მეფის რუსეთმა ინგლისური სისტემა. ილიას ეს ადგილი ორი ხაზით მოუნიშნავს და თავისი უკმაყოფილება რუსეთის თვითმპლრობელობის პოლიტიკით ერთი სიტყვით გამოუხატავს და მიუწერია - „ჯან!"

სპეციალურად ილიასათვისაა მომზადებული „ქართლ-კახური გალობის"    ტვიფრულ-ვარაყიანი ასოებით მორთული ყდა, რომელზეც ვკითხულობთ: „მისს ბრწყინვალებას თ. ი. გ. ჭავჭავაძეს ქართლ-კახური გალობა „კარბელაანთ კილოთი" მეორე ნაწილი ცისკარი". ილია თვითონ არ მღეროდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ქართული ხალხური სიმღერები. მათი ძლიერი გრძნობა და მომხიბვლელობა მის ლექსებშია აღბეჭდილი. მეფის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა მივიწყების გზაზე იდგა, იგი ყველგან იდევნებოდა და ძველი სიმღერა-გალობის მცოდნენიც აღარ რჩებოდნენ. ამიტომ ქართული კულტურის მოამაგეებმა გადაუდებელ ამოცანად დაისახეს ძველი ქართული სიმღერისა და გალობის აღდგენა, მათი ნოტებზე ჩაწერა, მომღერალთა გუნდების შექმნა და  ფართო პროპაგანდა. ამათ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ პროფესიულ მუსიკას. ამ დიდ ეროვნულ მოვლენას ორი ვრცელი წერილი მიუძღვნა ილიამ, რომელიც გაზეთ „ივერიაში" გამოაქვეყნა.

კოლექციაში დაცულია ილიასადმი მიძღვნილი ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდრის"  რამდენიმე ეგზემპლარი, რომელსაც გამომცემლის ავტოგრაფი ამშვენებს: „თავ. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს შემდგენელისაგან";  „თავად ილია ჭავჭავაძეს ავტორისაგან"; „დიდ ილიას პატარა ვალერიან გუნიასაგან". ილიასა და ვალერიანს დიდი მეგობრობა აკავშირებდათ, ვალერიანი მას თავის მასწავლებლად თვლიდა.

აქვეა იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაჩუქარი ნაშრომები მისივე ავტოგრაფებით: „ილია გრიგოლის ძეს ჭავჭავაძეს მეუღლითურთ" და „ილია გრიგოლის ძეს თავადს ჭავჭავაძეს სახლობითურთ" და სხვა. ალექსანდრე ცაგარელის წიგნებზე ვკითხულობთ - „ჩემს ძველ მეგობარს" და „ილიკო ჭავჭავაძეს ნიშნად ხსოვნისა ავტორისაგან 1873 წ."  ალექსანდრე ხახანაშვილი საკუთარ ნაშრომს „Источники по введению христианства в Грузии" მწერალს ასეთი წარწერით უძღვნის: „დიდად პატივცემულს ილია ჭავჭავაძეს".

ილიასათვისაა მომზადებული მუქ მწვანე კოლენკორის ყდაში ჩასმული ორი წიგნიც. ორივე მათგანის ყდაზე ტვიფრული ოქრომელნითაა შესრულებული წარწერა: „ივერიის რედაქტორს თ. ილია ჭავჭავაძეს". პირველი მათგანია მოლიერის თხზულება  „კრიჟანგი", მეორე კი - „საანდაზო ლექსები და აღწერა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" - განსაკუთრებული და ერთადერთია, რომელშიც უცნობ პიროვნებას ჟურნალ „ივერიაში" დაბეჭდილი საანდაზო ლექსები და „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" ერთად აუკინძავს და მიურთმევია ილიასათვის პატივისცემის ნიშნად.

ილიასათვის არტურ ლაისტს გერმანულ ენაზე მიუნჰენში გამოცემული „გოეთეს- გალერეა" უჩუქებია წარწერით ფრანგულ ენაზე: „თავად ი. ჭავჭავაძეს გამოჩენილს და პატივცემულს". პოეტს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა არტურ ლაისტთან, რომელიც ასე იგონებდა მას: ილია მშვიდი და თითქოს აუღელვებელი იყო, თავდაჭერილი, როგორც ლხინში, ისე მწუხარებაში. ხასიათის ამ თვისებით ილია გოეთეს მოგვაგონებს, რომლის პოეზიაც მას ძლიერ მოსწონდა და უყვარდა,  იდეალურ პოეტად მიაჩნდა, „ოლიმპიელს" უწოდებდა და ქებას უძღვნიდა მის უნივერსალურ ცოდნას. ილია არა მარტო ლიტერატურის, არამედ ცხოვრების ევროპიზაციის მომხრე იყო,  სულით და გულით კი  მუდამ ქართველად დარჩა.

წიგნზე დაუღალავი მუშაობის ჩვეულება ილიას სიყრმიდან გამოჰყვა და სიკვდილის ბოლომდე არ უღალატია მისთვის, რასაც ადასტურებს სამი წიგნი. ისინი საკუთარ საწერ მაგიდაზე გადაშლილი დარჩენია მწერალს. მათზე მუშაობის პროცესში ამოუწერია საჭირო მასალა და ჩანაწერები წიგნებში ჩარჩენია. პირველი - ჯონ ლებოკის 1876 წელს გამოცემული ნაშრომია - „Начало Цивилизации". მასში ჩარჩენილი ავტოგრაფი პატარა ნაწყვეტია ფელეტონისა „აი ისტორია", რომელიც გაზეთ „ივერიაში" იბეჭდებოდა, მეორე - ფ. შლოსერის „Всемирная история"-ის მეხუთე ტომია, რომელშიც ჩარჩენილია წერილის ნაწყვეტი „ირლანდია და ინგლისი", მესამე - ედ. ტაილორის „Антропология". მასში დევს მწერლის მიერ სათანადო გვერდების აღნიშვნით, რუსულად შედგენილი საკითხების სია. ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ ერთ პატარა საკითხის, მაგალითად „Сожжение"-ს შესახებ ილიას ექვსი სხვადასხვა ავტორის შრომა გადაუსინჯავს, ამოუწერია გვერდები და მათ იმოწმებს წერილში „აი ისტორია".

კოლექციაში დაცულ ერთ-ერთ ეგზემპლარში („წიგნი თანამდებობათათვის სამრევლოთა მღუდელთასა" - შედგენილი არქიმანდრიტის ტარასისაგან) აღმოჩნდა ეკატერინე ჭავჭავაძის წერილი თავისი მოურავის ნიკო ჩიჩუასადმი, რომელიც 1865 წლითაა დათარიღებული. რა ვითარებაში ჩარჩა წერილი ილიას კუთვნილ წიგნში უცნობია, თუმცა ცნობილია ფაქტი ილიასა და ეკატერინეს შეხვედრის შესახებ „ცარსკოე სელოში". საუბრის შემდეგ ეკატერინემ ილიას გადასცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი რვეული, რომელიც პოეტს თავისი მუზისათვის უჩუქებია. ფაქტობრივად ილიამ ბარათაშვილი მაშინ აღმოაჩინა. „ვერ წარმოიდგენთ რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლექსმა ილიაზე. მთელი კვირა ბოდავდა ბარათაშვილით" - იხსენებდა ილიას დისწული კოხტა აფხაზი.

ილიას სახლში სტუმართა რიცხვმა შესამჩნევად იმატა იმის შემდეგ, რაც ილია ახალ ბინაში დასახლდა. ძველ სტუმრებს - ნიკო ცხვედაძეს, იაკობ გოგებაშვილს, ეკატერინე გაბაშვილს, სტეფანე ჭრელაშვილს, ანტონ ფურცელაძეს, გიორგი წერეთელს, ლევან ჯანდიერს, დავით ბარათაშვილს, დავით სარაჯიშვილს ახალი სტუმრებიც მოემატნენ, ესენი იყვნენ: გრიგოლ ვოლსკი, ნიკო ღოღობერიძე და მრავალი სხვა. აქვე იმართებოდა ილიას ცნობილი ხუთშაბათობები. სტუმრებს ილიასთან ერთად მუდამ მასპინძლობდა მომღიმარი დიასახლისი. ოლღა მეუღლის არაჩვეულებრივი მეგობარი იყო ყველა საქმეში. წყვილის საოცრად თბილი და განსაკუთრებული ურთიერთობა საქვეყნოდ იყო ცნობილი. კოლექციაში დაცული რამდენიმე წიგნი პირადად ოლღა ჭავჭავაძის კუთვნილებაა: ილიას, 1892 წელს გამოცემული, საკუთარ თხზულებათა პირველი ტომი მეუღლისთვის უჩუქებია წარწერით - „ჩემს კარგ ოლიკოს. ილია ჭავჭავაძე". აქვეა ფ. გოგიჩაიშვილის, ბ. ესაძის, ი. ყაზბეგის, ა. ფირალოვისა და სხვათა მიერ ნაჩუქარი გამოცემებიც. ოლღასვე ეკუთვნის კოლექციის ყველაზე პატარა წიგნი, რომელიც მისთვის საკუთარ მოძღვარს უჩუქებია. ტფილისში 1900 წელს დაბეჭდილი მინიატურულ წიგნს - მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის „უკვდავთა ღაღადებანი",   წითელი მელნით შესრულებული ავტოგრაფი ამშვენებს: „ღრმად პატივცემულს ოლგა თადეოზის ასულს კნეინა ჭავჭავაძისას. მ. ჯ-საგან."

მოსე ჯანაშვილივე მიძღვნის ტექსტია ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა საქართველოჲსაზეც", რომლის I წიგნი 1892 წელსაა გამოცემული. მასზე გაკრული ხელითაა მიწერილი: „დიდად პატივცემულ ილია გრიგოლისძე ჭავჭავაძეს. გამომცემლისაგან".

მიძღვნის ტექსტებია 1903 წელს თბილისში გამოცემულ ზაქარია ჭიჭინაძის წიგნებზეც - „კათოლიკეთა ეკლესია საქართველოში" და „მღვთის-მშობლის კათოლიკეთა ეკლესია ბათუმში". ორივე მათგანის თავფურცელზე ერთნაირი შინაარსის წარწერაა: „დიდად პატივცემულს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს პატივისცემით ეძღვნის დამწერისაგან".

იხილეთ: ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა : (ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ექსკურსი) / ნინო ხვედელიძე // საქართველოს ბიბლიოთეკა. - თბილისი, 2012. - N3(48). - გვ.26-31.