მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა : ტექსტი, როგორც კულტურა
 10/10/2018

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მონოგრაფიულ გამოკვლევას, რომელიც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენასა და მონაკვეთს ასახავს. ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობა ცალსახად განიცდიდა კვლევების სიმწირეს ქართული ლიტერატურის ისტორიაში მოდერნისტული ეტაპის არსებობის შესახებ; არადა, ამ ნაწილის გარეშე შეუძლებელია გაანალიზდეს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის განვითარების გზაც და საფუძვლებიც. სულ უფრო იკვეთებოდა საჭიროება ლიტერატურული კვლევებისა, რომლებიც თანამედროვე მეთოდების, კომპონენტებისა და გამოწვევების კვალობაზე წარმოაჩენდნენ ქართული მოდერნიზმის ისტორიას, მის მხატვრულ თავისებურებებს და შესაბამის ადგილს მიუჩენდნენ ამ პროცესს ლიტერატურის ისტორიაში. ქართული მოდერნიზმის კვლევის პროცესი დღესდღეობითაც აქტუალურია და ამოუწურავი.