ცხოვრება ორ წყალს შუა : [კრებული]
 30/01/2019

საქართველოში ქალთა უფლებებისათვის ბრძოლას სულ მცირე ერთი საუკუნის ისტორია აქვს. პირველი ფემინისტი ქალების არქივები კი უამრავ საინტერესო ამბავს ინახავს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს ქალები ჯერ კიდევ უცნობია. იმ ფონზე, როდესაც ისტორიიდან განდევნილია ქალთა ხმა და პერსპექტივები, ამის აღდგენა არქივების კვლევითაა შესაძლებელი. ეს გამოცემაც ამ ინფორმაციული დანაკლისის შევსების მცდელობაა. ამ კრებულით გაეცნობით ფემინისტი ქალის, ბაბილინა ხოსიტაშვილის (1884-1973), პირადი, აკადემიური და ლიტერატურული ცხოვრების ეპიზოდებს. გაიგებთ, თუ რას წერდა ის დედობაზე, სექსუალობაზე, ქალთა შრომით და პოლიტიკურ უფლებებზე. ამავდროულად, ქალის პერსპექტივიდან დაინახავთ ქალთა მოძრაობის და, ზოგადად ამ ეპოქის ისტორიას საქართველოში. გამოცემაში შესულია მისი ბიოგრაფია, წერილები ფემინიზმსა და ქალთა საკითხებზე, კვლევითი სტატია "შუშანიკის წამების" შესახებ, ამონარიდები დღიურებიდან, ლექსები და პიესა „ქალები".