ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა
 13/02/2019

იოსებ გრიშაშვილის მონოგრაფიული ნარკვევი „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" 1927 წელს გამოიცა. ნაშრომი დიდი სამეცნიერ-კვლევითი, ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობისაა. მასში ყოველმხრივ არის გაშუქებული მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისი. წარმოდგენილია მეტად მდიდარი მასალა ძველი თბილისის ადათ-წესების,ზნე-ჩვეულებების, ყოფა-ცხოვრების, ტრადიციის, საფუძვლიანად, დიდი ცოდნით არის დახასიათებული ეპოქა მდიდარი ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული, არქეოლოგიური ნიმუშების თვალსაზრისით. აღსანიშნავია ი. გრიშაშვილის ენის სტილი, ფრაზეოლოგია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ძველთბილისური ენით, ქალაქური გამოთქმებით. თავად აღნიშნავდა ამ ენის შესახებ: „ქალაქური ენა, ჟარგონი იქ იბადება, სადაც გონებამახვილი ხალხია, მხიარული, დარდიმანდი, სადაც სიცოცხლის და ადამიანის დაუშრეტელი სიყვარული სუფევს". 1927 წლის გამოცემის შემდეგ ავტორი კვლავ აწარმოებდა ამ ნაშრომის ირგვლივ დიდად ნაყოფიერ საკვლევო-საძიებო მუშაობას, მოიძია და აღწერა მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი, საბუთი და ეს მასალა შეიტანა დამატებების, ჩასწორებების, შენიშვნების, მითითებების სახით ბიბლიოთეკა-მუზეუმის არქივში დაცულ პირველი გამოცემის ეგზემპლიარზე შემდგომი გამოცემისათვის. წინამდებარე გამოცემაც პოეტის მიერ ამ შევსებული და შესწორებული ეგზემპლიარის მიხედვით იბეჭდება.