კულტურა და მხატვრული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში = Culture and Artistic Life in the First Republic of Georgia : (1918-1921 წლები)
 13/02/2019

სულ ბოლო დღემდე საქართველოს დამოუკიდებლობის წლების (1918 წლის მაისიდან 1921 წლის თებერვლამდე) ქართულ კულტურას ტაბუ ჰქონდა დადებული. რაკი მაშინდელი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ხალხის უბოროტეს მტრად და მოღალატედ იყო აღიარებული. მექანიკურად ამოშალეს ჩვენი ისტორიიდან ისიც, რასაც იმ წლებში თვით ხალხი ქმნიდა, ხაზი გადაუსვეს მის მაშინდელ შემოქმედებას. ერთადერთი რისი უგულებელყოფაც ვერ მოხერხდა, ჩვენი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსება იყო (რაც რამდენიმე თვით უსწრებდა დამოუკიდებლობის ოფიციალურ გამოცხადებას). სინამდვილეში კი ის წლები დიდად ნაყოფიერი იყო სწორედ სულიერი, შემოქმედებითი თვალსაზრისით. კულტურის ყველა დარგში  - მეცნიერებაში, განათლებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში  - დროის იმ სულ მცირე მონაკვეთში, მძიმე ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ყოველივე მხრით მტრული ძალებით გარშემორტყმულმა საქართველომ ბევრი რამ ახალი და მნიშვნელოვანი შექმნა (ერთადერთი დარგი, იმ წლებს რომ კვალი არ დაუტოვებია, ხუროთმოძღვრებაა). გასაოცრად მრავალმხრივი და ინტენსიური იყო შემოქმედებითი ცხოვრება.  წინამდებარე წიგნში განხილულია დარგების მიხედვით თუ რა ვითარებაა საუკუნის დასაწყისში ქართული კულტურის სფეროში.