მხატვრული აზროვნება: გენეზისი და სტრუქტურა
 15/02/2019

პროფესორ სოსო სიგუას „მხატვრული აზროვნება: გენეზისი და სტრუქტურა" ნაწილია კულტუროლოგიური ნაშრომების ციკლისა, რომელიც ამ წიგნთან ერთად შედგება „კულტუროლოგიის საფუძვლებისა" და „ქართული კულტურის ისტორიისაგან". მასში მხატვრული აზროვნების მექანიზმი ახსნილია ლიტერატურის საფუძველზე, ფსიქოლოგიურ ასპექტში, კულტუროლოგიური თვალთახედვით. წიგნს გადაშლი თუ არა პროლოგის მაგივრობას წევს ჭეშმარიტად მისიონერული ესე იდუმალი სათაურით: „ორფეოსი ჰადესში". ჩაიკითხავ რა მას, არაცნობიერი გიკარნახებს, რომ თუ შენში შემოქმედის ნაკვერჩხალი მაინც  ღვივის, ეს წიგნი შენთვისაა დაწერილი. წიგნში ყველაფერს ნახავთ, პიროვნების თავისუფლების სწრაფვისკენ უსაზღვრო ლტოლვით დაწყებული, დამთავრებული ქართველ მწერალთა შემოქმედების იმ რაკურსით დანახვით, ესოდენ რომ ეტრფის ჭეშმარიტი ქართველი მკითხველი და ხშირად ბოლომდე არცა ჰქონია გააზრებული. სოსო სიგუას საფუძვლიანად შეუსწავლია XIX-XX საუკუნის იმ დიდ ფილოსოფოს-ფსიქოლოგთა ნაშრომები, რომლებიც „შემოქმედის ანატომიას" სწავლობენ. დღემდე შექმნილი ღრმა მეცნიერული შრომები, მისადაგებულია ქართულ ეთნოფსიქოლოგიასთან და მის მიერ შობილ მწერლობასთან, რომელსაც  განსაკუთრებული მისია ჰქონდა დაკისრებული, ამას ავტორი მთელი სიღრმით ხსნის. ეს წიგნი გამარჯვებაა მთელი ქართული ლიტერატურათმცოდნეობის და ერთგვარი გეზია იმისა, თუ აწი საით და როგორ უნდა გაგრძელდეს ქართული მწერლობის კვლევა, შესწავლა და განვითარება.