პირველი ქართული სასოფლო-სამეურნეო გაზეთის დაარსება
 23/09/2015

.საქართველოში საგამომცემლო საქმიანობა 1832 წლის შეთქმულების მარცხის შემდეგ, კარგა ხნით შეჩერდა. მხოლოდ 1852 წელს მოახერხა გიორგი ერისთავმა თბილისში პატარა, ქართული სტამბის გახსნა, სადაც ჟურნალ ცისკარს გამოსცემდა. სამწუხაროდ, ჟურნალი მალე დაიხურა და სტამბაც დაიკეტა. გიორგი ერისთავის შემდეგ ქართულ თეატრსა და ჟურნალს – ეროვნული კულტურის ორივე დედაბოძს ივანე კერესელიძე (1829-1892) ჩაუდგა სათავეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის საქმეში, რითც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართული ბეჭდვითი სიტყვის დამკვიდრებასა და გავრცელებას. მანვე დაარსდა პირველი სასოფლო-სამეურნეო გაზეთი „გუთნის-დედა“, რომელიც ჟურნალ „ცისკარის“ დამატება იყო.მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების მიუხედავად ივანემ მტკიცედ გადაწყვიტა დახურული ცისკრის აღდგენა და თავისი მიზნები ალექსანდრე ორბელიანს გაანდო, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია. თანამოაზრეთა შეკრებებიც ალექსანდრეს სახლში იმართებოდა, სადაც საბოლოოდ გადაწყდა ცისკრის აღდგენა-განახლება.საგამომცემლო საქმიანობის უმთავრეს სირთულეს სტამბის უქონლობა წარმოადგენდა. ივანემ ცისკრის სტამბის შესყიდვის შესახებ თხოვნით მიმართა გიორგი ერისთავს. ესიც დაეთანხმა და 900 მანეთად მორიგდნენ.

ალექსანდრე ორბელიანმა კვლავ გაუმართა ხელი ივანეს და სტამბა თავის სახლში, არქიელის მოედანზე განათავსა. ხის, ძველნაკეთი დაზგა, რომელიც მეფისნაცვლის სტამბის ნაწილს შეადგენდა და ერისთავმა ვორონცოვისაგან მიიღო საჩუქრად, ივანემ მოაწესრიგა: გაცვეთილი ასოები შეცვალა, დანჯღრეული დაზგა ააწყო და ბეჭდვა გააჩაღა. 1857 წლის პირველი იანვრიდან გამოსვლა დაიწყო ცისკარმა. ჟურნალი 1863 წლამდე ქართულ ენაზე ნაბეჭდი ერთ-ერთი პერიოდული გამოცემა იყო. მის შესახებ პეტრე უმიკაშვილი წერდა: ცისკრის გამოსვლა ჩვენის ლიტერატურის ბნელ ცაზე მართლა დილის წინამორბედს ცისკრის ვარსკვლავსა ჰგავს“-ო. ჟურნალის მნიშვნელობის შესახებ გაზეთი ივერია მოგვიანებით წერდა: ცისკრის დაარსებით “ჩვენი ცხოვრების ახალი ხანა დაიწყო, როდესაც საზოგადოება და მწერლობა მოქმედებას იწყებს მხოლოდ თავის გულით და თავის იმედით და არა სხვის მოლოდინით.

1859 წელს ივანემ სტამბა საკუთარი სახლის ფლიგელში განათავსა, ალექსანდრეს ქუჩაზე (ამჟამად ნინოშვილის № 13-ში). მოძველებული საბეჭდი დაზგა ხშირად ფუჭდებოდა, მესამე წელს კი დაიმსხვრა. ივანემ კვლავ მოახერხა და დაზგა ისე ააწყო, რომ მან ორი-სამი თვე კიდევ იმუშავა.ივანემ სტამბის გასამართად, გიორგი მუხრანსკის დახმარებით მთავრობას 1000 მანეთი გამოსთხოვა“, მაგრამ, მალე კვლავ გაუჭირდა. 1861 წელს ჟურნალი კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. მთავრობისაგან შემწეობის მოსაპოვებლად ივანემ განიზრახა, ცისკართან ერთად გამოეცა ახალი სასოფლო-სამეურნეო ორგანო – ჟურნალ ცისკრის დამატება – გუთნის-დედა და ამ გზით მიღებული თანხა ორივე რედაქციისათვის გამოეყენებინა.

იოსებ მამაცაშვილის დახმარებით, მთავრობამ გუთნის-დედის გამოსაცემად, ივანეს მართლაც დაუნიშნა 1200 მანეთი და გამომცემლობა წელში გაიმართა. ასე დაარსდა გუთნის-დედა – პირველი სასოფლო-აგრონომიული ხასიათის ორგანო, „მამულის პატრონობისა ფურცელი, „ცისკარზედ დამატება“, რომელიც 1861-1876 წლებში გამოდიოდა. 1863 წლიდან გაზეთის პროგრამა გაფართოვდა, მასში ვაჭრობის შესახებაც იბეჭდებოდა წერილები, შეიცვალა მისი ქვესათაურიც – „მამულის პატრონობის და ვაჭრობის გაზეთი“.უნდა აღნიშნოს, რომ გუთნის-დედის დაარსების თარიღად 1862 წლის 1 იანვარი მიიჩნეოდა. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში ამ ჟურნალის 1862 წლის კომპლექტში მივაკვლიეთ 1861 წლის 15 დეკემბრს გამოსულ მის პირველ ნომერს, რომელიც ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიის შემდგენელს, გიორგი ბაქრაძეს შეუმჩნეველი დარჩენია.

პირველი ქართული აგრონომიული გაზეთ გუთნის-დედა –„ადგილმამულის მართვის ფურცელი, როგორც მას რედაქციაში ეძახდნენ, თვეში ორჯერ გამოდიოდა. მის ფურცელზე იბეჭდებოდა 60-70-იანი წლების საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოფლის მეურნეობის მდგომარეობის ამსახველი ვრცელი მასალები, მთავრობის განკარგულებები, ეკონომიკის საკითხები, სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებები, რჩევები, სახელმძღვანელო სტატიები და თარგმანები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან. გუთნის-დედა სასოფლო-სამეურნეო ჟურნალის გამოცემის პირველი მცდელობა იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობისათვის. ამის შესახებ, კერესელიძე წერდა: მრთელის ხალხში დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილ-მამულის მართვის წარმოებასა. ადგილ-მამულის მართვა არის უპირველესი და უმთავრესი საგანი კეთილ მდგომარეობისათვის მრთელის ხალხისა. ეს არის ის იმედი, რომლითაც ყოველი სახელმწიფო მოელის აღყვავებასა(„გუთნის-დედა“. - 1861. - №1.- 15 დეკ.- გვ. 2).

გაზეთში ივანეს თანამშრომლობას უწევდნენ: თ. ს. გურგენიძე, კ. მამაცაშვილი, კ. მამაცაშვილი, ა. ნათიშვილი, ნ. პაული, ივ. სერებრიაკოვი, ლ. სერებრიაკოვი, ივ. სულხანიშვილი,  ალ. შანშიაშვილი, ი.რუსიშვილი  და სხვანი.

ივანე კერესელიძის „ერთ ბეწვა სტამბას“ ნიკოლოზ ბერძენიშვილი აღწერდა: ...პატარა ოთახი, ორი ვიწრო ფანჯრით მკრთალად გაშუქებული, იტევს სტამბას მისი მოწყობილობით. ვაი-უბედურებით მოჭუჭყულად არც თუ ახალი მოწყობილობისა და მტკიცე სიმაგრის საბეჭდი დაზგაც, რომელიც მუშაობისას საბრალო ჭრიალს გამოსცემს, საღებავის ასაზელი მაგიდაც, შრიფტის კასაც და მუშებიც, ორი თუ სამი... ახალგაზრდა, ცოცხალი ბიჭები, რომლებიც აქაც ისევე გულმოდგინედ ფართიფურთობენ, როგორც ერთი წლის წინ ვენახებში ვაზებთან... განა ამ ბიჭებს შეეძლოთ წარმოედგინათ, რომ ბედი... გუტენბერგის ხელოვნების ტაძარში მოიყვანდათ?... ადამიანები, რომლებიც მებაღეებად, მევენახეებად ემზადებოდნენ, მოხვდნენ წყნარ, მაგრამ მათთვის მეტად უცნაურ წიგნისმბეჭდაობის სახელოსნოში“.

სტამბაში ივანე, უმთავრესად თვითონ მუშაობდა, დროდადრო სტამბის მუშებიც ჰყავდა. უსახსრობის გამო ხშირად ხელფასის მიცემას ვერ ახერხებდა და სოფელ-სოფელ შეგროვილ სურსათს უნაწილებდა მათ. ისინი სტამბას ტოვებდნენ და ივანეღა იყო ასოთამწყობი, მბეჭდავი, კორექტორი, ამკინძავიცა და ყველა სამუშაოს შემსრულებელი. ამ დროს ივანეს დამხმარე და შემწე იყო მისი მეუღლე – ნინო უზნაძე. ხელისმომწერთა მოსაპოვებლად და დარჩენილი ვალების დასაფარავად გამომცემელი სოფელ-სოფელ დადიოდა, ხან ფეხით, ხან ცხენით, ხან ურმით. გუთნის-დედის“ ფასი თავდაპირველად, 1861 წელს სამი მანეთი, „ცისკარზედ“ ხელისმომწერთათვის კი ერთი მანეთი იყო. მომდევნო წლებში ივანემ გაზეთის ღირებულება ორ მანეთამდე შეამცირა, მაგრამ ხელისმომწერნი ხშირად მაინც ვერ ახერხებდნენ თანხის გადახდას, მის ნახევარი აუკრეფავი რჩებოდა და რედაქტორს თვითონ უხდებოდა ხარჯების დაფარვა.

თანამემამულეებს ივანე გულწრფელად უმხელდა სტამბის გასაჭირს, უცხოელებთან კი ამაყად ეჭირა თავი: ასე მცირე ხელისმომწერთა იმედით ჟურნალს როგორ გამოსცემო, გაოცებულა ალექსანდრე დიუმა, ივანეს ნათქვამზე: 600 ხელისმომწერი მყავსო“. სინამდვილეში ივანემხოლოდ 60 ხელისმომწერი ჰყავდა, რის შესახებაც ის სევდიანი ირონიით იხსენებდა: ბევრი არ მომიტყვილებია... მხოლოდ ერთი ნოლი მივუმატეო.

 მთავარმართებლისაგან მიღებული დახმარება მალე დაიხარჯა და ივანე ვალში ჩავარდა. იგი შემდგომში ზაქარია ჭიჭინაძეს უამბობდა: მე მეურნეობის მცოდნე სერებრიაკოვს მივმართე და გუთნის-დედაში თანამშრომლობა შევთავაზე. მან ამისათვის წელიწადში ხუთასი მანეთი მოითხოვა, რისი საშუალებაც მე არ მქონდა. ბოლოს მითხრა: შენი მამული, რომელიც ელისაბედის ქუჩაზე მდებარეობს, მომყიდე და შრომას იმაში გამოგიქვითავო. ასე მოვრიგდით. 400 საჟენი მიწა 1000 მანეთად დავუმტკიცე, აქედან 500 მანეთი გუთნის-დედის გამომიბარა და 500 მანეთი უნდა მოეცა, მაგრამ მეოთხე თვეს იგი გარდაიცვალა, ვერც 500 მანეთი მივიღე... მამულიც მის ნათესავებს დარჩა საკუთრებად“.   ახალგაზრდა ენთუზიასტი გულს მაინც არ იტეხდა. მისი რწმენით, ქართველი ხალხისთვის აუცილებელი იყო სასოფლო-სამეურნეო განათლების მიღება და მიწათმოქმედების აღორძინება. გაზეთის თვითოეული ნომრის გამოცემა წამებად გადაექცა, მეგობრების დახმარება ვეღარ გასწვდა გაზრდილ ვალებს. 1870 წლის მარტში, ივანე იძულებული გახდა სტამბა სამი წლით, იჯარით გადაეცა მარტირუზიანცისათვის, რომელმაც იგი კუკიაზე გაიტანა, მირზოევის სახლში. ამ ფაქტმა, უფრო გაართულა გამოცემის საქმე.

გუთნის-დედას ივანე 1872 წლამდე რედაქტორობდა. ამ დროისათვის სტამბა, ძირითადად, ცისკრისა და გუთნის-დედის გამოცემით იყო დაკავებული. ხელისმომწერთა რაოდენობა მკვეთრად მცირდებოდა და მთელი ხარჯები გამომცემელს აწვებოდა მხრებზე. ზარალის დასაფარავად მან სახლი და მამულები გაყიდა თბილისსა და ბოგვში, მაგრამ, მაინც ვერა გააწყო რა. 1873 წელს, მარტში ივანემ ვალის გასტუმრება მოახერხა და სტამბის ყოველი კუთვნილება, გარდა ასოებისა, კვლავ დაიბრუნა, ხელახლა გამართა, ახალი ასოები ჩამოასხმევინა და ბეჭდვა განაახლა დაქირავებულ სახლში –„სალდათის ბაზარში, იარმუკაზე. გამომცემლის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, უსახსროდ დარჩენილმა ივანემ სტამბა ვეღარ შეინარჩუნა და იმავე წლის ბოლოს, თავის ყოფილ მოსწავლეს – ექვთიმე ხელაძეს მიჰყიდა. ექვთიმემ სტამბა ბებუთოვის სახლში განათავსა ხანის (ამჟამად გ. ტაბიძის) ქუჩაზე.

1873 წელს „გუთნის-დედა“ გადავიდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების მმარველობაში. გაზეთის რედაქტორებად დაინიშნენ ანტონ ფურცელაძე და აგრონომი ა. ვართანოვი. ამ დროიდან „გუთნის-დედა“ გამოდიოდა ქვესათაურით – „სამეურნეო გაზეთი“. 1874 წლის 31 აპრილიდან ვართანოვი რედაქციიდან წავიდა და მთელი პასუხისმგებლობა ანტონ ფურცელაძეს დაეკისრა. გაზეთმა  1876 წლამდე იარსება.

                      

იხილეთ:  ნინო ხვედელიძე. ივანე კერესელიძის საგამომცემლო მოღვაწეობა და პირველი ქართული   სასოფლო სამეურნეო გაზეთი  // საქართველოს ბიბლიოღეკა.- N1(58). - 2015. - გვ. 6–10.