ყილოშტყებამი = ვეფხისტყაოსანი : [პოემა]
 07/12/2022

„ვეფხისტყაოსანი" შოთა რუსთაველის ეს უკვდავი ქმნილება, რომელიც საქართველოს ოქროს ხანის მხატვრული და საზოგადოებრივ-ფილოსოფიური აზროვნების გვირგვინს წარმოადგენ, საყოველთაოდ არის აღიარებული მსოფლიო მნიშვნელობის წერილობითი კულტურის ძეგლად. ხოლო მის შესწავლასა და კვლევა-ძიებას უამრავი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა რუსთველოლოგებმა. მიუხედავად ამისა, გენიალური შემოქმედისა და მოაზროვნის მიერ შუასაუკუნეების აღმოსავლური და დასავლური კულტურების ორგანულად შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბებული და განუმეორებელი მხატვრული ოსტატობით გადმოცემული ჰუმანისტური მსოფლმხედველობა იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველია, რომ პოემის მრავალი ასპექტი დღემდე ბოლომდე არ არის გამოკვლეული და დავის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა მეცნიერული თუ დილეტანტური ჰიპოთეზის ავტორთა შორის. „ვეფხისტყაოსანი" ნათარგმნი და გამოცემულია, როგორც საქართველოში მცხოვრები მსხვილი ეთნიკური ჯგუფების ენებზე, ასევე ორ ქართველურ ენაზეც - მეგრულად და სვანურად. 1966 წელს, რუსთაველის 800 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მოხერხდა პოემის კაკა (კონსტანტინე) ჟვანიასეული ჩინებული თარგმანის მცირე ტირაჟით გამოცემა სახელწოდებით „ყილოშტყებამი". წინამდებარე გამოცემისთვის შეირჩა ბეჯითი (ბენედიქტე) ჯალაღონიას თარგმანი, როგორც საუკეთესო რუსთაველისეულ ტექსტთან მაქსიმალური სიახლოვის, ავტორის მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიის სრულყოფილად გადმოცემის, მისი ღრმად ფილოსოფიური ნააზრევის შეურყვნელად წარმოდგენის, პოემის სიუჟეტური ქარგის განვითარებისა და მოქმედების უწყვეტი ჯაჭვის შენარჩუნების, პოეტური ენის, რიტმისა და აზრის ჰარმონიულობისა და ლაკონურობის, ასევე შოთას ლექსის უზადო ტექნიკის შესაფერად გადმოღების თვალსაზრისით. პოემა თავიდან ბოლომდე ნათარგმნია ოთხსტრიქონიანი, უნაკლოდ გარითმული და აზრობრივად დასრულებული სტროფებით, მეგრულ მეტყველებაში შემონახულმა ზანური (კოლხური) ულევმა ლექსიკურმა მარაგმა, ხალხური სიტყვიერების სიმდიდრემ, ასევე ბეჯითი ჯალაღონიას მიერ ენის ზედმიწევნით სრულყოფილად ფლობამ უზრუნველყო რუსთაველის დიდებული პოემის შესანიშნავი თარგმანის შექმნა.