მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა VI-VII = Museum and cultural heritage VI-VII : მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კრებული 1
 08/12/2022

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევის ცენტრში ჩატარდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამეცნიერო კონფერენცია - „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა". კონფერენცია მიზნობრივი ხასიათისაა და უმთავრესად სამუზეუმო პრობლემატიკასა და საქმიანობას ეძღვნება. დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში არსებული ერთეულია. მუზეუმ-ნაკრძალი აერთიანებს მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ისტორიული დიდი მცხეთის არქეოლოგიურ და არქიტექტურულ კომპლექსებს. ესენია - სამთავროს არქეოლოგიური ველი და ბაიათხევი, არმაზციხე, მცხეთის აკლდამა, ქართლის ერისთავთა არმაზისხევის რეზიდენცია და მცხეთის კარიბჭე. მცხეთის მუზეუმის კოლექციას 23 000-ზე მეტი ექსპონატი შეადგენს. 2019-2020 წლების სამეცნიერო კრებულის შინაარსს, სწორედ მცხეთის მუზეუმის მუზეოგრაფიული პროგრამისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კვლევები შეადგენს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საექსპოზიციოდ სასურველი თემატიკა. მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიურ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციების შესახებ წარმოებული უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგები, ამ კოლექციების ატრიბუცია-ინტერპრეტაცია, ექსპონირების თანამედროვე ხერხები და საშუალებები, სხვადასხვა ინიციატივები, მცხეთის მუზეუმის განვითარების, თანამედროვე სამუზეუმო ინფრასტრუქტურის განსხვავებული ხედვები და საჭიროებები, მუზეუმის მნიშვნელობა ქვეყნის სამომავლო კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკური განვითარებისათვის, თანამედროვე დამთვალიერებლის ბაზრის კვლევისა და დამთვალიერებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესების აუცილებლობა, სამუზეუმო მარკეტინგული ხერხები, მუზეუმის შინაარსის თანამედროვე ინტერპრეტეცია. კონფერენციის შედეგები მნიშვნელოვნად წაადგება მცხეთის ახალ მუზეუმს.