საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გურამ შარაძის ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. „ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამორჩეული მეცნიერის, ფილოლოგ გურამ შარაძის ხსოვნის საღამო გაიმართა. მას უყვარდა ეს კედლები. ბიბლიოთეკა მისთვის განსაკუთრებული ადგილი იყო. ჩემს წიგნში „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის" ერთი თავი გურამ შარაძეს ეძღვნება. ამ თავში საუბარია იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ბატონი გურამი კოლხური კოშკის და მასში დაცული არქივის გადარჩენას. მცირედით მაინც მამშვიდებს ის, რომ სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე მისთვის მადლობის გადახდა მოვახერხე", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის პირადი კოლექციიდან XVII საუკუნის იტალიური მხატვრობის ნიმუში გადასცა.
მანამდე რუსუდან შარაძემ მამის კერძო კოლექციიდან ეროვნულ ბიბლიოთეკას ლადო გუდიაშვილის, თენგიზ მირზაშვილის, ვლადიმერ გრიგოლიას, უჩა ჯაფარიძის, კოტე კვალიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები გადასცა.
გურამ შარაძის არქივი და კოლექცია ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში მდებარე გურამ შარაძის კაბინეტში ინახება.
საღამოზე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული გურამ შარაძის წიგნები, ჩატარდა დოკუმენტური ფილმის ჩვენება.