22-23 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პირველად საქართველოში, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება - ბუკინისტური წიგნის ფესტივალი გაიხსნა.
საგამოფენო დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ: „ჩვენთვის პატივია, რომ ამ ისტორიულ კედლებში, პირველად საქართველოში, ვხსნით ბუკინისტური წიგნის ფესტივალს, რომელიც ემთხვევა წიგნის საერთაშორისო დღეს. წიგნი მხოლოდ ტექსტი არ არის. იგი დროის მატარებელია. ყოველი ძველი გამოცემა, ყოველი გაცვეთილი ყდა და ხელით მინაწერი გვერდი გვიყვება ისტორიებს არა მხოლოდ ავტორების, არამედ მკითხველების, ეპოქების, რეალური განცდებისა და გზების შესახებ. ბუკინისტური წიგნი კი ამ ისტორიის ყველაზე ცოცხალი მატარებელია — იგი გვაკავშირებს წარსულთან ისე, როგორც ამას ვერცერთი თანამედროვე ტექნოლოგია ვერ შეძლებს. ფესტივალი სწორედ ამ კავშირის აღდგენასა და გაძლიერებას ემსახურება. აქ თავმოყრილია არა უბრალოდ ნივთები, არამედ კულტურული მემკვიდრეობა — წიგნები, ჟურნალები, ფოტოები, აფიშები, პოსტერები, ღია ბარათები, რომლებიც ქმნიან ჩვენს საერთო მეხსიერებას. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ინფორმაცია სწრაფია, ციფრულია და ხშირად — ხანმოკლე. ასეთ დროს ბუკინისტური წიგნი გვახსენებს სიღრმეს, მდგრადობასა და ნამდვილობას. ეროვნული ბიბლიოთეკის მისია ყოველთვის იყო ცოდნის დაგროვება, დაცვა და გავრცელება. მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენი პასუხისმგებლობაა შევქმნათ სივრცე, სადაც კულტურა ცოცხლობს, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, აზრებს ცვლიან, პოულობენ შთაგონებას. ეს ფესტივალი სწორედ ასეთი სივრცეა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საგამოფენო დარბაზი გახდება აღმოჩენების ადგილი, სადაც ესა თუ ის პირი იპოვის დიდი ხნის ნანატრ წიგნს ან აღმოაჩენს ახალ ავტორს, ხოლო ვინმე სხვა უბრალოდ იგრძნობს იმ განსაკუთრებულ ემოციას, რომელსაც მხოლოდ ძველი წიგნის შეხება იწვევს. მოგიწოდებთ, იაროთ, დაათვალიეროთ, შეეხოთ, შეიძინოთ და — რაც მთავარია — წაიკითხოთ“.
ბუკინისტური წიგნის ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.
ფესტივალზე მოსულმა სტუმრებმა მოისმინეს სულხან სალაძის საჯარო ლექცია იმ უძველესი რუკების შესახებ, რომლებზეც საქართველო არის აღნიშნული. წიგნების რესტავრაციის საკითხებზე ტრენინგს ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების უფროსი გიული პაქსაშვილი გაუძღვა. ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია იხილეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პროგრამაში. პროგრამის ბმული იხილეთ ბმულზე.