საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ერთობლივი პროექტის, „საქართველოს ისტორიის ლექტორიუმის“ ფარგლებში მესამე შეხვედრა გაიმართა.
28 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა საჯარო ლექცია „1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგენის დღე“. ღონისძიება ისტორიის დოქტორმა პაატა სურგულაძემ გახსნა.
„ორი 9 აპრილი არსებობს. პირველი - 1989 წლის 9 აპრილი არის ტრაგედიის დღე, რომელსაც, რატომღაც, უფრო აღნიშნავენ. მეორე - 1991 წლის 9 აპრილი არის დღე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. იმ პირობებში, როცა სხვა საბჭოთა რესპუბლიკები მხოლოდ უფლებების გაზრდას ითხოვდნენ და დამოუკიდებლობის გამოცხადებას ვერც კი ბედავდნენ, საქართველო იყო რიგით მეორე რესპუბლიკა, ლიეტუვის შემდეგ, რომელმაც, ეროვნული მოძრაობის დიდი ძალისხმევის შედეგად, პირდაპირ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“, - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ. მან დეტალურად ისაუბრა მოვლენებზე და წინაპირობებზე, რომლებიც წინ უძღოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ასევე მიმოიხილა პროცესები, რომლებიც განვითარდა 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ - პირველ დღეებსა, თვეებსა და წლებში.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. კონსტანტინე გამსახურდიამ უპასუხა დასმულ შეკითხვებს.