გამოფენა „ქართველი დიპლომატები პანდემიის პირისპირ"
 22/05/2020

22 მაისს  შესრულდა ბოლო სპეცრეისი თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით. ეს არის სიმბოლური დასასრული იმ დიდი პროცესისა, რომელიც საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით ბოლო 3 თვის განმავლობაში აწარმოა საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ორგანიზებულად და ეტაპობრივად დასაბრუნებლად. 21 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 21 012 მოქალაქეს, ხოლო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 12 409 მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ერთობლივ ვირტუალურ გამოფენას „ქართველი დიპლომატები პანდემიის პირისპირ". გამოფენა ეძღვნება საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საგანგებო რეჟიმში გაწეულ საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც ქართველი დიპლომატები პანდემიის კვალდაკვალ მომსახურებას უწევდნენ და ზრუნავდნენ COVID-19-ით დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებზე საზღვარგარეთ.

გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ პროდუქტით, თავშესაფრით, ტრანსპორტითა თუ მედიკამენტებით. კრიზისის დასაწყისშივე გაიხსნა შესაბამისი ცხელი ხაზები საელჩოებსა და საკონსულოებში. ჯერ კიდევ თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრომ  განახორციელა საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია ჩინეთიდან, შემდეგ კი - იტალიიდან. ქართველი დიპლომატების მიერ განხორციელებული წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს მთავრობამ შეძლო ქვეყნისთვის საჭირო ნედლეულისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოპოვება. მუდმივ რეჟიმში წარმოებდა ონლაინ კონსულტაციები ექიმ-ეპიდემიოლოგებთან, პედიატრებთან და ფსიქოლოგებთან უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა დახმარების მიზნით.

მართალია, ფოტოები სრულად ვერ ასახავს ქართული დიპლომატიური კორპუსის მიერ გაწეულ საქმიანობას, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეუქმნის საზოგადოებას დიპლომატების საქმიანობის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებობის ისტორიაში  ბრძოლა უხილავი ვირუსის წინააღმდეგ განსაკუთრებული გამოწვევა იყო, რომელსაც ქართველი დიპლომატები წარმატებით გაუმკლავდნენ. ამ გამოფენის მეშვეობით გვსურს,  მადლობა გადავუხადოთ ყველა დიპლომატს, ყველა საჯარო უწყებას თუ კერძო კომპანიას, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ჩართული იყვნენ მოქალაქეთა დახმარებისა და სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

ფოტოგამოფენის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს: ქართველი დიპლომატები პანდემიის პირისპირ

გამოფენაზე მუშაობდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.