გამოფენა „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“
 05/04/2020

ფოტოგალერეის დასათვალიერებლად გახსენით ბმულები:

ქართველი სამედიცინო პერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე

ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე

უცხოელი სამედიცინო პერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე

ქვეყნის ჯანდაცვის რეაგირება Covid-19-ზე

საგანმანათლებლო მასალა Covid-19-ზე


7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უძღვნის ვირტუალურ გამოფენას სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე".

გამოფენა ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში. ვირტუალური ექსპოზიცია ასევე მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს. გამოფენას თან ერთვის საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას  ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი  გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წესრიგი COVID-19-მა თავად განსაზღვრა. 

2020 წლის 7 აპრილის თემა ეძღვნება ექთნების და ბებიაქალთა ღვაწლს ზოგადად მედიცინაში და კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერების ყურადღებას ამახვილებს უმცროსი სამედიცინო პერსონალის გადამწყვეტ როლზე მსოფლიო ჯანდაცვაში. წლევანდელი კამპანიის დევიზია „მხარდაჭერა ექთნებსა და ბებიაქალებს".

ვირტუალური გამოფენა „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე" სწორედ ამ კამპანიას ეხმაურება და მისი მიზანია პანდემიად ქცეული ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალისადმი  მადლიერების გამოხატვა.

გლობალურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულია 60 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 70% სერვისების უშუალოდ  განმახორციელებელი სამედიცინო პერსონალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნებში უნივერსალური ჯანდაცვის მისაღწევად 2030 წლისთვის დამატებით 18 მილიონი სამედიცინო პერსონალი იქნება საჭირო.

გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მესამე მიზანი ეხმიანება რესურსების ზრდას როგორც ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების, ასევე სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და შენარჩუნების საკითხებს. 

უკანასკნელი დეკადების განმავლობაში, საქართველოში ექიმების რაოდენობა ჭარბობს ექთნების რაოდენობას და ექთნების რაოდენობის ექიმების რაოდენობასთან შეფარდება ბოლო 5 წლის განმავლობაში არ აღემატება 0.8-ს.  საქართველოში 31000-მდე ექიმი, 18000-ზე მეტი ექთანი და 500-მდე ბებიაქალია.                   

COVIID-19-მა არა მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, არამედ მთელი პლანეტის დღის წესრიგი შეცვალა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მომავალში ეს ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება, თუმცა მანამდე მსოფლიო ვირუსის დასამარცხებლად იბრძვის. ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი სამედიცინო პერსონალია. დღეს სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავგანწირვაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის ბედი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. წინა ხაზზე მებრძოლთა შორის არიან ქართველი ექიმებიც, რომელთა წარმატებაზე ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, სტატისტიკა და მსოფლიო ექსპერტების შეფასებები მეტყველებს.

გამოფენა "სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე" ბევრი, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი და ასევე, უცნობი მედპერსონალის სახეებს გაგვაცნობს.

გამოფენაზე მუშაობდნენ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები: ნინი ბუაძე, ლელა კვაჭანტირაძე, ანა პაპასკირი; ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები: გიორგი კეკელიძე, ია გორგიშელი, გულიკო გორდელაძე, მაია შონია, ლაშა გველესიანი, თამარ ხუციშვილი.

 

# # #

ვრცლად ჯანმრთელობის მსოფლიო დღის შესახებ

მხარდაჭერა ექთნებისა და ბებიაქალების მიმართ

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას  ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი  გადაჭრის გზებზე.

მიმდინარე წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მთავარ თემას წარმოადგენს -  ბებიაქალებისა და ექთნების მხარდაჭერა.1

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზს უსვამს ექთნებისა და ბებიაქალების საქმიანობის მნიშვნელობას და შეახსენებს მსოფლიო ლიდერებს მათ როლზე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.  დღეს სამედიცინო პერსონალი COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება და უზრუნველყოფს მკურნალობისა და მზრუნველობის მაღალ ხარისხს, მუდმივ კავშირში არის პაციენტებთან, მონაწილეობს მონაცემთა შეგროვების პროცესში კლინიკური კვლევების წარმოებისათვის. 

2020 წლის თემა ხაზს უსვამს ექთნებისა და ბებიაქალების როლს არსებულ მდგომარეობაში გლობალურ დონეზე. ჯანმო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები მუშაობენ რეკომენდაციებზე ექთნებისა და ბებიაქალების გაძლიერების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ეროვნულ და გლობალურ დონეზე არსებული გამოწვევების, მათ შორის უნივერსალური ჯანდაცვის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, გადამდები და არაგადამდები დაავადებების, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის, საგანგებო მდგომარეობებისადმი მზადყოფნისა და სწრაფი რეაგირების, პაციენტთა  უსაფრთხოებისა და კომპლექსური, ადამიანზე ორიენტირებული მომსახურების და ა.შ. მისაღწევად.

ჯანმო მოუწოდებს წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ექთნებისა და ბებიაქალების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებში სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას.

თანამედროვე ექთნის პროფესიას საფუძველი ჩაუყარა ფლორენს ნაიტინგეილმა (1820-1910), რომელმაც 1860 წელს ლონდონში, წმ. ტომასის სახელობის საავადმყოფოში გახსნა პირველი სკოლა ექთნებისთვის. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყირიმის ომის დროს მედდებისათვის ტრენინგების ჩატარებით, დაჭრილი სამხედროების ორგანიზებული მოვლის სისტემის ჩამოყალიბებით. 

ნაიტინგეილის ღვაწლი სათანადოდ არის დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს“დებენ, ხოლო „ფლორენს ნაიტინგეილის მედალი“ უმაღლესი ჯილდოა ექთნებისთვის.

ფლორენს ნაიტინგელის დაბადების დღე - 12 მაისი - დადგენილია ექთნების საერთაშორისო დღედ.

ფაქტები:
  • მსოფლიოში ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში დასაქმებული პერსონალის 70% ქალები არიან. მათ დიდ ნაწილს წარმოადგენენ ექთნები და ბებიაქალები.
  • ექთნები და ბებიაქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პაციენტთა მოვლის პროცესში. მათ შორის ეპიდაფეთქებების, სტიქიური მოვლენებისა და კონფლიქტების დროს.
  • „ჯანმრთელობა ყველასათვის" მიდგომა დამოკიდებულია მაღალკვალიფიციურ, ტრენირებულ ექთნებსა და სხვა საშუალო სამედიცინო პერსონალზე, რომლებიც იღებენ საქმიანობის ადეკვატურ შრომით ანაზღაურებას და დაფასებას.
  • ექთნებისა და ბებიაქალების პაციენტებისადმი დამოკიდებულება დამყარებულია ნდობაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი როლი ეპიდაფეთქებების, სტიქიური მოვლენებისა და კონფლიქტების დროს.
  • ბებიაქალთა რესურსების გაძლიერებაში ჩადებული მეტი ინვესტირება დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ოჯახის დაგეგმვაში, ხელს შეუწყობს  დედათა, ახალშობილთა სიკვდილობისა და მკვდრადშობადობის 80%-ით შემცირებას; ბებიაქალების მეთვალყურეობის გაძლიერებით, ორსულობიდან პოსტნატალური პერიოდის დასრულებამდე, შესაძლებელია ნაადრევი მშობიარობის თითქმის მეოთხედით შემცირება.
  • ქვეყნების უმრავლესობაში ექთნებისა და ბებიაქალების უსაფრთხოება არ არის სათანადოდ დაცული.

მნიშვნელოვანია ინვესტიციების განხორციელება ხუთი მიმართულებით:

o   ინვესტიციების გაძლიერება ექთნებისა და ბებიაქალთა განათლების სფეროში;

o   მეტი სერტიფიცირებული ექთნის დასაქმება;

o   ინვესტიცია ექთნებსა და ბებიაქალებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით;

o   ბებიაქალებისა და ექთნების როლის გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის რგოლში;

o   ექთნებისა და ბებიაქალების საქმიანობის მხარდაჭერა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და  დაავადებათა პრევენციის მიმართულებით.2

_______________________________________

წყარო: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

1https://www.who.int/news-room/campaigns/world-health-day/world-health-day-2020

2https://www.who.int/news-room/campaigns/world-health-day/world-health-day-2020/key-facts-on-world-health-day-2020