ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილი კანდიდატები
 03/05/2022

3 მაისს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოს კანდიდატები წარადგინა. ესენია:

1. ნინო ჩაკვეტაძე - ილუსტრატორი;

2.  ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა.

წელს წარდგენილ კანდიდატთა შორის გამარჯვებული 2023 წლის გაზაფხულზე გამოვლინდება.

ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად ორ კანდიდატს წარადგენს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო  მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში, რის გამოც მას „საბავშვო ნობელს" უწოდებენ. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 440 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.

პრემიაზე წარდგენილთა სრული სიის პრეზენტაცია ხდება ყოველწლიურად ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, ხოლო გამარჯვებული ცხადდება ყოველწლიურად მარტში ან აპრილში ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობასა და სტოკჰოლმში. 

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეიძლება ნომინირებულნი იყვნენ ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაცები. სხვადასხვა დროს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პრემიაზე წარადგინა: ზაზა აბზიანიძე - მწერალი, ნინო ჩაკვეტაძე - ილუსტრატორი, სოფიო კინწურაშვილი - ილუსტრატორი, თამრი ფხაკაძე - საბავშვო მწერალი, თეა თოფურია - მწერალი, წიგნის ხელოვნების ცენტრი (ხელმძღვანელი ოთარ ყარალაშვილი), ნატო დავითაშვილი, ინგა გოგიბერიძე - მწერალი, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, ვასილ გულეური - მწერალი, გურამ პეტრიაშვილი - მწერალი, მარიამ წიკლაური - მწერალი, ბონდო მაცაბერიძე - მწერალი, გამომცემელი, გიორგი ჩაჩანიძე - ილუსტრატორი, სანდრო ასათიანი - მწერალი და ილუსტრატორი, ირმა მალაციძე - მწერალი, მასწავლებელი, ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა.