გამოფენა „უცხოელი ქართველოლოგები“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 23/12/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „უცხოელი ქართველოლოგები" გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა, უცხოელი ქართველოლოგების გამონათქვამები საქართველოს შესახებ, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ქართველოლოგთა ნაშრომები სხვადასხვა ენაზე.

გამოფენა მოამზადა ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომელმა დარეჯან თეთრაშვილმა, საგამოფენო მასალები ტექნიკურად მოამზადა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა თამარ წიკლაურმა.  

 „მადლობა გამოფენის იდეის ავტორს, ემზარ ჯგერენაიას, ასევე მადლობა ქართველოლოგიის განყოფილებას - ნანა მაჭავარიანსა და დარეჯან თეთრაშვილს ამ ძალიან საინტერესო გამოფენის მოწყობისთვის. ქართველოლოგებს უამრავი შრომა აქვთ მიძღვნილი საქართველოსთვის. ჩვენს შესახებ ბევრი ამბავი სწორედ ქართველოლოგებისგან ვიცით. მომავალში ამ თემას შეიძლება კალენდარიც მიეძღვნას და ცალკე გამოცემაც", - ამ სიტყვებით გახსნა ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

„ქართველები თუ რამემ მოგვიყვანა აქამდე, ჩვენმა კულტურამ. ჩვენ ვსწავლობთ სხვებს და სხვებიც გვსწავლობენ ჩვენ. ჩვენი კარები ყველასთვის ღიაა. მადლობა დარეჯან თეთრაშვილსა და თამარ წიკლაურს გამოფენის მომზადებისთვის", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ.

„ელექტრონულ ბაზა „უცხოელი ქართველოლოგების" შექმნა 2017 წლიდან დავიწყეთ. იდეა ჩვენი განყოფილების მაშინდელ უფროს ჟანა ქვათაძეს ეკუთვნოდა. დიდი სიყვარულით ვაკეთებ ამ საქმეს. ძალიან საინტერესოა რა გზებით მოვიდნენ ეს ადამიანები ჩვენამდე და რატომ შეუყვარდათ ასე საქართველო", - ამბობს გამოფენის ავტორი დარეჯან თეთრაშვილი.

„გამოფენაზე ფოტომასალისა და ქართველოლოგთა გამონათქვამების გარდა, წარმოდგენილია ჩვენს ფონდებში დაცული მათი ნაშრომები სხვადასხვა ენაზე. დიდი შრომა გასწიეს ჩვენმა თანამშრომლებმა მასალების მომზადებაზე, მადლობა მათ ამისთვის", - თქვა ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების უფროსმა ნანა მაჭავარიანმა.