გარდაიცვალა თამაზ გამყრელიძე
 10/02/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

თამაზ გამყრელიძე რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა სამეცნიერი მოღვაწეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ის წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე, აკადემიკოს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. იკვლევდა აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს. იყო უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.