გარდაიცვალა ლეილა ზამბახიძე
 22/04/2021

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო მეთოდური საბჭოს მდივანი, ჩვენთვის ყველასთვის პატივსაცემი და საყვარელი ლეილა ზამბახიძე. ყველამ, ვინც იცნობდა ქალბატონ ლეილას და მის მრავალწლიან საქმიანობას, იცის, რომ მისი გარდაცვალებით დასრულდა ქართული საბიბლიოთეკო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპოქა. ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს.

„გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცესი თანამშრომელი, ლეგენდარული ლეილა ზამბახიძე. 93 წლის. მე იშვიათად მინახავს მასზე თანამედროვე და ენერგიული ადამიანი. 27 წლის ვიყავი, ბიბლიოთეკაში როცა მოვედი. პირველივე დღეს მნახა და კატეგორიულად მითხრა; ლეილა დამიძახე, შენზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავსო. ცხადია, რომ არასდროს გამიბედავს ეს ფორმა.

სამი წლის წინ, ,,საუკუნის ბიბლიოთეკარის" სტატუსი რომ მივანიჭეთ, უკვე სახლში იყო და დისტანციურად მუშაობდა. Facebook-ის ახალ ალგორითმზე და რაფაელ-ნადალზე მელაპარაკა. ბოლოს მითხრა; მეგონა გათავისუფლების ბრძანება მომიტანეო - ხუმრობით, ცხადია, თორემ მშვენივრად იცოდა - ლეილასნაირებს სუპერ-ქალებს სამსახურიდან მხოლოდ ღმერთი ათავისუფლებს, ისიც მაშინ, როცა თავისთან მიჰყავს. ახლა ავუსრულებ იმ თხოვნას და ასე ვეტყვი: დროებით ლეილა! ჩვენ აქ სანამ ვართ, ვეცდებით შენსავით ახალგაზრდები ვიყოთ", - წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.