დიმიტრი არაყიშვილის არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
 16/11/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გახსნა. დიმიტრი არაყიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს მისი ოჯახის წევრებმა.

საღამოზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტმა სტუდენტებმა შეასრულეს დიმიტრი არაყიშვილის რომანსები. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კი შეასრულეს საგალობლები და ხალხური სიმღერები, რომლებიც თავის დროზე დიმიტრი არაყიშვილმა ჩაწერა.   

ოჯახმა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს გადასცა დიმიტრი არაყიშვილის არქივი - პირადი ნივთები (მათ შორის კომპოზიტორის როიალი და ავეჯი), ხელნაწერები, სხვადასხვა წლებში გამოცემული ნაწარმოებები, წერილები, ფოტოები, ავტოგრაფიანი წიგნები კომპოზიტორის პირადი ბიბლიოთეკიდან, ნახატები და სხვ.

უახლოეს მომავალში დაიწყება ამ უნიკალური საარქივო მასალების დამუშავება, შემდეგ გაციფრება და ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში განთავსება. თავად მასალები კი, დიმიტრი არაყიშვილის კაბინეტში განთავსდება, რომელიც   ეროვნულ ბიბლიოთეკაში უახლოეს მომავალში გაიხსნება.