ევგენი ვეიდენბაუმის „კარტოთეკა“ - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
 10/01/2022

„კარტოთეკა" - ასე ეწოდება ევგენი ვეიდენბაუმის (1845-1918) ნაშრომს, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა.  

კავკასიოლოგი, ეთნოგრაფი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ევგენი ვეიდენბაუმი წლების მანძილზე განაგებდა კავკასიის მუზეუმის ბიბლიოთეკას. დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად დააარსა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება. იყო  მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების (შეიქმნა 1901 წელს) კავკასიის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მის ნაშრომებში განხილულია კავკასიის ხალხების ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხები. სწავლობდა საქართველოს ისტორიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს შრომები რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ. სწავლობდა ქართული პრესის ისტორიას. თარგმნა უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. ევგენი ვეიდენბაუმის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 

ევგენი ვეიდენბაუმი წლების მანძილზე მუშაობდა კარტოთეკაზე, რომელიც მოიცავს იმ სამოქალაქო და სამხედრო პირთა  ბიობიბლიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში კავკასიაში მოღვაწეობდნენ. მან თავის დროზე ვერ დაასრულა ნაშრომზე მუშაობა და გამოსაცემად მომზადება, თუმცა არსებული მასალაც ძალზე მნიშვნელოვან და მდიდარ ისტორიულ ცნობებს მოიცავს.