ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა - „აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“
 05/11/2020

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს სთავაზობს ახალ გამოცემას, სოხუმელი მეცნიერის სალომე ბახია-ოქრუაშვილის მიერ შედგენილ „აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებით ლექსიკონს".

გამოცემა ამ ტიპის ლექსიკონის გამოქვეყნების პირველი ცდაა. მასში შესულია 1500-მდე ეთნოგრაფიული ტერმინი. აღსანიშნავია ისიც, რომ ლექსიკონში აფხაზური ენის დამწერლობისთვის უფრო შესაფერისი ქართული შრიფტია გამოყენებული. ტერმინები აფხაზურად, განმარტებები კი ქართულ ენაზეა გადმოცემული. ლექსიკონის შედგენისას გამოყენებულია როგორც აფხაზეთში წლების მანძილზე აფხაზი მთხრობელებისგან ჩაწერილი მასალები, ასევე სხვა ლექსიკონები და სამეცნიერო ნაშრომები.

წიგნის რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აფხაზური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე. გამოცემის რეცენზენტები არიან: როლანდ თოფჩიშვილი, ზურაბ პაპასკირი, კახა კვაშილავა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით ლექსიკონის 15 ეგზემპლარი სოხუმში გაიგზავნა.