ეროვნული ბიბლიოთეკის სტენდი ბაქოს წიგნის ფესტივალზე
 06/10/2021

6-10 ოქტომბერს ბაქოში გამართულ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი სტენდი იყო წარმოდგენილი.

ქართულმა მხარემ სხვადასხვა გამომცემლობის მიერ სპეციალურად ამ ფესტივალზე წარსადგენად გადმოცემული არაერთი საინტერესო წიგნი გამოფინა. მათ შორის იყო ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემებიც. წიგნები ფესტივალის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა.

„ბაქოს წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილ ჩვენს სტენდზე გამოფენილია ბრწყინვალე გამოცემები, რომლებიც სხვადასხვა გამომცემლობამ და ორგანიზაციამ გადმოგვცა საერთაშორისო გამოფენებისთვის. მათ ამ ფესტივალის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავცემთ. დიდი მადლობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალბატონ რუსუდან შარაძეს, ქალბატონ ნინო ჯიშკარიანს, ბატონ ბუბა კუდავას ეროვნული ბიბლიოთეკის სტენდისთვის საუკეთესო გამოცემების გადმოცემისთვის. სტენდზე ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემებიც წარმოვადგინეთ",- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.