ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი IFLA-ს კომიტეტის არჩეული წევრია
 03/06/2021

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი იფლას საორგანიზაციო კომიტეტის წევრია.

ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი IFLA -ს (საბიბლიოთეკო ორგანიზაციებისა და საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის) რეგიონული კომიტეტის წევრი, კერძოდ, ევროპის რეგიონის დივიზიის არჩეული წარმომადგენელია. "გილოცავთ ევროპის რეგიონული კომიტეტის არჩეულ წევრობას. გვიხარია, რომ თქვენ ამ მნიშვნელოვანი ჯგუფის წევრი იქნებით და კომიტეტის საქმიანობაში კარგ წვლილს შეიტანთ" - აღნიშნა IFLA-ს გენერალურმა მდივანმა, გერჰარდ ლაიტნერმა.   

საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია (IFLA) ამ დარგში მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და საინფორმაციო ინსტიტუტებში უახლესი, თანამედროვე სტანდარტების შემუშავებას, რეკომენდაციების მომზადებასა და დანერგვას ემსახურება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ 2020 წელს, საბიბლიოთეკო ორგანიზაციებისა და საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საქმიანობა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა

უნდა აღინიშნოს, რომ IFLA-ს არჩევნები ყოველ ორ-სამ წელში ერთხელ ტარდება და მისი წარმომადგენლობის არჩევის უფლება მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებისა და საბიბლიოთეკო გაერთიანებების ხელმძღვანელებს აქვთ. არჩევნები ნომინაციებში დაგროვილი,  ხმის უმრავლესობის პრინციპით ტარდება, ხოლო ნომინაციებში გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო წარმომადგენლობა კენჭისყრით რეალურ წევრს ირჩევს. ამ შემთხვევაში,  ევროპის დივიზიის წარმომადგენლობა ევროპის კონტინენტის ბიბლიოთეკებმა აირჩიეს.  2021 წელს, IFLA-ს საორგანიზაციო არჩევნებში 2,184  კანდიდატი მონაწილეობდა.  ორგანიზაციის სამუშაო კომიტეტში საქართველოს წარმომადგენლობა პირველად გაწევრიანდა. 

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგები საქართველოს საბიბლიოთეკო საქმიანობის განვითარებაზე დადებითად აისახება.