ილია ჭავჭავაძის ოცტომეულის ციფრული ვერსიის პრეზენტაცია
 09/11/2022

ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა მამარდაშვილში, სხვა კოლექციებთან ერთად, განთავსებულია კოლექცია „აკადემიური გამოცემები", რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ილია ჭავჭავაძის ოცტომეულის ელექტრონული ვერსია.

ეს ვერსია, პროგრამა გრინსტოუნის მეშვეობით, ტექსტის შესწავლისა და კვლევის მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვთავაზობს. მაგალითად, მკვლევრებს საშუალება ეძლევათ ამ ტექსტებში, ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე, იპოვონ მათთვის სასურველი სიტყვა, ფრაზა, წინადადება, რაც სამეცნიერო კვლევის ჩატარებასა და დასკვნების გამოტანას აადვილებს. პროგრამაზე მუშაობა და კოლექცია „აკადემიური გამოცემების" სხვა ავტორთა ტექსტებით შევსება გრძელდება.

ეროვნული ბიბლიოთეკა ასევე ამზადებს ილიას ცნობილი ბიოგრაფის, გრიგოლ ყოფშიძის (ის ილიას თანამშრომელი იყო) მიერ შექმნილი ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის ახალ გამოცემას პროფესორ მერაბ ღაღანიძის რედაქციით.

8 ნოემბერს, ილიას დაბადების დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ციფრული კოლექცია „აკადემიური გამოცემები" წარმოადგინეს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი კილაძემ, სამოქალაქო განათლების განყოფილების უფროსმა ხათუნა კენჭოშვილმა და ამავე განყოფილების თანამშრომლებმა ხათუნა დავითურმა და ნათია შენგელაიამ. ციფრული კოლექციის ამ ვერსიის შექმნაზე სამოქალაქო განათლების განყოფილება მუშაობს.

„სწორედ ამ პროექტებით გვსურს ვუპასუხოთ ილიას დაბადების დღეს", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია.