21 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მარინა ჩხარტიშვილის წიგნის - „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" - წარდგენა გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა გახსნა. მან აუდიტორიას წიგნის ავტორისა და გამოცემის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი თბილისისთვის და საქართველოსთვის თითქმის უტოლდება ფუნიკულიორს და მთაწმინდის პანთეონს. ეროვნული ბიბლიოთეკის ეს გამოცემა საინტერესოდ მოგვითხრობს ამ ადგილის ისტორიას და გვაცნობს იშვიათ დოკუმენტებს არქივიდან", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
წიგნი გვიყვება ეროვნული ბოტანიკური ბაღის დაარსების ისტორიას; დეტალურადაა აღწერილი განვითარების ყველა ეტაპი, ბაღის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურები, ინფრასტრუქტურა, რესურსები.
წიგში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბოტანიკური ბაღის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს - იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დაწესებულების განვითარებაში.
ავტორი მკითხველს აცნობს უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს - არსებულ და მოსალოდნელ შედეგებს.
გამოცემას ერთვის როგორც ბაღის უნიკალური ექსპონატების, ისე მისი დაარსებისა და განვითარების ეტაპების შესახებ ფოტომასალა.
გამოცემის ავტორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს მასალების მოწოდებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.