მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ეროვნულ ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა
 03/12/2019

დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ" საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აგვისტოში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალისა (My.gov.ge) და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების საკითხებს ეძღვნებოდა.

აღნიშნული შეხვედრა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ ბიბლიოთეკის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით სხვადასხვა მომსახურების მიღების უპირატესობის წარმოჩენას ემსახურება.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) შესახებ და კონკრეტული მაგალითების დემონსტრირებით აჩვენეს ის უპირატესობები, რომელთა გამოყენება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას, რომლის გამოყენებაც საგრძნობლად ამარტივებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან ურთიერთობის პროცესს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრების ჩატარება 2020 წელს რეგიონებში მოქმედი ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვისაც იგეგმება.

შეხვედრის ყველა მონაწილეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით შექმნილ სხვა ბრენდირებულ პროდუქციასთან ერთად საჩუქრად გადაეცა ახალი პირადობის მოწმობის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე სხვადასხვა სერვისის მიღება და ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება.