ონლაინფორუმი -„ბიბლიოთეკის ცხოვრება პანდემიის პირობებში“
 15/05/2020

15 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ფორუმი „ბიბლიოთეკის ცხოვრება პანდემიის პირობებში". ფორუმში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერი ტიპის ბიბლიოთეკას.

ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ დააბნია მსოფლიო, არ არსებობდა წინასწარი გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა უხილავ ომში, უხილავ მტერთან ბრძოლა. ერთადერთი იარაღი, რაც მსოფლიოს აღმოაჩნდა, დაუნდობელი ვირუსის წინააღმდეგ სოციალური დისტანცირება და ადამიანის სახლში დარჩენა იყო. ამან გამოიწვია საწარმოების, თითქმის ყველა ინსტიტუციის მუშაობის შეჩერება გაურკვეველი დროით. მატერიალურ კრიზისთან ერთად ყოველივე ამან გამოიწვია ხალხის დაბნეულობა, პასუხგაუცემელი შეკითხვები და რთული სიტუაციიდან გამოსავლის არარსებობა.

ყველა სხვა ინსტიტუციასთან ერთად დაზარალდნენ ბიბლიოთეკები და მისი მომხმარებლებიც. ბიბლიოთეკების კარი გამოიკეტა, ბიბლიოთეკარებს კი აეკრძალათ სამსახურში სიარული და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ჩვეული სერვისების მიწოდებაც.

თითქმის ყველა ბიბლიოთეკის თანამშრომელი ყოველდღიურად ღებულობს ათეულობით წერილს ელ-ფოსტაზე და შეტყობინებას ბიბლიოთეკის სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მოთხოვნებით. ის მომხმარებლები, რომლებიც ბიბლიოთეკის ბეჭდური სერვისებით სარგებლობდნენ და მათი უმრავლესობა მუშაობდა სამეცნიერო და სხვადასხვა სადიპლომო ნაშრომებზე, საჭირო ლიტერატურის გარეშე დარჩნენ. ბიბლიოთეკარებს მოუწიათ ადაპტირება ახალ გარემოებებთან და ლოდინი, თუ როდის დაუბრუნდებიან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს.

ფორუმის მიზანია, შექმნას საინფორმაციო და სამეცნიერო-კულტურული ონლაინპლატფორმა და უზრუნველყოს საქართველოს ბიბლიოთეკების წარმომადგენლების მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ბიბლიოთეკების როლის ტრანსფორმაციას დღევანდელი პანდემიის პირობებში.

ონლაინფორუმში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ბიბლიოთეკარმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. მონაწილეებმა ისაუბრეს  ინფორმაციული საქმიანობის იურიდიულ ასპექტებზე, ელექტრონული წიგნის მომავალზე, საკანონმდებლო პრობლემებსა და ინიციატივებზე, ელექტრონულ და ბეჭდურ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხებზე, პანდემიის პირობებში ბიბლიოთეკების დისტანციური მუშაობაზე.

როგორც ფორუმის მოდერატორმა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა განაცხადა: „ეს ჩვენი პირველი მცდელობა იყო და მიხარია, რომ გარდა წარმოდგენილი მოხსენებებისა, გამოიკვეთა ინტერესთა ჯგუფები რამდენიმე მიმართულებით. დამსწრეთა რეკორდულმა რაოდენობამ კი გვიჩვენა, რომ ასეთი ტიპის ფორუმების ჩატარება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია".

დაისახა შემდეგი ფორუმის ჩატარების გეგმა საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდიდან გარიცხვისა და ჩამოწერის თემაზე, რომელიც ყველა ბიბლიოთეკისთვის აქტუალურია.