რეგიონალურ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა
 20/05/2020

20 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელს აწერენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთად გახსნიან რეგიონალურ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან (COVID-19) და ჯანმრთელობის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებულ საინფორმაციო კუთხეებს. საინფორმაციო კუთხეების მიზანია, ჯამნრთელობის საკითხებზე, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

„დიდი საქმეები განახლდა: ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სოფლის ბიბლიოთეკებში და სკოლების ბიბლიოთეკებში, მათ შორის არაქართულენოვანი მოქალქეებით დასახლებულ რეგიონებში COVID 19 - თან და სხვა ინფექციებთან დაკავშირებით საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა" - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.  

„განსაკუთრებით დღეს, როცა პანდემიის ეპოქაში ვართ და არავინ იცის, რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ის. სლოგანიც თანდათან იცვლება, რომ უნდა ვიცხოვროთ და ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისადმი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისადმი, ბავშვებისადმი. გადაწყდა, რომ სოფლისა და ქალაქის ბიბლიოთეკებში ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ახალგაზრდა თაობისთვის. ჯანსაღი ცხოვრების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ზოგადად, ჯანმრთელობის შესახებ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.