ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის სტუმრებს საინტერესო გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
მუზეუმში, მუდმივი ექსპოზიციის პარალელურად, გამოფენილია XX საუკუნის დასაწყისში გამოცემული საბავშვო ლიტერატურა (წიგნები და ჟურნალები), რომლებიც ცნობილი ქართველი მხატვრების მიერაა ილუსტრირებული.
ცოტამ თუ იცის და კიდევ უფრო ცოტა ადამიანს თუ უნახავს ოსკარ შმერლინგის მიერ გაფორმებული საბავშვო წიგნი, ან ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, კირილე ზდანევიჩის, ირაკლი თოიძის, აპოლონ ქუთათელაძის, მერი მიქელაძე-ბაგრატიონის, სოსო გაბაშვილის, დავით ძნელაძის ილუსტრაციებით შემკული ულამაზესი გამოცემები.
გარდა ილუსტრაციებისა, გამოცემებს შორის არის ისეთი ეგზემპლარები, რომელთა მხატვრულ გაფორმებაში ცნობილმა მხატვრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ქართველ მხატვართა შემოქმედების ეს ნაკლებად ცნობილი ნაწილი ერთი მთლიანი კოლექციის სახით პირველადაა გამოფენილი ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში. თავად გამოცემები კი ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების კოლექციათაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.