საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
 01/12/2020

30 ნოემბერს გერმანიაში ქალაქ ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, ხოლო გერმანული მხირდან - ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ბარბარა შნაიდერ-კემფმა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების დასწრებაც იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენების გამო ეს ვერ მოხერხდა. მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკა გერმანელ კოლეგებთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.  

მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიბლიოთეკებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თვალსაზრისით თანამშრომლობას, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო შეხვედრების გამართვას, ბიბლიოგრაფიის დარგში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.

ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანიაში სხვადასხვა პერიოდში ემიგრირებულ ქართველთა არქივების მოძიებასა და დამუშავებას, გერმანიაში არსებული ქართული არქივების კვლევას. შესაბამისად, ამ მიმართულებით თანამშრომლობა გააქტიურდება.

ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონ ლევან იზორიასა და საელჩოს თანამშრომლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.