შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონის მოსწავლეებთან
 13/07/2021

13 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და მწერალი დათო ტურაშვილი ქვემო ქართლის რეგიონიდან ჩამოსულ მოსწავლეებს შეხვდნენ. ღონისძიება თბილისი იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში გაიმართა.  

„რთულია იმ კონტექსტებში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პერიოდულად გვკარნახობს, სხვა საქმეებზე ფიქრი, მაგრამ მაინც მტკიცედ მჯერა, რომ ეს სხვა საქმე ანუ განათლება არის მთავარი წამალი დაუსრულებელი უბედურებების. მეორე მხრივ, ამ წამლის საუკეთესო მიმწოდებლად მაინც ეს თაობა მიმაჩნია, ამიტომაც დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს შევხვდით - ისინი მარნეულიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან და გარდაბნიდან გვეწვივნენ", - ამბობს გიორგი კეკელიძე.

„თბილისი იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში წლის მანძილზე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა ღონისძიებათა ციკლი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს რეგიონებიდან მოსწავლეების მოწვევას და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საუბარს. 13 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოწვეულნი იყვნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქვემო ქართლის რაიონებიდან. ბევრი ღონისძიება გავაუქმეთ მიმდინარე ამბების გამო, მაგრამ ეს ღონისძიება არ გავაუქმეთ, რადგან ის შეიძლება იქცეს ძალიან კარგ პლატფორმად, რომ ამ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა და გავესაუბროთ იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი თანასწორობა, რატომ არის ცუდი ძალადობა", - ამბობს იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.