შვედეთის ქართველ კურსდამთავრებულთა საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას
 13/10/2021

13 ოქტომბერს, შვედეთში ქართველ კურსდამთავრებულთა ქსელის ხელმძღვანელმა, ნათია წიქარაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის მდგრადი განვითარების ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად ბუკლეტები და სამახსოვრო ბეჭდური მასალები გადმოგვცა. პროექტის მხარდამჭერია შვედეთის საელჩო და შვედეთის ინსტიტუტი, ხოლო განხორციელდა შვედეთის ქართველ კურსდამთავრებულთა ქსელის მიერ. ეს ქსელი 2015 წელს შეიქმნა და 200-მდე სტუდენტს აერთიანებს. ქსელი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის მოიაზრება მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. დღეს, აღნიშნულ ქსელის ხელმძღვანელთან ერთად, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებებიც განისაზღვრა. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში გაეროს მდგრადი განვითარების ბიბლიოთეკა შეიქმნა, რაც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წელს მიეძღვნა და გაეროს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიხსნება. ბიბლიოთეკა აღჭურვილია უახლესი ინვენტარით, ტექნიკითა და თანამედროვე ლიტერატურით. ჩვენი მკითხველები განვითარების 17 მიმართულების შესაძლებლობების შესახებ, უახლეს და სახალისო, თარგმნილ და უცხოურ ლიტერატურას გაეცნობიან. დიდი მადლობა გაეროს წარმომადგენლობასა და მარიამ გამეზარდაშველს, რომელიც განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიას წარმოადგენს. მომავალში, პროექტის ფარგლებში იგეგმება საგანმანათლებლო სემინარები მკითხველებისთვის.