„თანასწორობის კუთხეები“ გურიაში
 30/03/2021

29-31 მარტს ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის და ევროკავშირის მხარდაჭერით და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან თანამშრომლობით, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სკოლებში  „თანასწორობის კუთხეები" გახსნა. მან ასევე გამართა საჯარო ლექციები, სადაც გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. „თანასწორობის კუთხეებთან" ერთად ფოტოგამოფენა - „გოგონები მომავლიდან" (გამოფენის ავტორი დინა ოგანოვა) - გაიხსნა.

„თანასწორობის კუთხეების" გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. „თანასწორობის კუთხე" საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ.

„გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სკოლებში ახალგაზრდული ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ, რომელთაც სიმბოლური სახელწოდება - „თანასწორობის კუთხე" დავარქვით. ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის შესახებაც ვესაუბრე", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

„მოხარულები ვართ, რომ გურიის რეგიონში სამი „თანასწორობის კუთხე" გავხსენით. ახალგაზრდების ინფორმირება გენდერული თანასწორობის შესახებ, მათი ხელშეწყობა, რომ უკეთ გაითავისონ თავისუფლების და ტოლერანტობის იდეა, ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება პრიორიტეტად გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის. მიგვაჩნია, რომ სწორედ მოზარდების განვითარებაში ინვესტირებაზე გადის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ მიმავალი გზა", - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

გურიის სკოლებში „თანასწორობის კუთხეები" „სილქნეტისა" და გამომცემლობა „პალიტრა L"-ის პარტნიორობით გაიხსნა.

ფოტო გადაღებულია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ.