26 მაისს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საზღვრისპირა სოფლების მოსწავლეებს უმასპინძლა
 26/05/2021

26 მაისს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, თბილისის მუზეუმების გაერთიანებასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, მოსწავლეებისთვის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში თბილისს ესტუმრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განსაკუთრებით დაზარალებული საზღვრისპირა სოფლების მე-10-12 კლასის 50 მოსწავლე.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" არაერთი პროექტი მოზარდების წიგნიერებით დაინტერესებასა და შემეცნებას ემსახურება, თუმცა ყველაზე მეტი, რაც მათ შეგვიძლია მივცეთ, თავისუფლების განცდაა. ამიტომ, პარტნიორებთან ერთად, სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ჩვენს საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს, რომლებსაც უფრო ახლოდან გავაცანით ის ადამიანები და მოვლენები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა განაპირობეს", -  ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„ის, რომ თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია, ნიშნავს, რომ, გარკვეულწილად, ამ ტიტულს მთელი საქართველო იზიარებს. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები შესანიშნავი ბავშვების მასპინძლობა, სიმბოლურად 26 მაისს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ეს ტენდენცია, ძირითად პროგრამას, მთელი წელი დაერთვება", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს დამოუკიდებლობის დარბაზი და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის 1028 დღე". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში გამოცემული პრესა და წიგნები, იმ პერიოდში გამოქვეყნებული სამხედრო ბრძანებები, საგარეო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა. მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ წიგნის მუზეუმს და მოუსმინეს გიორგი კეკელიძის ლექციას დამოუკიდებლობის შესახებ.